“ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ის გაოგნებულია, რადგან გუშინ მოისმინა განცხადება, რომ სააკაშვილის 50-დღიანმა შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზიანა.
გიული ალასანიას თქმითვე, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავისუფლებაზე გამოიყვანონ, რადგან მისი თქმით, სხვა გამოსავალი არ არის:
“დათრგუნულია, არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს და ჩვენ, თქვენ, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიმოძრაოთ იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე თავისუფლებაზე გავიყვანოთ. სხვა გამოსავალი არ არის.
გაოგნებული ვარ, გუშინ ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება მოვისმინე – თურმე, ნუ იტყვი და, მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?
ჟურნალისტის კითხვაზე – თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, რა გზებს ხედავს ამისთვის თავად ალასანია – ის პასუხობს:
“მე არ ვიცი გზები, მე ვიცი, რომ საჭიროა მთელი საზოგადოების დაუყოვნებელი აქტიურობა. არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ერთი ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვეს მხარ-თეძოზე და ახლა უნდა დაისვენოს, ასეთი რამე არ გამიგია.” – თქვა ალასანიამ.
მან სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრის დროს ასევე განაცხადა, რომ “სიარული აშკარად უჭირს”.