დღეს მზის დაბნელებაა, ასევე ახალმთვარეობა და ჩინური ახალი წელი. 17 თებერვალს, დღის ოთხ საათზე ნამდვილი 2026 წელი შემოდის, ცეცხლოვანი ცხენის წელი, თუმცა მისი შემოსვლა საკმაოდ რთულ ასტროლოგიურ ფაზას უკავშირდება, როგორიც მზის დაბნელებაა. ჯანმრთელობის პრობლემები, თავბრუსხვევა, მაღალი წნევა – საკმაოდ ბევრი ადამიანის ჩივილია ბოლო დღეების განმავლობაში. ამას ასტროლოგიურად თავისი მიზეზები აქვს. fortuna.ge-ს ესაუბრება სოფია ბზეკალავა და აფრთხილებს იმ ნიშნებს, ვისთვისაც დაბნელება განსაკუთრებულად რთული იქნება.
სოფია, 17 თებერვლის წინა პერიოდი ჯანმრთელობის ჩივილებით გამოირჩეოდა… რატომ გამოიწვია ამდენი ჩივილი ფიზიკური პრობლემების შესახებ?
მეც ბევრი მწერს ამის შესახებ… იმიტომ, რომ მზე და მთვარე არიან მნათობები და შეესაბამებიან ადამიანის ფიზიკურ სხეულს, განსაკუთრებით, მზე, რომელიც არის ცნობიერი ნაწილი, ჩვენი ვიტალური, ანუ სასიცოცხლო ენერგია. ახლა არის სრული დაბნელება, ძალიან რეზონანსული. ბევრ ადამიანს აქვს ჩივილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ დაბნელება არ გახლავთ – სატურნი ვერძში გადავიდა და ორი წელი ყველამ უნდა მიხედოს ჯანმრთელობას. ვისაც აწუხებს გულსისხლძარღვთა სისტემა, ფარისებრი, კუჭ-ნაწლავის სისტემა, 3 მარტის ჩათვლით ამ მიმართულებით უნდა მოუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ხოლო შემდეგი 2 წელი, ემოციების კუთხით, რადგან ემოციები იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.
ამ დაბნელებისას კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებს აქვს მნიშვნელობა, თუ ყველასთვისაა ეს გაფრთხილება?
როგორ არა აქვს. განსაკუთრებულად ეს დაბნელება შეეხებათ მერწყულებს, მორიელებს, კუროებსა და ლომებს, თუ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მათ ეხებათ ყველაზე მეტად.

ვინმესთვის იქნება ცოტა სასიკეთო?
ბევრისთვის, რადგან ეს პერიოდი ახალ ეტაპს იწყებს. შეგიძლიათ, დღევანდელი დღიდან გუნდური პროექტების მომზადება დაიწყოთ, ასევე წარმატებული იქნება ონლაინ პროექტები.
როცა ასეთი რთული პერიოდია, რაში ხედავთ გამოსავალს ასტროლოგები?
ადამიანებს ვურჩევ, მაქსიმალურად დაისვენონ. პასიურ რეჟიმში იყვნენ და თავი არ გადაიწვან, თუ ეს შესაძლებელია და თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ ამ დღეებს ემოციურად არ უნდა მოეკიდონ. ახალი მთვარეა და ყველას აქვს ენერგიის ნაკლებობა, თავის გადაწვა არ არის კარგი.
სოციალურ ქსელებში ბევრი რჩევა და გაფრთხილება ვრცელდება 17 თებერვალთან დაკავშირებით, მაგალითად, ის, რომ თავის დაბანა არ შეიძლება. ამაზე რას იტყვი?
ეს არის სრული ბოდვა და ფანატიზმი. რა სისულელეა… პირიქით, ძალიან კარგია წყლის გადავლება, ენერგეტიკულად რაღაც შეგიძლია გაატანო. ამ დღის მთავარი რიტუალი არის კონცენტრაცია მიზნებზე. რასაც სთხოვ სამყაროს, ის შესრულდება, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს…
