LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ცილისმწამებლური განცხადების მიზანი პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა: პროკურატურა ხოშტარიას განცხადებაზე

97
პროკურატურა

გენერალური პროკურატურა პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

„სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია“ – ელენე ხოშტარია ასახელებს პროკურორების ვინაობას, ვის დასანქცირებასაც ითხოვს

უწყებაში ხოშტარიას განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანი პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა: 

“გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომლის მიზანიც პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს.

ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარკამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას.

ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც ამ ყალბი საინფორმაციო ხაზის გაგრძელების მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა.

მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.

საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, თითოეული მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შესაბამისი პასუხი გაეცემა, მათ შორის, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი მიმართვის გზით”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ელენე ხოშტარიამ განაცხადა,რომ საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

ხოშტარიამ ის პროკურორები ჩამოთვალა, ვინც მისი განცხადებით, ოლიგარქიის საყრდენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g