როგორ ვაქციოთ გამოწვევა შესაძლებლობად, სირთულე თავგადასავლად და შიში მოტივაციად – ამის მაგალითი ჩვენი სტატიის გმირი, 23 წლის მარიამ არჩემაშვილია, ჩინური ენის მასწავლებელი, თარჯიმანი და კონტენტ-კრეატორი, რომელიც საკუთარი ისტორიით ამტკიცებს, რომ დაუძლეველი სირთულე არ არსებობს და თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ.
მარიამმა მოინდომა და შეძლო – სრულყოფილად შეესწავლა ჩინური ენა და ამით არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩინელებიც გაეოცებინა, ესწავლა ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მოეპოვებინა ჩინური ენის უმაღლესი დონის სერტიფიკატი, რომელსაც საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი ფლობს.
ახლა მისი მიზანი გარშემომყოფებისთვის იმის დამტკიცებაა, რომ ჩინური ენა არც ისეთი რთული და „ჩინურია“, როგორიც ამ დრომდე ეგონათ, შედეგიც სახეზეა – დღეს მარიამს ჰყავს უამრავი მოსწავლე, მათ შორის, 9-10 წლის ასაკობრივი ჯგუფები, რომლებსაც ჩინურს ასწავლის.

ჩინური ენის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო რომ იზრდება, ეს მარიამ არჩემაშვილის „ტიკ-ტოკ“ პლატფორმიდანაც ჩანს. მარიამი, რომელსაც უამრავი გამომწერი ჰყავს, ყოველდღიურად აქვეყნებს ვიდეოგაკვეთილებს და ჩინური ენის შესწავლის მსურველებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს.
მარიამის სამომავლო გეგმებიც ჩინეთს უკავშირდება – უახლოეს პერიოდში ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის მოპოვებას და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას აპირებს, მანამდე კი, საკუთარ თავგადასავალს „ფორტუნას“ მკითხველს უყვება.
ამბობს, რომ სასკოლო ასაკში ჩინეთის, მისი კულტურისა და ენის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და შორეული აღმოსავლეთის შესახებ ინტერესი გაუჩნდა აბიტურიენტობის დროს, როდესაც სოციალურ ქსელში, შემთხვევით, ერთ-ერთი კორეული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი აღმოაჩინა:
„ამის შემდეგ კორეით დავინტერესდი, შემდეგ იაპონურმა ანიმეებმა მომხიბლა და მივხვდი, რომ შორეული აღმოსავლეთის რეგიონი იყო ის, რაც მაინტერესებდა. ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაცია ისწავლება – ამ დროს აღმოსავლური ენის გაცნობით ლექციებს უნდა დაესწრო, მეც ჩინური, კორეული და იაპონური ენების ლექციებს დავესწარი.
ამ დროს, ჩემთვის ჩინური ენა მართლაც „ჩინური“ იყო, გამარჯობის თქმაც არ ვიცოდი“, – ამბობს მარიამი და აღნიშნავს, რომ დღემდე მძაფრად ახსოვს ემოცია, რომელიც მასში ჩინურმა ენამ გამოიწვია:
„ყველაზე მძაფრად ტონალობები მახსოვს. ეს სხვა ენებისთვის დამახასიათებელი არ არის, ჩინურში კი ყველა მარცვალს რაღაც ტონალობაში გამოთქვამ. თუ სიტყვას ცოტა განსხვავებულად იტყვი, შეიძლება მას სულ სხვა მნიშვნელობა მიენიჭოს. შეიძლება გსურდეს, ადამიანი შეაქო და ამ დროს გალანძღო. სიმღერასავით ჟღერდა და ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა. ჩინურმა ენამ იმდენად მომხიბლა თავისი უცნაურობებით, სპეციფიკურობით, იეროგლიფებითა და ტონებით, მივხვდი, რომ ამ ენის დაუფლება ძალიან მინდოდა.
