ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ტკბილი სასმლის, ალკოჰოლისა და თამბაქოს 50%-ით გაძვირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ reuters-ი ავრცელებს.
ჯანმო ქვეყნებისგან მავნე საკვებსა და სასმელზე ფასების მკვეთრ ზრდას ითხოვს. ორგანიზაციის მიზანია, შეამციროს ქრონიკული დაავადებების გამომწვევი პროდუქტების მოხმარება და გააძლიეროს სახელმწიფოების ფინანსური მდგრადობა.
ამ პროდუქტებზე მაღალი გადასახადები ხელს შეუწყობს მათი მოხმარების შემცირებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს დიაბეტის, ზოგიერთი ტიპის კიბოსა და სხვა დაავადებების რისკს. ამავდროულად, ქვეყნები შეძლებენ დამატებითი შემოსავლების მიღებას იმ დროს, როცა გლობალური დახმარება ნაკლებია და საჯარო ვალი იზრდება.
ახალი ინიციატივა სევილიაში ჩატარებულ გაეროს ფინანსური განვითარების კონფერენციაზე გაჟღერდა. ჯანმო ვარაუდობს, რომ გაზრდილი ფასები ქვეყნებს 2035 წლამდე 1 ტრილიონ დოლარზე მეტს მოუტანს.
„ჯანმრთელობის გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია,“ – აღნიშნა ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჯერემი ფარარმა. „მოვიდა მოქმედების დრო.“
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წლების განმავლობაში ითხოვდა თამბაქოს ფასის ზრდას, ხოლო ბოლო წლებში ალკოჰოლსა და ტკბილ სასმელზეც მსგავსი ზომების საჭიროებაზე ალაპარაკდა. თუმცა, კონკრეტული გეგმა პირველად ახლა წარადგინა– ფასების მინიმუმ 50%-ით გაზრდა სამივე პროდუქტის შემთხვევაში.