გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ, ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრობს და იუსტიციის საბჭოს იმჟამინდელ მდივანთან, ლევან მურუსიძესთან შეხვედრას იხსენებს.
როგორც ღელეყვა ამბობს, უკმაყოფილება დაიწყო მაშინ, როდესაც მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან თევზაძის არჩევას მხარი არ დაუჭირა.
„მან ღიად მითხრა, რომ კონკრეტულად ამ ფაქტს უკავშირდებოდა და ვერ დამნიშნავდნენ, რადგან სხვებისთვის ცუდი მაგალითი იქნებოდა.
თქვენთან ვამბობ პირველად – კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ლევან მურუსიძე ხვდება ივანიშვილს, მურუსიძე მოვიდა და მკითხა, ტელევიზორს მაინც არ უყურებო? შეხვედრა ბატონ ბიძინასთან გარკვეული მესიჯი იყო და ამით უნდა მიმხვდარიყავი ძალა ვის მხარეს იდგაო, თუმცა, ცხადია, მე ამით არ ვხელმძღვანელობ, მაშინ, ჩემი აზრით, მხარი იდეას მივეცი და ამას არ ვნანობ, თუმცა, მგონია ამ ქვეყანაში ეს იდეაც არ გაამართლებდა, რადგან კონკრეტული პერსონების არჩევა არაფერს შეცვლის და ამას სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება“, – განაცხადა ანა ღელეყვამ.
შეგახსენებთ, ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მოსამართლის, ანა ღელეყვას ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის” გვერდზე გუშინ, 14 სექტემბერს გავრცელდა.
ანა ღელეყვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი “მათდამი ერთგულება იყო” და ეს მას პირდაპირ უთხრა ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო.
„როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. მომავალში რა მოტივაცია ექნებათ (სხვა მოსამართლეებს) მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი“, – განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ.