ქორწილის დღე ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მოვლენაა. ამ დღის თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა პატარძლისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო არჩევანი ხშირად სწორედ საქორწილო კაბაა. ის მხოლოდ სამოსი არ არის – გამოხატავს ხასიათს, სტილს, განწყობასა და იმ განცდებს, რომლებიც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ახლავს. როგორ უნდა შეირჩეს კაბა, როდის უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რას აქცევენ პროფესიონალები ყველაზე დიდ ყურადღებას და რატომ არის ემოციური კავშირი დიზაინერსა და პატარძალს შორის ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე თავად დიზაინი – ამ და სხვა საკითხებზე სტარტაპ „თამაროს“ დამფუძნებლები გვესაუბრებიან.
თაკო ბახტაძე, სტარტაპის „თამარო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:
– „თამაროს“ დაფუძნებას ცოტა მისტიკური ისტორია აქვს. მე და მარო რძალ-მული გახლავართ და სტარტაპის შექმნისკენ იმ სიზმარმა გვიბიძგა, რომელშიც ჩემი გარდაცვლილი მამამთილი ვნახე. მარო დიზაინერი გახლავთ, მრავალწლიანი გამოცდილებით, მე კი ბიზნეს განათლება მქონდა და საერთოდ სხვა სფეროში ვსაქმიანობდი. ეს სიზმარი აღმოჩნდა მანიშნებელი იმისა, რომ ჩვენი რესურსები გაერთიანებულიყო. შედეგად, ამ ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრ გოგოს გავულამაზეთ ჩვენი კაბებით მათთვის მნიშვნელოვანი დღე.

– როგორ მოახერხეთ საკუთარი ნიშის დაკავება საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე?
– ბიზნესის მართვის კუთხიდან თუ შევხედავთ, არცერთი კომპანია, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, არ აღიქმება კონკურენტად, იმიტომ, რომ ჩვენ პატარძლებს სრულიად განსხვავებულ მომსახურებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქმესთან, თუ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ენერგიებს. საბედნიეროდ, „თამარო“ სტაბილურად კარგად განვითარდა, რისთვისაც მადლობლები ვართ ყველა იმ პატარძლის, რომლებიც გვენდნენ – რომ არა მათი კმაყოფილება, ჩვენ ამდენს ვერ შევძლებდით ასეთ მოკლე დროში. ყველაზე დიდი რეკლამა კმაყოფილი კლიენტია.
მარო ქურდუბაძე, სტარტაპის „თამარო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერი:
– ჩვენს საქმეში მთავარია, კარგად გაუგო პატარძალს. ქორწილი ისეთი დღეა, როდესაც ყველა პროცესი პატარძლის ირგვლივ ვითარდება, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ, პატარძლის ყველანაირი სურვილი გავითვალისწინოთ, შევისწავლოთ მისი ხასიათი და აქედან გამომდინარე შევურჩიოთ ან შევუკეროთ საპატარძლო კაბა.

– როგორ იწყება ეს პროცესი, რამდენი ხნით ადრე?
– კარგია იქნება, თუ დაიწყება 3 თვით ადრე. პატარძალი ჯერ მოდის გასაუბრებაზე, ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრდებით, შემდეგ იგი გვაცნობს ქორწილთან დაკავშირებულ დეტალებს, რა სტილის, როგორი გაფორმების იქნება, სიძეს რა ეცმევა და ასე ნელ-ნელა იკვეთება მისთვის შესაფერისი კაბის იდეა.
– როგორც ვიცით, პატარძლებს ადგილზეც ეძლევათ უკვე შეკერილი კაბებიდან არჩევის ან ქირაობის შესაძლებლობა.
– დიახ, შოურუმში წარმოდგენილია „თამაროს“ ისეთი კაბები, რომლებიც მხოლოდ ერთია, ექსკლუზიური მოდელია. ვცდილობთ, ჩვენი კაბები არ ჰგავდეს სხვებისას.
– რას ნიშნავს VIP მომსახურება, რომელსაც თქვენს კლიენტებს სთავაზობთ?
– პატარძლები, როგორც წესი, ძალიან ნერვიულობენ კაბის შერჩევის პროცესშიც, ამიტომაც მე და თაკო ვცდილობთ, შევუქმნათ მაქსიმალურად მშვიდი გარემო, სადაც განიმტკიცებენ რწმენას, რომ ქორწილის დღე ჩაივლის ძალიან კარგად. ერთი საათის განმავლობაში ვერავინ ვერ შემოდის მათ სივრცეში, ისინი ირგებენ კაბებს, გვიზიარებენ საკუთარ სურვილებს.

