3 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირებისას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველი რძის პროდუქტები აღმოაჩინეს.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე „ტვ პირველთან“ საუბარში განმარტავს, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს აფლატოქსინ M1- ის ჭარბი რაოდენობით მიღებამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„აფლატოქსინი კარცეროგენური ნივთიერებაა, რომელიც ძალიან მიზანმიმართულად აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც ღვიძლის დაავადებებს, ისე ღვიძლის ციროზს.
შესაძლებელია ღვიძლის სიმსივნე, ძალიან საშიშია ორსული ქალებისთვის ამით მდიდარი საკვების მიღება, რადგან შესაძლოა, ნაყოფის განვითარების კუთხით სერიოზული პრობლემები გააჩინოს. გარდა ამისა, თუკი ბავშვი ძუძუთი კვებაზეა და დედა ქრონიკულად იღებს აფლატოქსინის დიდი რაოდენობით შემცვლელ საკვებს, აუცილებლად ბავშვზეც გადადის რძის მეშვეობით.
ბავშვებშიც და დიდებშიც ღვიძლის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს პირდაპირ, რომელიც შეიძლება კომაში გადავიდეს და ცუდი შედეგი დადგეს
ბავშვებში, ვისაც აღმოუჩინეს აფლატოქსინის ხშირი ექსპოზიცია, სიმაღლეში ზრდის პრობლემები ჰქონდათ“. – განმარტავს მაია ჩხაიძე.
პედიატრი თამარ ოგბაიძის თქმით, აფლატოქსინის დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა, ბავშვებში არამარტო ფიზიკურ, არამედ კოგნიტურ განვითარებასაც შეუშალოს ხელი.
„აფლატოქსინ M1 -ს აქვს მკვეთრად გამოხატული მუტაგენური ეფექტები. მას შეუძლია, დააზიანოს დნმ. ასევე მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე. მას შეუძლია დასწიოს მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონის დონე. ქალებში გამოიწვიოს უშვილობა, ნაყოფის ზრდის შეფერხება.
როგორც პედიატრისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტოქსინის ბავშვის ორგანიზმში ხანგრძლივი მოხვედრა, იწვევს განვითარების შეფერხებას. ეს ეხება არამარტო ფიზიკურ განვითარებას, არამედ კოგნიტურ განვითარებასაც. ამ ტოქსინს ახასიათებს ღვიძლის დაზიანება. მათ შორის შეუძლია, ციროზის და კიბოს გამოწვევა“. – ამბობს პედიატრი თამარ ოგბაიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ცნობისთვის,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ამავე თემაზე: