LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპზე არ მაქვს ჩატარებული არანაირი პროცედურა, თუ სურვილი მექნება, შესაძლოა, ბოტოქსიც კი გავიკეთო“ – კოტე მათიაშვილი

225
page

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარი გახლდათ პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაიშვილი, რომელმაც კოსმეტიკური პროცედურების შესახებ ისაუბრა.

რომელ ესთეტიკურ პროცედურებს მიმართავენ ქალბატონები?

ყველაზე ხშირი პროცედურები ეს არის ბოტოქსი, ბოტულინოთერაპია ნომერ პირველია, შემდეგ არის სახის კანის მოვლის პროცედურებიდან ბიორევიტალიზაცია, შემავსებლები, განსაკუთრებით პოპულარულია ტუჩის კორექცია. ყოველთვის მნიშვნელოვანია იყოს ჯანსაღი შედეგი და მინიმალური ჩარევა.

რადგან ადამიანებს ხშირად უწევთ პირბადის გამოყენება პანდემიიდან გამომდინარე, ქალბატონებში ხშირი იყო დერმატოლოგიური გართულებები. ეს როგორ აისახა კოსმეტიკური პროცედურების მოხმარების სიხშირეზე?

პირბადის ტარებამ საზოგადოების ნაწილში გამოიწვია კონტაქტური დერმატიტები, რაც გამოწვეულია მექანიკური კანის დაზიანებით, ის საჭიროებს შესაბამის მკურნალობას. რადგან პანდემია ვახსენეთ, აღსანიშნავია, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ფილერით მოსარგებლე ადამიანებს და მათში ვაქცინაციის შემდგომ გართულებებს შეეხებოდათ. რეალურად, ასეთი შემთხვევა ძალიან ცოტაა, შეიძლება ითქვას, ერთეულებია მთელს მსოფლიოში და გართულებებს რაც შეეხება, ეს გახლავთ უბრალოდ მცირედი დისკომფორტი და არ არის არაფერი საგანგაშო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებულ არანაირ გართულებას არ იწვევს ვაქცინაცია ბოტოქსის თუ ფილერების მომხმარებლებში.

ბატონო კოტე, ახალი ტენდენციების შესახებ გვითხარით, თუ არის სიახლეები ესთეტიკურ პროცედურებში?

ზოგადად, ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, სამწუხაროდ საქართველოში ბევრი რამ დაგვიანებით შემოდის ხოლმე, თუმცა ყველა შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია მინიმალური ჩარევით მივიღოთ საუკეთესო ეფექტი. ბოლო 10-15 წელია, რაც საფრანგეთიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც შემოვიდა ე.წ დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები, რაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. როდესაც არის შემავსებლები, ან ტოქსინზე მუშაობა, ან სახის გამოცოცხლებაზე, ყველა გადავიდა იმ მიმართულებაზე, რომ პრეპარატები იყოს მოკლე მოქმედების, მაქსიმალურად ჯანსაღი, არა იაფფასიანი. აუცილებელია პაციენტი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული იმ პროცედურების შესახებ, რომელსაც იტარებს.

რამდენად ხშირი არის საქართველოში წარუმატებელი პროცედურები და რა არის ამის მიზეზი?

წარუმატებლობაში შეგვიძლია ჩავთვალოთ გართულებები, ან უშედეგო პროცედურები. გართულება შეიძლება ყველას დაემართოს, მათ შორის უდიდესი კლასის სპეციალისტებსაც. მთავარია აქ იყოს გათვლილი მართვის ტაქტიკა, სპეციალისტმა უნდა იცოდეს, როგორ მართოს ეს გართულებები, რადგანაც სწორი მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება. მინდა ვურჩიო ადამიანებს, ყოველთვის მცირედი ჩარევებით დაიწყონ სასურველი შედეგის მიღწევა, ასეთ შემთხვევებში გართულებებიც ნაკლებია.

თავად თუ ჩაგიტარებიათ რაიმე პროცედურა ან აპირებთ თუ არა სამომავლოდ?

ამ ეტაპზე არ მაქვს ჩატარებული არანაირი პროცედურა, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა არაფერს გამოვრიცხავ. ჩემი გონება სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად აზროვნებს, ასე რომ მომავალში რა გადაწყვეტილებას მივიღებ, არ ვიცი, თუ სურვილი მექნება, შესაძლოა ბოტოქსიც კი გავიკეთო ან შეიძლება რაიმე სხვა პრეპარატი გამოვიყენო. რაც შეეხება ოპერაციებს, დიდად განწყობა და სურვილი არ მაქვს, არც არასდროს მქონია, ასე რომ შემიძლია ოპერაციები გამოვრიცხო, მაგრამ მარტივი თავის მოვლის პროცედურებზე გადაჭრით ვერ ვიტყვი, შეიძლება 65 წლის ასაკში მომინდეს და გავიკეთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები