LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბომზე საუკეთესო ადამიანებმა იმუშავეს“ – ნუცა თოფურიას ცხოვრების მთავარი სიმღერა და ახალი დუეტები უახლოეს მეგობრებთან

1402
ნუცა-თოფურია

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნუცა თოფურია სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ და თეატრალურ კარიერაზე ისაუბრა. გადაცემაში ნოდარიკო ხუციშვილთან დუეტის – „შენ ხარ ჩემი დედოფალი“ და გიორგი ცხადაძესთან დუეტის „შენზე ფიქრებს ბედავს გული“ პრემიერა შედგა.

ნუცა, ვისაუბროთ შენს მუსიკალურ ალბომზე.

ჩემს ალბომზე კოვიდის პერიოდში ვმუშაობდი და იმ პერიოდმა ძალიან შეგვიშალა ხელი, რადგან ალბომი ბევრად უფრო ადრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი დასასრული ჰქონდა. ალბომზე საუკეთესო ადამიანებმა იმუშავეს. ალბომზე იმუშავა „ბრავო რექორდსმა“, მუსიკალური პროდიუსერი იყო მარინა ბერიძე და ვიმუშავე ჯგუფ „ნიუტონთან“ ერთად.

ალბომში შევიდა 10 სიმღერა, 10-დან 9 ქავერი არის. გვინდოდა ძველი ქართული სიმღერები, რომლებიც ყველას ყურში გვაქვს, მაგრამ ხშირად არ ვუსმენთ. გვინდოდა, რომ მსმენელისთვის ეს სიმღერები გაგვეხსენებინა. ასევე, გვინდოდა, რომ ყოფილიყო უცხოური სიმღერებიც და არის ერთი ფრანგული და ერთი ინგლისური ნამუშევარი. არის ერთი სრულიად ახალი სიმღერაც – „ერთხელ“, რომელიც ნატო თოთიბაძემ დამიწერა.

რაც შეეხება დუეტებს, რომლებიც დღეს უნდა დაპრემიერდეს, ისინი შესრულდა ჩემს სოლო კონცერტზე, რომელიც „მარჯანიშვილის თეატრში“ გაიმართა.

მოგვიყევი ნოდარიკო ხუციშვილთან დუეტზე – „შენ ხარ ჩემი დედოფალი“. რატომ ეს ნამუშევარი და რატომ დუეტი ნოდარიკო ხუციშვილთან?

რატომ ნოდარიკო ხუციშვილი?! იმიტომ, რომ ჩემთვის გამორჩეული მეგობარია. ჩვენ „მხოლოდ ქართულში“ ვიყავით ერთად და ის იყო ყველაზე დიდი კონკურსანტი, მე კი – ყველაზე პატარა. მახსოვს, ნოდარიკო პირველივე რამდენიმე დღეში როგორ შემიყვარდა. სულ ვხუმრობდით, რომ მამობრივი ინსტინქტი ჰქონდა ჩემს მიმართ. შესაბამისად, მერე, როდესაც სოლო კონცერტი მქონდა და ვარჩევდი, ვისთან ერთად მემღერა დუეტი, ერთ-ერთი აუცილებლად იყო ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ის უნდა ყოფილიყო ჩემს სოლო კონცერტზე, სხვანაირად გამორიცხული იყო. მერე, უკვე რომ ვფიქრობდი, ამ ადამიანებთან რა სიმღერებს გავაკეთებდი, ვთქვით, რომ ჯობია, ისეთი დუეტები გავაკეთოთ, მათი ჰიტები რაც არისო. გვინდოდა, ძალიან შორს არ წავსულიყავით, იქვე გვეტრიალა და გადავწყვიტეთ, ის სიმღერა, რომელიც ნოდარიკოს ძალიან, ძალიან უხდება და ჩემთვის გამორჩეულად ასრულებს, გაგვეკეთებინა ჩემთან ერთად, დუეტში. ნოდარიკო არაჩვეულებრივად მღერის ამ სიმღერას, თავისი ვერსია აქვს გაკეთებული. 

ნუცა თოფურია & ნოდარიკო ხუციშვილი„შენ ხარ ჩემი დედოფალი“

როგორ შეიქმნა დუეტი „შენზე ფიქრებს ბედავს გული“, რომელზეც გიორგი ცხადაძესთან ერთად იმუშავე?

ცხადოც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით, გამორიცხული იყო, რადგან განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ იმ დღეს ჩემს გვერდით.

სხვათა შორის, ამ სიმღერას არც ცხადო მღეროდა მანამდე და არც მე, უბრალოდ, ბიჭებსაც და მარინასაც ერთდროულად მოუვიდათ იდეა, ხომ არ გაგვეკეთებინაო. „ნიუტონმა“ არაჩვეულებრივი ახალი ვერსია გაგვიკეთა. ყველას ძალიან, ძალიან გვიყვარს ეს სიმღერა.

მგონია, რომ ძალიან თბილი და კარგი დუეტები გამოვიდა.

ნუცა თოფურია & გიორგი ცხადაძე – „შენზე ფიქრებს ბედავს გული“

კონცერტების გარდა, გაქვს სპექტაკლებიც, მოგვიყევი შენს თეატრალურ კარიერაზე.

ბოლო ორი წელი, მსახიობი უფრო ვიყავი, ვიდრე მომღერალი, ჩემი მთავარი პროფესია რაც არის და ახალ რაღაცებზე ისე აქტიურად არ მიმუშავია, როგორც საჭირო იყო. შესაბამისად, „ახმეტელის თეატრი“ ჩემი მეორე სახლი გახდა. უკვე სამი სპექტაკლი მაქვს „ახმეტელში“, თან სამივეში მთავარი როლით და მთელი ამბით ვარ და სულ ვამბობ, თეატრში რაღაცნაირად გამათამამეს-მეთქი. ძალიან მოწამლული ვარ, ძალიან მიყვარს და იმდენად მიხარია…

თებერვალში საკმაოდ დატვირთული თვე გვაქვს. „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ 5 სპექტაკლზე ნაკლები არცერთ თვეში არ არის, თუ მეტი არა, რადგან უდიდესი მოთხოვნაა. უზომოდ მიხარია. სხვა სპექტაკლებიც, „ხანუმა“, „მერი პოპინსი“ საკმაოდ ხშირად გვაქვს.

როგორია გაბრაზებული ნუცა თოფურია?

ნუცა თოფურია გაბრაზებული არის ძალიან იშვიათად. მგონია, რომ რაღაც მაქვს ჩართული ტვინში, რომ დიდხანს არ შევიწუხო თავი უარყოფითი გრძნობებით და ძალიან მალე დავივიწყო. მაგალითად, გუშინ ჩემს მეგობრებზე გავბრაზდი, სერიოზულად გაბრაზებული ვიყავი ოღონდ, მაგრამ 2-3 საათში დავურეკე და ჩვეულებრივად ველაპარაკე. მერე, უცებ გამახსენდა, რომ გაბრაზებული ვიყავი.

შენს მიერ შესრულებული სიმღერებიდან, რომელია შენი ცხოვრების სიმღერა?

ალბათ, არც სჭირდება ამას დაფიქრება, ეს არის გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“.

როგორია სამომავლო გეგმები?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალ, ძალიან მაგარ რაღაცაზე ვმუშაობ, უბრალოდ, ხომ იცით, წინასწარ რომ არ გინდა თქმა… მუსიკასთან არის დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g