LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკნე

125
აკნე (1)

აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც სებორეა, შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს. აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია გარდატეხის ასაკში. აკნეს დროს გამონაყარი უმთავრესად შუბლზე, საფეთქლებზე, ლოყებზე, ცხვირზე, ცხვირ-ტუჩის არეში, ნიკაპზე, გულმკერდსა და ზურგის ზედა ნაწილში ჩნდება.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა, ექიმი კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს დროს მიმართავენ კანის ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით, რომლებიც ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ჰორმონული დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონები. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი  ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.

ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეულით. მარილის შემცირებაც არ იქნება ურიგო.

ხელი არ ახლოთ გამონაყარს.  ამით კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.

დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი ცხიმიანი ან პრობლემური კანისთვის განკუთვნილი საპნით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.

გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები.

ერიდეთ მზის სხივებს.  ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები