გიორგი უშიკიშვილსა და მის მეუღლეს, ნანუკა კუპატაძეს, ახლახან მეორე ვაჟი შეეძინათ. პირველი 12 წლისაა, მეორე კი – ძალიან პატარა. მათე ახლახან მოინათლა. როგორც ცნობილი მომღერალი და ფოლკლორისტი გვეუბნება, ნათლობამ მხიარულად ჩაიარა. ერთ-ერთი მთავარი კი, რასაც საკუთარი შვილებისთვის ნატრობს, ისაა, რომ მათ თავიანთი საქმე კარგად აკეთონ, თუმცა თუ მათე იმღერებს და მუსიკალური მონაცემები ექნება, ეს მის მომღერალ მამას ძალიან გაახარებს.
გიორგი მაქსიმალურად არის ჩართული შვილების მოვლასა და აღზრდაში და მიიჩნევს, რომ მშობლების მოვალეობა შვილებთან ახლოს ყოფნაა…
გიორგი, ინტერვიუ დავიწყოთ სიახლით თქვენს სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც ახლახან დააარსეთ…
ეს არის ტრადიციული ხელოვნების სკოლა, რომელიც დავაარსეთ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად. აქ გვაქვს საბაკალავრო პროგრამა – ქართული ცეკვისა და სიმღერის. სკოლა კი იმისთვის დაფუძნდა, რომ ამ პროგრამისთვის მოვამზადოთ ბავშვები. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს ვასწავლოთ ქართული ცეკვა და სიმღერა. სწავლების განსაკუთრებული, სახალისო მეთოდი გვაქვს. მალე ვიწყებთ ონლაინ სწავლებასაც ემიგრანტი ბავშვებისთვის. გვინდა, ჩვენი ახალგაზრდები ვაზიაროთ ქართულ კულტურას. გვსურს, ბევრ ადამიანამდე მივიდეთ, მოყვარულთა ჯგუფიც დავაფუძნეთ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ 15 ადამიანზეა გათვლილი, ცეკვის კუთხით, თავისთავად, უფრო მეტზე. 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის გარკვეული თერაპიაა, განტვირთვაა…
შესაძლებელია, რომ ცოტა უფროს ასაკში ადამიანმა ისე ისწავლოს ქართული სიმღერა, რომ მსმენელი გააოცოს?
რა თქმა უნდა, მონაცემები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასაკში ეს შესაძლებელია და მქონია ასეთი შემთხვევები, ადამიანებს 40 წლის ასაკში დაუწყიათ სიმღერა და ძალიან წარმატებულად. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, ამ საქმეს სჭირდება კარგი სარეპეტიციო სივრცე, კარგი ინსტრუმენტები. ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება გაზაფხულზე.
სოციალურ ქსელში უამრავი შეთავაზება გვხვდება სხვადასხვა სტუდიისგან, ქართული სიმღერის შესწავლასთან დაკავშირებით. ამას როგორ უყურებთ, როგორც პროფესიონალი?

რა თქმა უნდა, ვერავის ვერაფერს აუკრძალავ, ყველას შეუძლია, იმუშაოს. ჩვენ ეს სკოლა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბავშვმა ისწავლოს ის, რაც უნდა ისწავლოს მაგალითად, 6-7 წლის ასაკში და მერე, თუ სურვილს გამოთქვამს, ამ მიმართულებით გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატში. სოციალური ქსელის საშუალებით შეგვიძლია შევიხედოთ სხვადასხვა საბავშვო სტუდიის სარეპეტიციოში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, ისეთ ვიდეოებს ვნახულობ. ეს მხოლოდ სიმღერის სწავლებას არ უკავშირდება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ხმებში აზროვნების სწავლება, ასაკზე მორგებული რეპერტუარი… ხშირად არის შემთხვევა, როცა მხოლოდ პირველი და მეორე ხმა იციან… პედაგოგმა თავისი მიმსგავსებული მომღერალი კი არ უნდა გაზარდოს, მან უნდა ასწავლოს ხერხები, როგორ უნდა იმღეროს კარგად. დააყენებენ 20 ბავშვს და ყველას ერთნაირად ამღერებენ. სიმღერისას თავისუფლების შეგრძნება მნიშვნელოვანია, სხვანაირად ბავშვი ნიჭს ვერ გამოავლენს, მისთვის მოსაწყენიც არის, რომ ვიღაცას უნდა მიბაძოს. მნიშვნელოვანია თამაშის ჩართვა სწავლებისას. ხშირად ვხედავ, რომ პედაგოგი ასწავლის ბავშვებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ თავად მან იცოდეს კარგი სიმღერა. მშობლებს ვურჩევდი, დაუკვირდნენ, სად მიჰყავთ შვილები. ეს ხომ გასართობი არ არის. ადამიანს უყალიბებ გემოვნებას. როცა ხალხურ სიმღერაზე დადიხარ და სწავლობ მრავალხმიანობას, მერე შეგიძლია მოუსმინო კლასიკასაც, კარგ პოპმუსიკასაც და ა.შ.
