„ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია, ასევე, ამ დრომდე ადგილზე სპეციალისტები რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან:
„მიმდინარე წლის 6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.
პირველადი შეფასებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა. წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდ. დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ მდ. დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში მოხდა მდ. თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდ. თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.
ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.
ინფორმაციისათვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ…
Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024
დევდორაკის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს:
„ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შემოვიდა.
შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავარ სლაიდზე – ფოტო არქივიდან