LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, რომელიც ყოველდღიურად იბომბება, მაგრამ არ ნებდება – ზელენსკის მიმართვას კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ

165
1

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესს ონლაინფორმატში მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენის დროს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: “დიდება უკრაინას”.

თავად ზელენსკიმ კი მიმართვაში უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ახლა წყდება უკრაინის ბედი:

“პატივი მაქვს, მოგესალმოთ მამაცი უკრაინელი ხალხის სახელით, თავისუფლების მოყვარული უკრაინელების სახელით, რომლებიც 8 წელია რუსულ აგრესიას ებრძვიან, სწირავენ თავიანთ შვილებს, რათა რუსული სრულმასშტაბიანი მიმდინარე აგრესია შეაჩერონ. ამაყი ვარ მოგესალმოთ უკრაინიდან, კიევიდან, რომელიც ყოველდღიურად იბომბება რუსეთის მიერ, მაგრამ არ ნებდება, ჩვენ ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია.

უკრაინის ბედი ახლა წყდება, ახლა ირკვევა, ვიქნებით თუ არა თავისუფალი დემოკრატია. რუსეთმა არამარტო ჩვენ შემოგვიტია, არამედ ჩვენს ღირებულებსაც, ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ტანკებითა და თვითმფრინავებით.

ისინი ებრძვიან ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვაა:

“გაიხსენეთ პერლ ჰარბორი, გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის დღე, როცა ბოროტება თქვენს ქალაქს თავს დაესხა და უდანაშაულო მოქალაქეები დახოცა.

ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ამას განიცდის, სამი კვირაა. ოდესა, ჟიტომირი, დნეპრი და სხვა ქალაქები, სადაც რუსეთის ჯარები ხალხს მიზანში იღებს და ხოცავს.

რუსული ბომბები გვხოცავს.

ესაა ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. ნუთუ, ბევრს გთხოვთ, ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა. ნუთუ ბევრს გთხოვთ?! ან მაშინ ალტერნატივა შემოგვთავაზეთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა. მე მაქვს ოცნება და ამ სიტყვებს თქვენ კარგად იცნობთ – ჩემი ოცნებაა, ჩაკეტოთ ცა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის, კონგრესში ვირტუალურად გამოსვლის წინ, შეერთებული შტატების კანონმდებლები ოვაციებით შეხვდნენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

mazda magti 5g