„ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, აშკარად უყვარს საქართველო, როცა ჩამოვა საქართველოში, ხარი უნდა დავუკლა. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ ის ლობისტია, ეს ამერიკაში ლეგალური საქმიანობაა და არ არის შეურაცხმყოფელი“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„არ ვიცი ვის ლობირებს, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ის პატივს სცემს საქართველოს და მისთვის სულერთი არ არის თუ რა მოხდება საქართველოში. ამ მოღალატე ხელისუფლებას არავინ უნდა აღიარებდეს.
მჯერა, რომ ტრამპი ჩვენთვის მოიცლის, ისეთ საქმეებსაა შეჭიდებული, რომ ჩვენთვის ვერ მოიცალა. მთავარია აქ იყოს წინააღმდეგობა, ბრძოლა და მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან იქნება. ჯო უილსონი კი ნამდვილი მეგობარია და გულზე რომ სკდებიან „ქართულ ოცნებაში“, ესეც ძალიან კარგია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის მიერ წარდგენილი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღეს. „კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, – წერს ჯო უილსონი.