მიგვიფურთხებია მაგ კომისიისთვის, ჩვენი კოალიციის ლიდერები იყვნენ პირველები, რომლებმაც უარი თქვეს მაგ კომისიაში მისვლაზე და სილა გააწნეს – წულუკიანის თამადობით, კომისიის წევრებს სამშობლოს ღალატისთვის გავამწესებთ, სადაც საჭიროა – ციხეში, – ამის შესახებ „მოქალაქეები – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია, სახელმწიფო ღალატის კომისიაა.
„საქმეს გვიიოლებენ. ხელისუფლებას რომ შევცვლით, პირდაპირ კომისიის საქმეებს ავიღებთ და მათზე დაყრდნობით წულუკიანის თამადობით, კომისიის წევრებს გავამწესებთ სადაც საჭიროა – სამშობლოს ღალატისთვის, ციხეში. რასაც სჩადიან ქართული არმიის, ვეტერანებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. რუსებისთვის კუდის ქიცინი და რუსული საქმის კეთება ხდება, მეტს არაფერს აკეთებენ. ისეთ საქმეებს ქექავენ, საიდანაც დიდი სიმყრალე მოდის და უკან უტრიალდებათ. კომისიაში 5 კაცია და 2 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ერთ შს მინისტრის მოადგილე იყო, მეორე სომხეთში საქართველოს ელჩი. მახსოვს, შარმანაშვილი როგორ უძვრებოდა სააკაშვილს, მისი ლაქუცა იყო. როდესაც სააკაშვილს კონსტიტუცია მოარგეს, მაგ კომისიაში იყო შარმანაშვილი. რომელ „ნაციონალებს“ ებრძვიან, გამოტენილები არიან „ნაციონალებით“. თავის სიმყრალეში არიან აზელილები. მიზანი კი რთული სახელმწიფოს დაზიანებაა, უნდათ, რომ ომის დაწყება დააბრალონ, თქვან, რომ – „ანწუხელიძე გმირი არ არის“ და თახსირმა კობახიძემ პირდაპირ თქვა – „ანწუხელიძისნაირი გმირები არ გვჭირდებაო“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ისე ღრმად „შეტოპა, რომ ნებისმიერი კომპრომისული ნაბიჯი, მათი დაფშვნის წინაპირობა“ იქნება.
„თუ აპირებენ, რომ დამიბარონ, იცოდნენ, რომ ერთი თეთრის გადამხდელი არ ვარ, მოღალატეები არიან. მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს, უმსგავსო სოზარს, დეგრადირებულ ადამიანს. კარგი მაწონი რატომ უნდა მივუტანო? მჟავე მაწონი და გამხმარი “ბულკები” უნდა მივუტანო, რომ მერე ღრღნან. როგორ დეგრადირდა სოზარ სუბარი, გათახსირდა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა – იმას ებრძვის, თავის წარსულს ებრძვის, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან. ისე ღრმად შეტოპეს, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისული ნაბიჯი, მათი დაფშვნის წინაპირობაა, მათ თავიანთი თავი ამ სიტუაციაში თავად შეიყვანეს, მაგრამ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა მოუწვეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებისა და ამ უწყების ფუნქციების გენერალური პროკურატურისთვის გადაცემის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იყო, სწორ ნაბიჯებს დგამდა“.
„თავის დროზე ძალიან სწორი იყო და დიდი რესურსი გამოიყო, ამ უწყების შესაქმნელად, რომ ეს თავის ტკივილი პროკურატურას მოშორებოდა. როდესაც ევროკავშირის გზაზე ვიყავით, სწორ რაღაცებს ვაკეთებდით.ამ უწყებას ევალებოდა, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გამოეძიებინა, თუმცა ისეთ ჩიხში შეიყვანეს თავი, რომ 1 პოლიციელიც რომ დასაჯონ, ყველაფერი თავზე ჩამოეფშვნებათ. უცხოეთში, სადაც ჩაესვლებათ, რომ ჩადიან, ეკითხებიან – „რატომ არ არის 1 პოლიციელი მაინც დასჯილი, როცა სპეციალური უწყება არსებობს?“. თან კაციტაძე ბრიტანეთმა დაასანქცირა, უხელფასოდ, უბარათოდ და უვიზოდ დარჩა, ამიტომ ასეთი გაგორებული ფალავანი არ უნდოდათ და არც ყეყეჩურ პოზიციაში ყოფნა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ასევე, ალეკო ელისაშვილი დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადასვლასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დაზვერვის სამსახური იყო უწყება, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰონდა და საგარეო ფრონტზე რუსების მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობებს აკავებდა.
„ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ, დაზვერვის სამსახური მეტ-ნაკლებად ნორმალურად ფუნქციონირებდა, კარგი ანალიტიკოსები ჰყავდათ. როგორ შეიძლება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრი ამ უწყებას ელეოდეს? ეს უწყება იყო რუსეთის შეკავებისთვის, რომ რუსების მხრიდან საგარეო ფრონტზე საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობების შეკავება ყოფილიყო, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების კუთხითაც აქტიურად მუშაობდნენ, როცა ამ თემით მოვაჭრე ქვეყნებს ჩაავლო. რუსეთის დირექტივა იქნება – „მოაშორეთ ეს დაზვერვა, ნუ გვებლანდებიან ფეხებში“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა კითხვას, ოპოზიციური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მონაწილეობით პაატა ბურჭულაძესთან მიმდინარე კონსულტაციების და მათი იდეის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, სატელეფონო სისტემის საშუალებით ჩატარდეს მოქალაქეების გამოკითხვა, სადაც ამომრჩევლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეეძლებათ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრირებულ არჩევნებს არ ენდობიან და ბოიკოტს უცხადებენ.
„პაატა ბურჭულაძეს მეც შევხვდი, უნდა ჩატარდეს პლებისციტი და არა რეფერენდუმი, რომ გავიგოთ სურს თუ არა მოსახლეობას ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამას „ქართული ოცნება“ უნდა გვთავაზობდეს. იდეებია, რომლებიც მაგიდაზე დევს. მაგრამ მე ეს ფორმატობანა არ მომწონს, არ მგონია, რომ ბურჭულაძეს ზურაბიშვილთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს, ან პირიქით. ამდენი პლატფორმა რა საჭიროა, არ ვიცი, მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკოსების შეკრება და რომელსაც საქართველოს ფარგლებს მიღმა, უცხოელებთან სახელი აქვს. სამწუხაროდ, ერთობა ასეთ კრიტიკულ დროსაც გვიჭირს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.