ჩინური ენა მარიამისთვის საკუთარ თავზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა – ამ ენისადმი ინტერესი მარიამის ცნობისმოყვარეობამ და სიახლის შეცნობის სურვილმაც განაპირობა:
„ძალიან მიყვარს გამოწვევების საკუთარ თავზე აღება. მთელი ცხოვრება რომ მესმოდა ფრაზა – „ეს ჩემთვის ჩინურია“, რომელიც ძალიან დიდ სირთულესთან ასოცირდებოდა, ალბათ, ესეც იყო გადამწყვეტი ფაქტორი. მინდოდა, რაღაც ისეთს შევჭიდებოდი, რაც ბევრისთვის რთულია. თითქოს საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა – „მარიამ, რთული ენა კი არის, მაგრამ მაინც შეგიძლია, რომ ისწავლო“.

უნივერსიტეტში ჩინური ენის შესწავლის პარალელურად, მარიამი მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსშიც, მათ შორის იყო კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების წერის და ჩინურად სიტყვის გამოსვლის კონკურსები, რომლებშიც პირველი ადგილი დაიკავა:
„ჩინურად სიტყვით გამოსვლის კონკურსზე ავად ვიყავი, გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ლექტორის თხოვნით გავედი. არაფრის იმედი არ მქონდა, მაგრამ ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და გავიმარჯვე. შემდეგ ჩატარდა საერთაშორისო მასშტაბის, ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი, აქაც პირველი ადგილი ავიღე და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე.
ამ გამარჯვებების შემდეგ, ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა – გავგზავნე ყველა საბუთი, გავიარე გასაუბრება და მოვიპოვე სტიპენდია. შედეგად მოვხვდი ჩემთვის სასურველ, ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო, სიამენის უნივერსიტეტში.

ჩინელი სტუდენტებისთვის სიამენის უნივერსიტეტში მოხვედრა ძალიან რთულია… ფიქრობენ, რომ გენიოსი ხარ, რადგან ამ უნივერსიტეტში სწავლობ.
სიამენის უნივერსიტეტზე არჩევანი, პირველ რიგში, იმის გამო შევაჩერე, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, ასევე იმიტომ, რომ ჩინეთში ყველაზე ლამაზი უნივერსიტეტია. საბოლოოდ, ჩემი არჩევანით ძალიან ბედნიერი ვარ. უნივერსიტეტში ენის ერთწლიანი პროგრამა გავიარე, პანდემიის გამო, 6 თვე ონლაინ რეჟიმში ვისწავლე, დარჩენილი 6 თვე კი უნივერსიტეტში“, – ამბობს მარიამი.

შეუძლებელი რომ არაფერია, მარიამმა საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მაშინ, როდესაც ჩინურ ენაში უმაღლესი დონის სერტიფიკატი აიღო.
„C2 ჩინურ ენაში უმაღლესი დონეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მონდომებით ვსწავლობდი, არასდროს მეგონა, რომ ასეთ დონეზე ავიდოდი. გამოცდის ჩაბარება ჩინეთშიც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე, ძალიან რთული გამოცდაა და მისი ჩაბარება ჩინელებსაც კი უჭირთ.
საგამოცდო ოთახში მხოლოდ მე ვიყავი. საკმაოდ მოცულობითი გამოცდაა, შესაბამისად, პასუხის ნახვის შემდეგ, ძალიან გაოცებული და გახარებული ვიყავი. მქონდა შეგრძნება, რომ საკუთარ თავზე გავიმარჯვე!
ამ დონის სერტიფიკატს საქართველოში ჩემ გარდა, რამდენიმე ადამიანი ფლობს, მათ შორის არიან ჩემი ლექტორებიც“, – აღნიშნავს მარიამ არჩემაშვილი.
მარიამი „ფორტუნას“ ასევე უყვება, როგორ გახდა კონტენტ-კრეატორი და რატომ გადაწყვიტა სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტიკოზე“ ometv დიალოგების ჩაწერა, რომელიც გამოწერებში ძალიან პოპულარულია.
