LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მომენტისთვის ძალიან ძლიერი ფსიქიკა მაქვს. არასდროს მეგონა, რომ ასეთი ძლიერი შეიძლებოდა ვყოფილიყავი 23 წლის ასაკში…“ – მარიამ შენგელიამ ბოლო ერთ წელიწადში დიდი ოცნებები აიხდინა

878
მარიამ შენგელია

მარიამ შენგელიას ახლახან „რუსთავი 2“-ზე პირველი ეთერი ჰქონდა „შუადღის“ წამყვანის ამპლუაში. როგორც fortuna.ge-ს უთხრა, ტელეწამყვანობაზე ყოველთვის ოცნებობდა… ზოგადად, ბოლო წელიწადში მან ცხოვრების დიდი ოცნებები უკვე აისრულა, ერთ-ერთი – „ევროვიზიაში“ მონაწილეობა იყო, თუმცა ახლაც რომ ახსენდება ის ორთვიანი პერიოდი, ფორიაქი ეწყება…

მარიამ შენგელია:

გარკვეული სატელევიზიო გამოცდილება კი მაქვს, მაგრამ როცა პირდაპირ ეთერში მუშაობ, ხუთმაგად საპასუხისმგებლოა. პირდაპირ ეთერში მცირე შეცდომის გამოსწორების შანსი ფიზიკურად არ გაქვს. მართლა ძალიან ვღელავდი, თუმცა პირველმა ეთერმა კარგად ჩაიარა. მეორე დღეს უფრო ნაკლებად ვღელავდი, თუმცა დღეს ორნი ვიყავით ეთერში, საკმაოდ დიდი ქრონომეტრაჟია, მაგრამ თავი გავართვით.

გინდოდა ტელეწამყვანობა?

ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ტელეწამყვანობა. მარტივად მოვერგე ამ ამპლუას, ყველაფერი წინ არის და მგონია, რომ არ გამჭირდება.

23 წლის ხარ და ბოლო წლის განმავლობაში, მგონი, დიდი ოცნებები აიხდინე…

ასე გამოვიდა… პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის. რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში. ჩემი ოცნებები რომ რეალობად იქცა, თან, ასეთ პატარა ასაკში, ძალიან მიხარია.

„ევროვიზიაც“ ასეთი ოცნების ასრულება იყო?

„ევროვიზიას“ დღესაც რომ ვიხსენებ, ფორიაქი მეწყება და სულ მბურძგლავს. ძალიან მიხაროდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი, მაგრამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ძალიან გამიჭირდა… არასდროს არავისთან მითქვამს, რომ ემოციურად მიჭირდა. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი, ვხვდებოდი, რამდენად რთულ გზას გავდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ გადავედით, ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვიყავი. ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ორ თვეში, შევძელით შეგვექმნა სიმღერა, კლიპი, კოსტიუმი… დაახლოებით 30 ადამიანი გამყვა ბაზელში, ეს იყო ჩემი გუნდი და მადლობა მათ, თითოეული მათგანი ჩემი ოჯახის წევრია დღეს. მადლობა ყველაზე მცირეა, რაც შემიძლია მათ გადავუხადო, ისე მივლიდნენ იქ ყოფნის პერიოდში.

ამ მომენტისთვის ძალიან ძლიერი ფსიქიკა მაქვს. არასდროს მეგონა, რომ ასეთი ძლიერი შეიძლებოდა ვყოფილიყავი 23 წლის ასაკში. ბოლო ერთი წელია სულ გამოცდებში ვარ და სულ ახალ-ახალ გამოწვევებს ვაწყდები, თუმცა არც ერთ გამოწვევას არ ვუშინდები…

ამ პროცესში ვინ გეხმარება?

ოჯახი, დედა, მამა, ძმა და ბებო, რომელმაც გამზარდა. მას ვურეკავ პირველს, თუკი რამე ახალი ხდება. ჩემი ყველა ნაბიჯი ზედმიწევნით კარგად იცის. ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი ზურგი…

ჯიუტი ხასიათი საიდან გაქვს?

რამდენი გამოწვევაც მივიღე, კარგად წავიდა ყველაფერი. ჩემი ხასიათი ძალიან მეხმარება. ეს ხასიათი საიდან მოვიდა, რეალურად არ ვიცი. უკან დახევა არ მოსულა. ჩემთვის არ არსებობს ფრაზები – არ და ვერ შემიძლია. ყველაფერი შემიძლია. სიტუაციას რაც დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ.

ოცნებების ნაწილი აისრულე, წინ რა გზა გაქვს?

ჯერ ვარ 23 წლის. მთელი ცხოვრება წინ მაქვს. ბევრი ოცნებაა, კარიერული წინსვლა. ყველაზე დიდი მიზანი ჩემს ცხოვრებაში იყო „ევროვიზია“, რაც ავიხდინე. წინასწარი საუბრები არ არის კარგი. ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს. მჯერა, რომ თუკი ჩემს გეგმებს წინასწარ გავამხელ, გავითვალები.

ძალიან ხშირად იცვლი ვარცხნილობას. რატომ?

ძირითადად, ვარცხნილობას ვერჩი (იღიმის). სხვა ჩარევები ჯერჯერობით არ მჭირდება. ეს არ უკავშირდება ცუდ ხასიათს, ერთფეროვნება არ შემიძლია თმასთან დაკავშირებით. მქონია, გრძელი, უგრძელესი, ძალიან მოკლე. ახლა ჩემი არჩევანი მოკლე თმაზე შევაჩერე.

რაც შეეხება იმიჯს, ჩაცმულობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ახლა განსაკუთრებულად, რადგან ეთერში ვმუშაობ. თავად ვზრუნავ ჩემს ჩაცმულობაზე. ყველაზე მეტად მე ვიცი, რა მიხდება და რა მჭირდება.

მაყურებელი გამორჩეულად გამოეხმაურა შენი და ნუცა თოფურიას კვლავ ერთად გამოჩენას. ახლა რა ეტაპზეა თქვენი მეგობრობა?

მშვენიერ ეტაპზე ვართ, ხელოვნურად შექმნილი დრამებით დავიღალე. არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას არავისთვის. მეგობრობა ისეთი თემაა, მარაზმად მიმაჩნია ვინმესთვის იმის მტკიცება, რომ ვიღაც ჩემი მეგობარია. არანაირი დრამა არ მაქვს ცხოვრებაში. ყველაფერი სტაბილურად არის…

10 წლის მერე როგორი წარმოგიდგენია შენი თავი?

მართლა არ ვიცი, 10 წლის მერე სად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ სცენის გარეშე ვერ გავძლებ ვერც 10, ვერც 30 და ვერც 40 წლის შემდეგ.

შემოქმედებითი სიახლე ხომ არ გაქვს?

მყავს ბენდი „მიქსტურა“, უკვე 5 წელია. ხშირად გვაქვს ერთობლივი კონცერტები. „მიქსტურაც“ ოჯახია, ოთხი ბიჭი მყავს, ჩემი უახლოესი მეგობრები. როგორც დაქალებს მოუყვები ყველაფერს, ოთხივე მათგანთან მაქვს ასეთი ურთიერთობა. იქ მივდივარ და ვიცლები ემოციებისგან, თუ მეტირება, მანდ ვტირი, ბიჭებთან… მათთან ერთად ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. სიახლე თუ იქნება, აუცილებლად გავაგებინებ ჩემს მსმენელს.

magti 5g