LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს

178
ალეკო ელისაშვილი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ, წუხელვე დატოვა.

„ჩვენთან იყო, გუშინ საღამოს გაეწია ამბულატორიული მომსახურება და გუშინვე გაეწერა“,- განაცხადეს „ვივამედში“.

„ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის, მათ ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„გუშინ დატოვა „ვივამედი“ და გადაიყვანეს ისევ დუშეთის იზოლატორში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას არ გვაწვდის. კლინიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა დროს მოითხოვს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, როდესაც გადმოიყვანენ თბილისში, ვინაიდან დღეს პროცესი მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გამომძიებლისგან ზარს ველოდები, სხდომა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინიშნოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიარდ მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, კლინიკა „ვივამედში“.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო, მითხრა: შენ გეუბნები, შენი დედაო, უცბად დამარტყა“ – რას ჰყვება ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ელისაშვილი სწორედ ბაბაევზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზეა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g