საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის მიწვევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოეული პარტნიორები, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა და უკრაინის პროგრესს აფართოებენ.
როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, ქართული მხარე მინისტერიალს მომავალ პერსპექტივებზე საუბრისთვის მაქსიმალურად გამოიყენებს:
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა მიწვეულია ნატო-ს მინისტერიალზე. ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოსა და უკრაინის შესრულებული პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, არის კარგად მიღებული და ისინი აფასებენ იმას, თუ რა კეთდება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, კერძოდ, პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალიზაციის თვალსაზრისით.
ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მინისტერიალს იმისთვის, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს როლი, როგორც ასპირანტი ქვეყნის, შესაბამისად შეფასებული იყოს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატო-ს 2030 სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავინდებურად იყოს პრიორიტეტული და შენარჩუნებული.
მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მუდმივად იყოს ჩვენი ნატოელი პარტნიორების დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულად ჩვენს მთავარ სამოქმედო გეგმას, იყოს შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავებული და გაძლიერებული.” – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალზე ის რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე გააკეთებს აქცენტს:
“რა თქმა უნდა, აქცენტს გავაკეთებ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია შავი ზღვის კონტექსტში და ეს მინისტერიალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმ თვალსაზრისით, რომ მოვემზადოთ 2022 წლის ნატო-ს სამიტისთვის, რადგანაც ეს იქნება მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ დღეს რიგაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღის ღონისძიებებში საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიღებენ მონაწილეობას.