დე-ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის გამო რუსეთშია ჰოსპიტალიზებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე. ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრ ანქვაბი 2021 წლის 8 იანვარს რუსეთის ფედერალურ სასწავლო-კლინიკურ ცენტრში (ФМБА) კორონავირუსის ინფექციით, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნებით მოათავსეს.
”მას სელექციური პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების შემდეგ, კვლავ დაიწყო სუნთქვის უკმარისობის გამწვავება. 17 იანვარს საბჭომ, რომელიც რუსეთის ფედერალური სამედიცინო და ბიოლოგიური სააგენტოს სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებისგან შედგებოდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ალექსანდრ ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიეერთებინათ”.- აღნიშნულია, პრესცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდგინდა. ის მკურნალობას საკუთარ სახლში გადიოდა. 4 იანვრიდან კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