„ტიკ-ტოკს“-ზე ვიდეოების ატვირთვა ცოტა ხნის წინ დავიწყე. ძალიან ბევრი გამომწერი არ მყავს, თუმცა რამდენიმე თვის შედეგისთვის ცუდი ნამდვილად არ არის – ყოველი ვიდეოს ატვირთვის შემდეგ გამომწერები მემატება და ჩინური ენის მიმართ ინტერესიც იზრდება.
ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის – ქართველებს დავანახო, რომ ჩინური ენა მთლად ისეთი ჩინურიც [რთულიც] არ არის, როგორიც ჰგონიათ. ძალიან ბევრი მწერს: „ძალიან მინდა ამ ენის შესწავლა, მაგრამ ვიცი, რომ ვერ ვისწავლი“ – ამ ვიდეოებით კი ვცდილობ ვაჩვენო, რომ მთავარია მოინდომო და აუცილებლად გამოვა.
ometv, ეს არის პლატფორმის სახე, როდესაც ესაუბრები სხვა ქვეყნის მოქალაქეს და ეუბნები, რომ შენი ენა მეც ვიცი. მსგავსი ვიდეოების ნახვის შემდეგ, გამიჩნდა იდეა, რომ მეც ჩამეწერა. ვიდეოები ძალიან პოპულარული გახდა.
ჩინეთის მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი რთული ენა აქვთ. თან, თვითონ უცხო ენებს ძალიან რთულად ითვისებენ, შესაბამისად, როდესაც ხედავენ უცხოელს, რომელიც ჩინურად საუბრობს და მით უმეტეს, სტანდარტულად, სწორად გამოთქვამს ბგერებს, ეს მათ გაოცებას იწვევს. ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავენ უცხოელის მიმართ, რომელიც ჩინურს სწავლობს, რადგან ხედავენ, რამხელა ძალისხმევის გაღება გიწევს, რომ მათი ენა შეისწავლო და მათი კულტურა გაიგო“, – ამბობს მარიამი.
ჩინური კულტურის სპეციფიკაზე მარიამი „ფორტუნასთანაც“ საუბრობს და ჩინეთში ცხოვრების დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
„ჩინეთში პირველად სწორედ სიამენის უნივერსიტეტში სწავლის დროს წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კულტურაზე ბევრი რამ ვიცოდი, ქვეყანას მაინც არ ვიცნობდი.
როდესაც წასვლის პერიოდი მოახლოვდა, ძალიან შეშინებული ვიყავი, ჩემი ოჯახის წევრებიც ძალიან ღელავდნენ, არ ვიცოდი რამდენად უსაფრთხო ქვეყანა იყო, როგორ მიმიღებდნენ. ამხელა სიამენში ქართველი მხოლოდ მე ვიყავი.
ჩემი შიშების გასაქარწყლებლად ჩინეთს რამდენიმე დღე დასჭირდა – მივხვდი, რამდენად უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა იყო.

ქართველების მსგავსად, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. ჩვენთან კიდევ ერთი მსგავსება უფროსების პატივისცემაა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რას ამბობს უფროსი. ჩინეთში ვერ დაქორწინდები, თუ მშობელი ნებართვას არ გაძლევს.
ქართველების მსგავსად, ჩინელებს ძალიან უყვართ საკუთარი სამშობლო, კულტურა, ისტორია და დამწერლობა. პატრიოტიზმის მიღმა კი ძალიან დიდ პატივს სცემენ სხვა ქვეყნებს და მათ კულტურას“, – გვიყვება მარიამი და ჩინური კულტურის განსხვავებაზეც საუბრობს.
„ვფიქრობ, რომ ქართველები უფრო მეტად რომანტიკოსები ვართ, ჩინელები კი უფრო მეტად მატერიალისტები. როდესაც ჩინეთში ქორწინდები, ფინანსურად ძალიან მყარად უნდა იყო.
