ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენაზე, რომელიც 22 სექტემბერს გაიხსნება, წარმოდგენილი იქნება მხატვრის უნიკალური ნამუშევრები “ტრიპტიხი”, რომლებიც საქართველოში ევროპიდან ATINATI-ს ხელშეწყობით სულ ახლახან დაბრუნდა.
ფერწერული ტილოების გარდა, ასევე გამოიფინება მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.
ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკონფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე დაიბადა 1927 წლის 27 თებერვალს ტულუნიში, რუსეთში, სადაც მისი ოჯახი 1920-იანი წლების რეპრესიების დროს გადაასახლეს და საქართველოში მხოლოდ 1932 წელს დაბრუნდა.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1978–1988 წლებში მან შექმნა ფრესკები ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დიდუბის რაიონში (თბილისი). ალექსანდრე ბანძელაძე ერთ -ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც შემოიტანა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი საქართველოში და გავლენა მოახდინა ქართველ ხელოვანთა შემდეგ თაობაზე.
.
