რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა და ეს მას შემდეგ არის თვალშისაცემი, რაც აშშ-მა უკრაინასადმი ახალი დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სანამ დამატებითი ტექნიკა უკრაინაში აღმოჩნდება, რუსეთი დროის მოგებასა და პოზიციების გამყარებას ცდილობს.
ამავდროულად შედგა ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა და გააკეთა ყურადსაღები და ერთგვარად ვითარების შემობრუნების შემცველი განცხადება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთს ესტუმრა, რომელმაც მხარდაჭერა ფაქტობრივად ისევ დაუდასტურა.
სწორედ ამ საკითხებს შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი.
„მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისადმი. ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალები გააქტიურდნენ ხარკივის ოლქის მიმართულებით. მათ შეძლეს გარკვეული უპირატესობის მიღება, წინ წაწევა. თუმცა უკრაინელებმა განახორციელეს კონტრშიერიში და დაახევინეს უკან. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია ვითარება რთული რჩება.
ეს ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს მაქსიმალურად მოასწროს წინსვლა, სანამ უკრაინა მიიღებს დაპირებულ დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებისგან და უპირველესად აშშ-სგან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა, და განსხვავებით სხვა ვიზიტებისგან, ეს იყო დაანონსებული. ის ღამისთევით დარჩა კიევში, გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან და ერთობლივი ბრიფინგი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად. ბლინკენმა პირველმა გააკეთა მკაფიო ხაზგასმა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ამაში აშშ გვერდში დაუდგება.
ეს ხაზგასმელია, რადგან აქამდე საუბრობდნენ, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს, რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს. ეს კი უკვე არის სერიოზული ცვლილება ამ გზავნილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საინტერესოა ევროპაში რა ხდება? საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს მე-14 სანქციების პაკეტის შემუშავება და აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ევროპაში რუსეთის გაყინული რეზერვებიდან მიღებული შემოსავლები, დივიდენტები მიმართული იყოს უკრაინის ეკონომიკაში.
გარდა ამისა, ევროპელი მინისტრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საფინანსო ინსტიტუტებს, ბანკებს დაუწესდეს სანქციები. ივნისშია მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე ამის განხილვა. შეთანხმებულია, რომ ყველა ბანკი, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში, დასანქცირდება.
ვლადიმირ პუტინი ვიზიტით ჩავიდა ჩინეთში და შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. მათ გამოსცეს ერთობლივი განცხადება და ხელი მოაწერეს ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას.
უკრაინაში ომთან დაკავშირებით დაფიქსირებულია პოზიცია, რომ რუსეთი მიესალმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმას. შეგახსენებთ, 2023 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა და ეყრდნობა კონფლიქტის გაეროს წესდების პრინციპებით მოგვარებას. ამ საერთო განცხადებაში საინტერესო ჩანაწერია, რომ მხარს უჭერენ კონფლიქტის შემდგომი გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯების ყოველგვარ შეწყვეტას და ასევე ნახსენებია ფრაზა „ვიდრე კონფლიქტი გადასულა არაპროგნოზირებად ფაზაში“.
საინტერესოა რა იგულისხმება? შესაძლოა ეს იყოს გარკვეულწილად ერთგვარი მუქარაც, მიმართული როგორც უკრაინის, ასე საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ამ ვიზიტით ჩინეთმა კვლავ დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა. მხარეებმა გააფორმეს 80-ზე მეტი შეთანხმება, მათ შორის „გაზპრომთან“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა დაუთმოს საკუთარი ავტობაზარი, ჩინური წარმოება ინტენსიურად შევა, თუმცა ამავდროულად ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებსა და ბანკებს აქვთ სერიოზული პრობლემა. ენტონი ბლინკენმა გაახმიანა, რომ ჩინურ ბანკებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ნახევარგამტარებით უზრუნველყოფაში, აშშ სანქციებს დაუწესებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მშვიდად იპყრობს რუსეთს და რუსეთი ხდება ჩინეთის ბენზინგასამართი სადგური და ვასალი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოიყენა საინტერესო ფრაზა ვიზიტის აღსაწერად, რომ სტუმარი არის მასპინძლის სახედარი. ეს უმალ გადაითარგმნა, რომ რუსეთი არის ჩინეთის სახედარი. დემონსტრირება გაკეთდა, რომ რუსეთი მზად არის უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს, მთავარია ჩინეთმა ხელი არ გაუშვას მის მხარდაჭერას და ნახევარგამტარების მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია რუსული შეიარაღებისთვის.
ცოტა ხნის წინ სი ძინპინი იმყოფებოდა ევროპაში, სადაც შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. იყო თხოვნა და მოლაპარაკებები, რომ ჩინეთს ზეწოლა დ ზემოქმედება განეხორციელებინა რუსეთზე წასულიყო დათმობებზე უკრაინის ომთან მიმართებაში, თუმცა ჩინეთმა პოზიცია შეინარჩუნა, რომ ის არ არის მხარე, ვერ მოახდენს ზეწოლას და რჩება სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგული“.