კულტურული შოკი მქონდა, როდესაც კიდევ ერთი ტრადიციის შესახებ შევიტყვე – როდესაც ჩინელი მამაკაცი ქორწინდება ჩინელ ქალზე, მის ოჯახს, მადლობის ნიშნად აუცილებლად უნდა გადაუხადოს თანხა – რაც დაახლოებით 20 000 ლარის ეკვივალენტი და უფრო მეტია. შესაბამისად, მამაკაცმა უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი, რათა ეს თანხა დააგროვოს.
ჩინეთში, ოჯახში როლებიც განსხვავებულია – სამხრეთის ნაწილში, კაცს ევალება არჩინოს ოჯახი და ამავდროულად, აკეთოს საოჯახო საქმე – საჭმელი, სარეცხი, სახლის დალაგება, აქ ქალი განებივრებულია, ის არის ადამიანი, რომელიც შენს შვილს სიცოცხლეს სჩუქნის.
ამასთან, ჩინეთში მამაკაცის ღალატი უფრო მძიმედ აღიქმება, ვიდრე ქალის“, – ამბობს მარიამი.
ჩინეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის შემდეგ, მარიამი ახლა ჩინეთის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანას აცნობს და საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტებს მეგზურობას უწევს.

„ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გიდად ვმუშაობდი.
დასამახსოვრებელი იყო ერთ-ერთი ტური – გიდობას ვუწევდი ცოლ-ქმარს, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს ისტორიითა და კულტურით. დღეში 100-ჯერ ამბობდა ფრაზას – „რა მაგარია“, მეუბნებოდა: ანბანი ალბათ, ღმერთმა დაგიწერათ და გაჩუქათო. არც ერთი რელიგიის მიმდევრები არ იყვნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ეკლესიაში ქალებს თავსაბურავი ეკეთათ, ეს ქალბატონი თავადაც იკეთებდა“.
მარიამი საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობაზეც გვიყვება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩინური ენის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება:
„აგვისტოდან რეგისტრაციის გამოცხადებას და ახალი მოსწავლეების მიღებას ვაპირებ. ახლაც საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს, მათ შორის, 9-10 წლის ასაკის ბავშვები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი შიშის შემდეგ – რომ ჩინური ძალიან რთულია – წარმოდგენები ძალიან ეცვლებათ და ხვდებიან, რომ ისეთი რთული ენაც არ არის, როგორიც ეგონათ.
სწავლის პროცესში, მნიშვნელოვანია, ენა ქვეყნის კულტურასთან ერთად ისწავლო, ხოლო თუ ენას სწავლობ და მათი კულტურა არ გაინტერესებს, იდეალურადაც რომ საუბრობდე, ჩინელებს ვერ გაუგებ.
21-საუკუნეში, ალბათ, დამოუკიდებლად ყველაფრის შესწავლაა შესაძლებელი, თუმცა ჩინური ენის შესწავლის მსურველებს აუცილებლად ვეტყვი, რომ სჯობს, მასწავლებელი აიყვანონ, რადგან ის გაძლევთ ზუსტ მიმართულებას – რა პრობლემა გაქვთ, როგორ გამოასწოროთ, როგორ გამოთქვათ სიტყვები და ა.შ.
სკოლაში სწავლებაზე ამ ეტაპზე არ მიფიქრია, თუმცა თუ რაიმე კარგი შემოთავაზება იქნება, აუცილებლად დავფიქრდები.
რაც შეეხება სკოლებში ჩინური ენის სწავლების დაგეგმვას, ძალიან კარგია. საქართველოს მიმართ ჩინელების ინტერესი დღითი დღე იზრდება და მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ ჩინური ენის სპეციალისტები, რომლებსაც ვერ შოულობენ. ვფიქრობ, სკოლებში უფრო მეტი სპეციალისტი გამოიზრდება“.