– რამდენად რთული პროცესია კაბის დიზაინზე, დეტალებზე შეთანხმება?
– ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატარძლებს გარკვეული იდეები ჰქონიათ, მე კი თავიდანვე მივმხვდარვარ, რომ ისინი არ გაამართლებს. მაგრამ რადგან ადამიანს უნდა, პირველ მოსინჯვაზე მის ვარიანტს ვახვედრებ – ვერ დაარწმუნებ, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავს. როგორც კი კაბას ირგებენ და ხვდებიან, რომ ის ისეთი არ არის, როგორიც წარმოედგინათ, უკვე ვიწყებთ ახალი და უკეთესი ვარიანტით მუშაობას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პატარძლის შემოთავაზებაც მიმიღია და ძალიან კარგი შედეგი მიგვიღია.
– თაკო, სად მდებარეობს „თამარო“ და როგორ უნდა მოგმართონ პატარძლებმა?
– „თამარო“ მდებარეობს ვაკეში, ფალიაშვილის #88-ში. აქტიურები ვართ სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ინსტაგრამი, ტიკ-ტოკი), სადაც ნებისმიერ პატარძალს შეუძლია მოგვწეროს და შევთანხმდებით შოურუმში ვიზიტის სასურველ დროზე. როცა პატარძალი ჩვენს სივრცეში შემოდის, არ აქვს მნიშვნელობა, რა სურვილებით მოდის, მთავარია, უპირველესად, თავი იგრძნოს სახლში. შემოსასვლელ კარზე გვიწერია კიდეც – „ამ სახლში სასწაულების სჯერათ“. და ჩვენ ნამდვილად გვჯერა სასწაულების, იმიტომ, რომ თუ რაღაც გულით გინდა და სწორ არჩევანს აკეთებ, ის აუცილებლად ხდება. ამიტომ, კაბის დაჯავშნიდან დაწყებული, ქორწილის დღემდე, ნებისმიერი პატარძალი თავს გრძნობს ძალიან მშვიდად. როცა პატარძალი დგება სარკესთან და ირგებს კაბას, მისი ემოციები უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი მაროსთვის, რომელიც თითოეულ კაბას გოგო შვილს ეძახის, თითქოს მეც ვათხოვებო ჩემს შვილებს. და მართლა ასეა, იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ იმ სამზადისში, რომელსაც თითოეული მომხმარებელი გადის. და ჩვენი ჩართულობა არ ეხება მხოლოდ კაბას, ეხება თმასაც, მაკიაჟს, თაიგულს, ფეხსაცმელს და სხვა. ყველაფერში შეუძლიათ ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი იმედი ჰქონდეთ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ კონკურენტები ვერ გვეყოლება. აქვე აღვნიშნავ, რომ პატარძლებს ფატას ვატანთ საჩუქრად. ეს აქსესუარი ჩვენთან არ ქირავდება. ჩვენი ფატა, მით უფრო ჯვარდაწერილი, სამუდამოდ რჩება ოჯახში და რელიკვიად გადაეცემათ შვილებს.

– მარო, ცრურწმენებს თუ აწყდებით მუშაობის პროცესში, მაგალითად, კაბა რომ ჩაუცმელი უნდა იყოს?
– როგორ არა. ჩაუცმელი კაბა უფრო ინდივიდუალური სურვილია, ძირითადად არის ხოლმე სიძის ფაქტორი, რომ თითქოს მან კაბა ქორწილის დღემდე არ უნდა ნახოს. თუმცა ჩვენ მივესალმებით სიძის თანხლებას, რადგან ზოგჯერ სწორედ ისინი აკეთებენ სწორ აქცენტებს კაბის შერჩევის დროს. საქორწილო კაბის მორგებასთან დაკავშირებული უფრო უცნაური, მისტიკური ამბები მომხდარა ჩვენთან. კერძოდ, ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც არ ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე, იმ მომენტში მის ცხოვრებაში არ არსებობდა კონკრეტული სუბიექტი, ხუმრობით ჩავაცვი, შევუქმენი ვითომ საქორწილო კაბა და ზუსტად 3 თვეში გათხოვდა. ასეთ დამთხვევაზე თავდაპირველად ვიმხიარულეთ, მაგრამ როცა მსგავსი რამ კიდევ განმეორდა, დავიწყეთ დაკვირვება. აღმოჩნდა, რომ ყველა გოგონა, თუნდაც მოდელი, ვინც უბრალოდ გადასაღებად მოვიყვანეთ, კაბის მოსინჯვის შემდეგ, 6-დან 9 თვის განმავლობაში თხოვდებოდნენ და თან ისეთები, ვისაც შეყვარებულიც კი არ ჰყოლია იმ დროისთვის.