გიორგი, თქვენ კახეთში ფლობთ სასტუმროს, ისევ ფუნქციონირებს?
სამწუხაროდ, არსებული მდგომარეობის გამო დაკეტილია. შარშანდელი წელი 70%-იანი ვარდნა გვქონდა, ევროპელი ტურისტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით არსებული კანონის გამო, არც კონფერენციები გვქონდა. ქართველი დამსვენებელიც ვეღარ არის ისეთი ხელგაშლილი, როგორიც ადრე იყო. კახეთში ახლა უფრო მეტი მიწოდებაა, ვიდრე საჭიროა. პატარა სასტუმროები ამან, ფაქტობრივად, დახურვის პირას მიგვიყვანა.
ალბათ, გული გწყდებათ…
ამდენი წელი ვიშრომე, ფაქტობრივად, ჩემი ხელით გავაკეთე დიზაინიც და არქიტექტურაც, შევეცადე, ყოფილიყო ავთენტიკური გარემო, მემასპინძლა უცხოელი ტურისტებისთვის და ქართული კულტურაც გამეცნო მათთვის…
გიორგი, უფრო სასიამოვნო ამბებზე ვისაუბროთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. შეგეძინათ ვაჟი, მათე, რომელიც ახლახან მოინათლა. ნათლობამ როგორ ჩაიარა?
უფრო ადრე მოვნათლეთ, ვიდრე ფოტო დავდე, ვერ მოვახერხე მანამდე… ეს ფოტო ჩემმა მეუღლემ რომ ჩამიგდო, ძალიან მომეწონა. ნათლისღებაზე მოვნათლეთ მათე, ძალიან ვიწრო წრეში, სულ 10 კაცი ვიყავით. თოვლიანი დღე იყო, ძალიან კარგი გარემო იყო… ნათლობა მოკრძალებულად აღვნიშნეთ, ტრადიციების დაცვით, შეზღუდული რაოდენობით ნათლიების, როგორც წესია… ვისაც იცნობთ ნათლიებიდან, არის კოკო როინიშვილი, ჩვენი ახლობელი ოჯახის წარმომადგენელია, გიას და თამრიკოს შვილს გვინდოდა, მოენათლა ჩვენი შვილი. ნათლობამ მხიარულად ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მხიარული ბიჭი რომ გაიზრდება, შეძლებს სიმღერას.
მამას აქვს ეს მოთხოვნა?
მისთვის უკეთესია, რომ იმღეროს, ალბათ, ხშირად დაუსვამენ კითხვას, მამასავით მღერიო? და ალბათ, თვითონ უკეთესად იგრძნობს თავს, თუ სიმღერა ეცოდინება (იღიმის), თორემ მოთხოვნა ნამდვილად არ მაქვს შვილების მიმართ, მათ ის უნდა აირჩიონ, რაც ნამდვილად მოსწონთ. ზოგიერთი რომ ქმნის დინასტიებს, შვილები ნაკლებად ნიჭიერები არიან და მაინც იბარებენ მამის საქმეებს, მერე კი სხვები, უფრო ნიჭიერები, იჩრდილებიან მათ გამო, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. თუ სხვისი შვილი უკეთესად მღერის, ჩემი შვილი მასზე წინ რატომ უნდა იყოს? რაც ადამიანს კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, მისი მამა და დედა ვინ არიან, ის უნდა აკეთოს. მშობლებიც იმით უნდა იყვნენ ბედნიერები, რომ მათი შვილი აკეთებს იმას, რაც კარგად გამოსდის. კულტურაში ეს უფრო მეტად არის – რაღაცას რომ ხელმძღვანელობ 30 წელი, გინდა, რომ შვილმა ჩაგანაცვლოს, ამ დროს შეიძლება, შენი შვილი ნაკლებად ნიჭიერია. ეს უსამართლობის განცდას ქმნის. თუ გვინდა, ვიფიქროთ ქვეყნისა და კულტურის განვითარებაზე, ნიჭიერმა ადამიანებმა უნდა ჩაიბარონ სფეროები და არა მათ, ვინც ნაკლებად იცის ის საქმე. დარწმუნებული ვარ, მე ამას არც ერთ შემთხვევაში არ გავაკეთებ.

ჩემი პირველი შვილი, რომელიც 12 წლისაა, არ მღერის ისე… მასზე ბევრად ნიჭიერი მოსწავლეები მყავს, იმის გამო, რომ ჩემი შვილია, სოლისტად უნდა დავაყენო?!.. ამას არასდროს ვიზამ…
მათე გარეგნულად ვის ჰგავს?
ქერა და ცისფერთვალება როა?! (იცინის). სხვათა შორის, სულ მიწევს ახსნა. რომ მხედავენ, შავგვრემანი ვარ, შავი ფერის თვალებით, ამ კითხვას მისვამენ. ტელეფონში ბებიაჩემი სონას ფოტოც კი მაქვს დასადასტურებლად. უშიკიშვილები, ზოგადად, ასეთები არიან, მამაც, ბიძებიც ღია ფერის თვალებით არიან, პაპაჩემსაც – ღია ფერის თვალები ჰქონდა. მე უფრო დედაჩემისკენ ვარ. მათეს უშიკიშვილების გენი აქვს. ჩვენი ძირი გვარი არის სისაური, ხომ იცით, მთაში არიან ქერები და ცისფერთვალებები. მათეც აქეთკენ წავიდა…
როგორც მამა, როგორ ხართ ჩართული მის მოვლაში?
აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული. საჭმელსაც მე ვყიდულობ, საფენებსაც, ექიმებთანაც მე დამყავს. ყველა ეტაპზე ვარ ჩართული. არა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არ აკეთებს ამას, უბრალოდ, მე მსიამოვნებს. დილის რვა საათზე ვდგები, რომ საბა წავიყვანო სკოლაში. მეგობრები მეკითხებიან, არ დაიღალეო? მაგრამ ამ დროს ვიტოვებ, რომ სკოლაში წავიყვანო, ვესაუბრო გზაში… შევდივარ და ვამოწმებ მის ნიშნებს, სახლში განვიხილავთ, თუ დაბალი ქულა მიიღო…

მეუღლე როგორი კმაყოფილია ამ ყველაფრით?
არ ვიცი, არ მიკითხავს, ალბათ, კმაყოფილია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს აქამდე (იცინის).
ძალიან მომხიბვლელი მეუღლე გყავთ. ორი შვილის მოვლა-პატრონობა და ყოფითი საკითხების გადაჭრა დიდ დროს მოითხოვს, გარდა ამისა, ძალიან დაკავებული ხართ თქვენი საქმით. გრჩებათ მეუღლესთან ერთად რომანტიკული საღამოების დრო?
ახლა უკვე აღარ რჩება ეს დრო. მათე ბუნებრივ კვებაზეა და მუდმივად დედაზეა დამოკიდებული. სანამ ბავშვი წამოიზრდება, რომ ვიღაცას დაუტოვო, ასე იქნება… ეს არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვაწუხებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. რაც უნდა მაგრად ვიმღერო, თუ პროექტები გავაკეთო, იმაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებ, რომ შვილები მყავდეს, კარგი მოქალაქეები და კარგი ქართველები. ამაში უნდა დავხარჯოთ ყველაზე მეტი ენერგია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ არ მიყვარს სხვის ხარჯზე გაზრდილი შვილები. თუ განსაკუთრებულად არ სჭირდება ადამიანს, თუ საშუალებაა, რომ არ აიყვანო, ძიძაზეც თავი უნდა შეიკავო… 4-5 წლამდე მაინც დედა მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ბავშვთან. ეს არავის ეწყინოს, ზოგს არა აქვს საშუალება, რომ სხვანაირად გაზარდოს ბავშვი. მე ვამბობ იმ შემთხვევებზე, როცა ეს შესაძლებელია.

პირადი ბედნიერება გაქვთ, საქმეც, რა დაგრჩათ სანატრელი?
ვნატრობ წინსვლას ჩვენი ქვეყნისთვის. რაც ჩვენ რეალურად გვაკლია დღეს, ეს ერთმანეთის მიმართ სიყვარული, სოლიდარულობა, სამართლიანობაა… ძალიან რთულია, ყოველთვის სამართლიანი იყო, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადო, ისეთი რამაა, რაც დღეს ან ხვალ აუცილებლად დაგიბრუნდება უკან. ერთიანობა, თანადგომა, ეს ძალიან გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ჩვენი ტრადიციებით… რუსული პროპაგანდა, რომ ვიღაცა ქართველობას გვართმევს, აბსოლუტური სისულელეა… ერთმანეთის სიყვარული და დასავლეთთან ინტეგრაცია არის ის, რაც ქვეყანას გადაარჩენს.
