LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაღამ ნატოს თავის შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მთელი მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა, ამ კუთხით მათზე ვერსად წაიკითხავთ ან მოისმენთ“ – რა ისტორიას გვიზიარებს დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლებული აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის დედის შესახებ

870
სან_დრო ქინ_ქლა_ძე

8 დეკემბერს დაკავებული 18 წლის აქტივისტი, სანდრო ქინქლაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან იზოლატორი გუშინ დატოვა.

12 დღიანი პატიმრობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბული აქტივისტი მე­დი­ას კო­მენ­ტარს აძ­ლევ­და, რა დროსაც მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დედა მი­ვი­და. დედა-შვი­ლის ემო­ცი­ურ შეხ­ვედ­რას სოციალურ ქსელში უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ამოჰყვა. ჟურ­ნა­ლის­ტი დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია, რომ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია 18 წლის აქტივისტი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ემოციურ ისტორიას თავის გამომწერებს უზიარებს:

სანდრო ქინქლაძემ იზოლატორი დატოვა

სანდრო ქინქლაძემ იზოლატორი დატოვა

„დეიდაჩემზე უნდა მოგიყვეთ. მის გარდა კიდევ ორი დეიდა მყავდა, ორივე ტრაგიკული ბედით, ერთი ბაგრამიანის ბატალიონის ქალებმა მოგვიკლეს ომის დროს, მეორეს შვილი მოუკლეს და სულ ახლახან კიბოთი გარდაგვეცვალა – დებმა ენგურის ხიდზე გადააცილეს, რადგან შვილთან უნდოდა დასაფლავება. ასე გამოიტირეს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი, რადგან იცოდნენ, უკვე ვერასოდეს ნახავდნენ.
ყველაზე უმცროსი და – ნატო, რომ ამბობენ, დეიდას დედის სუნი ასდისო, ეგ იყო ნატო ჩემთვის. არასოდეს დამიძახებია დეიდა, ნატო იყო სულ, მისი გაზრდილი ვარ. რაც კი ბავშვობის ფოტო მაქვს, მისი ზენიტითაა გადაღებული. დედაჩემი თუ სწავლიდან დაწყებული, ზოგადად მოხულიგნო იყო, ნატო ზედმიწევნით ბეჯითი, ხუთოსანი, პუნქტუალური და ზედმეტად პატიოსანი. წითელ დიპლომზე დაამთავრა ფილოლოგიური, ქართულის მასწავლებელი იყო გალის რაიონში. ყველას თავისი ცხოვრება და ოჯახი რომ ჰქონდა, გასათხოვარი ნატო დედაჩემის ძირი სახლის მთავარი პატარა დიასახლისი გახდა. დის ქორწილი, ლოგინად ჩავარდნილი ჯერ ჩემი დიდი ბებია, მერე ბებიაჩემი – ყველაფერმა მის კისერზე გადაიარა. მერე იყო ომი, დევნილობა, უბედურება… გვიან გათხოვდა პავლეზე. ქორწილის დღეს, ჩვენს გურულ პავლეს, რომელსაც მის რაიონში პაჭუკის ეძახდნენ, განვუცხადე – დღეიდან შენ პაკო ხარ-მეთქი. მას მერე სალაყაიებში პაკოდ დამკვიდრდა. პაკო დეიდის ქმარი, სიძე ან ბიძა არ ყოფილა ჩვენთვის, პაკოზე ახლობელი არავინ გვყოლია. ჩემი შვილისთვის მამაზე ბევრად მეტი იყო. თუ ვინმე ნამდვილი მორწმუნე და ღვთისმოსავი მინახავს, ეს იყო პაკო.
შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო. ლუკმას იკლებდნენ და სანდროს ზრდიდნენ. ჩვენი პაკოც ტრაგიკულად დაგვეღუპა და ალბათ მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილს ასეთი რეაქცია არ ექნება, რაც მაშინ გადაიტანა. სანდრო საერთოდ ძლივს მოვაბრუნეთ. დასაფლავების მერე დეიდაჩემს განუცხადა – ვიცი, რომ ნაშვილები გყავართ და ღმერთს მადლობა, თქვენ რომ ჩემი მშობლები ხართო. სანდროს რომ უთხრა, აცანაში (გურიაშია მამამისის სოფელი) ასანთის კოლოფი დამრჩა, მიდი მომიტანეო, მეორე დღესვე გაგიჩენს. მომაკვდავი დეიდაჩემი სახლში რომ მყავდა, სანდრო იყო მარჯვენა ხელი – აბა ეს წამალი, იმ ექიმთან წაყვანა… გვაქვს ჩვენ მილიონი უთანხმოება, მაგრამ მის ადამიანურ თვისებებს ვერ გადავხაზავ. დეიდაჩემის ყოველი ორასზე ავარდნილი წნევა და ნერვიულობაც მსპობს ამასთან. ხუთი და-ძმიდან ეგ და დედაჩემი დარჩნენ, დანარჩენი სამი ძალიან ახალგაზრდა, უდროოდ და უსამართლოდ დაიღუპა, აღარ მინდა მეტი.
ამაღამ ნატოს თავის შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მთელი მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. ბევრი რამ დაიწერა სანდროზეც და დეიდაჩემიც ლამის ყველგან გამოჩნდა. ამ კუთხით მათზე ვერსად წაიკითხავთ ან მოისმენთ“ – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია.

დეიდაჩემზე უნდა მოგიყვეთ. მის გარდა კიდევ ორი დეიდა მყავდა, ორივე ტრაგიკული ბედით, ერთი ბაგრამიანის ბატალიონის ქალებმა…

Posted by Dudana Zakaraia on ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g