შარლ მიშელისთვის მისი შეთანხმების თავზე გადახევის არ იყოს, დღეს კიდე ერთხელ ვაჩვენეთ, რომ უბრალოდ, ცივი წყალი შევასხით და ვაჩვენეთ, რომ არ გვესმის, რას გვეუბნებიან, საერთოდ არ გვესმის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება მზად არის, რომ პოლარიზაცია დაასრულოს და ეს 20 ივნისს გამართულ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ დაამტკიცა კიდეც.
„ჩვენი წინაპრები, ათეულობით მილიონი ქართველი რასაც შეეწირა, რომ ვყოფილიყავით დიდი ქრისტიანული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამას უარს ვეუბნებით. ვამბობთ, რომ გვირჩევნია ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის წინააღმდეგ და ამით გაახაროთ არა ჩვენი მეგობრები ევროპაში, არამედ რუსები. ალბათ, დღეს ყველაზე ბედნიერები იყვნენ ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა და სხვები, რომ ზუსტად ის ხალხია, არანაირი დასკვნის გამოტანა არ შეუძლია, მარტო ერთმანეთის საჯიჯგნად არიან მაგრებიო. დღეს განმიმტკიცდა ის აზრი, რაც სულ მაქვს, რომ ქართული საზოგადოება 10 ათასი თავით გვჯობია ყველას ერთად აღებულ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს. ქართულ საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან. ქართული საზოგადოება მზად არის, რომ პოლარიზაცია დაასრულოს, დაასრულა კიდეც 20 ივნისს. ათასნაირი ხალხი იქ, ყველა სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერი ან ისეთებიც იყვნენ, დასანახად რომ ვერ გვიტანენ პოლიტიკოსებს და პარტიებს, მაგრამ ყველა გვერდი-გვერდ იდგა“,- განაცხადა ელისაშვილმა.