LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სურათის დანახვაზე, ყველა ტკივილი განმიახლდა, რაც გამოვიარე, ჩვილი ბავშვით ხელში გულის წასვლამდე შრომა პარლამენტის დამკვიდრებული სტანდარტია“ – ლონდა თოლორაია

168
Untitled design (1)

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვილი ბავშვით ხელში გულის წასვლამდე შრომა საქართველოს პარლამენტის დამკვიდრებული სტანდარტია“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„რადგან უამრავს სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა, გეტყვით რომ.. ბევრი რამ გამოიარეს, ძალიან ცდილობს მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ“ – ვინ არის გოგო, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

ლონდა თოლორაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს არის ჯოჯოხეთი. ეს შრომა არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და გულის გამგლეჯი.

იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს პარლამენტი 2 კვირის ჩვილით ხელში ქალს სამსახურიდან აგდებს (1 თეთრი კომპენსაციის გარეშე) ეს რატომ გვიკვირს. დიახ, საქართველოს პარლამენტმა დაამკვიდრა, რომ ქალს შეუძლია თან ბავშვი გაზარდოს, თან უდიდეს სტრესს გაუძლოს, თან იმუშაოს იმ პაწაწინა თავისუფალ დროს (ღამე, დღე), რომელსაც ბავშვი უტოვებს და კედლებს მიასკდეს, სად შეიძლება ჰქონდეს მუშაობის შანსი (პარლამენტისგან გამოგდებულს რომ ბევრი ისე გიყურებს, როგორც კეთროვანს, ეს ცალკე პრობლემაა და ამაზე სხვა დროს).

დიახ, საქართველოს პარლამენტმა მითხრა რომ „ბავშვის აღზრდისთვის მეტი დრო მექნებოდა“, თუმცა, ეტყობა, არ უფიქრია, როგორი დედა უნდა იყოს ქალი, რომელსაც თავი აქვს გატენილი არა ბავშვის ზრუნვაზე ფიქრით, არამედ იმაზე ფიქრით როგორ, სად, რა ძალებით, რა ენერგიით, რა რესურსით გააგრძელოს ცხოვრება ისევ ამ ბავშვისთვის.

დიახ, საქართველოს პარლამენტმა მომისაჯა, მემუშავა პირველივე დღიდან. ვმუშაობდი – ღამე და დღე (ზოგჯერ უშედეგოდ, მაგრამ მაინც). ბავშვის ტირილი მაწყვეტინებდა საქმეს ყოველ 5 წუთში, 2 საათიან საქმეს ვუნდებოდი 2 კვირა, იმიტომ რომ მტკიოდა ყველაფერი, არც სხეული მუშაობდა და არც ტვინი. სტრესი იყო სახლიდან გასვლაც – როგორც კი ჩაცმას ვიწყებდი, იწყებდა ტირილს.

ამიტომ ხან თან მიმყავდა, ან თუ ასეთ მდგომარეობაში სახლში ვტოვებდი, იმ შეხვედრიდან აზრი ვერ გამომქონდა, სადაც ვიჯექი. რა თქმა უნდა, ეს სტრესი გადადიოდა ბავშვზე – ვერ ვეთამაშებოდი, ვერ ვხარობდი მასთან ერთად, ვერ ვაძინებდი, ტიროდა ისიც და ვტიროდი მეც.

ამ სურათის დანახვაზე, ყველა ტკივილი განმიახლდა, რაც გამოვიარე და რასაც დღემდე გავდივარ. რასაც ეს ქალი აკეთებს, არის წარმოუდგენელი და იმაზე ბევრად რთული, რაც მე გამოვიარე. შეუძლებელია, ეს სიმძიმე ატარო მთელი დღე, შეუძლებელია ხედავდე შენთან ერთად როგორ წვალობს ეს პატარა მთელი დღე, მაგრამ დედაა და სხვა გამოსავალი არ აქვს. ამას გააკეთებს მანამ, სანამ არ დაეცემა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვილი ბავშვით ხელში გულის წასვლამდე შრომა საქართველოს პარლამენტის დამკვიდრებული სტანდარტია“, – წერს ლონდა თოლორაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g