LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაზე სამარცხვინო შედეგი ევროპაში არავის აქვს” – მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

gzebiii

მსოფლიო ბანკი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

კვლევაში ინდექსი და სარეიტინგო ქულა რამდენიმე მთავარი ფაქტორის მიხედვით დგება. ესენია: ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო გადაზიდვები, საბაჟო მომსახურება, ლოჯისტიკა და ა.შ.

რეიტინგი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, შეყვანილია მსოფლიოს 161 ქვეყანა. გვინეა, კონგო, ეთიოპია – ეს ის ქვეყნებია, რომელთა გვერდითაც საქართველო ამ სიაში ადგილს იკავებს.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ ეს შედეგი ქვეყნისთვის დამღუპველია და რამდენიმე მიმართულებას აფერხებს, მათ შორის პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.

„ყველაზე მთავარი, რაშიც ჩვენ მსოფლიო ბანკი გვიდგას გვერდით, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგისტრალების მშენებლობა და ა.შ. შესაბამისად, მსოფლიო ბანკი თვითონვეა დაინტერესებული, რომ ასეთი კვლევები გამოაქვეყნოს, რომ თავად დაინახოს რამდენად ეფექტიანია მისი მხარდაჭერა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ.

იმ ფონზე, როცა ვართ დერეფანი და შეგვიძლია გავხდეთ სატრანსპორტო კვანძი ამ რეგიონის, როგორც ამბობენ ჰაბი, ეს არის კატასტროფა. როდესაც რაღაცის ამბიციას აცხადებს და იმაში ხარ ბოლო ადგილზე, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მიზანს, რომელიც გაქვს. ამ ბოლო შედეგებმა პრაქტიკულად გაგვანადგურა,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ დავით მესხიშვილი.

რაც შეეხება მიზეზებს, მესხიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული რამდენიმე პრობლემა ან განხორციელებული ცვლილებებია.

„შესაძლოა არყევდეს ამ კვლევების შედეგებს ისეთი გადაწყვეტილებები, რომ მაგალითად ხორბალი არ შემოვიტანოთ ამ გზით და შემოვიტანოთ რკინიგზით; შესაძლოა პრობლემები გვქონდეს ცალსახად ინფრასტრუქტურული კუთხით; არ გამოვრიცხავ, რომ სიღრმისეული კვლევის დროს, ამ ნაწილში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც იყოს გათვალისწინებული, რადგან ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზომვის ერთერთი მთავარი კომპონენტი ესეცაა. ჩვენ გზებზე ხდება ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. ამაზე სამარცხვინო შედეგი ევროპაში არავის აქვს, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე დიდი ამბიცია, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებს ან ჩვენს მეზობლებს. 

როგორც ჩანს, კვლევაში შემავალი კომპონენტების სფეროებში, გვაქვს სრული რეგრესი და ეს ყველაფერი აისახა კვლევაში,“ – აღნიშნა მესხიშვილმა „ფორტუნასთან“.

მსოფლიო ბანკის რეიტინგები გამოქვეყნდა 2010, 2012, 2014, 2016 და 2018 წლებშიც. ამ წლებში საქართველო შემდეგ ადგილებს იკავებდა:

  • 2010 წ – 94-ე ადგილი
  • 2012 წ – 78-ე ადგილი
  • 2014 წ – 117-ე ადგილი
  • 2016 წ – 131-ე ადგილი
  • 2018 წ – 120-ე ადგილი

ამ მონაცემებს მესხიშვილი განსაკუთრებით კრიტიკულად აფასებს.

„2012 წლის შემდეგ, ფაქტობრივად შეუქცევადი რეგრესი გვაქვს. ის ათი საფეხური, რომელიც ვითომ რამეს ნიშნავს, 2016-დან 2018-მდე, სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს იმ ფონზე, როდესაც გადადიხარ ევროპის ქვეყნებში ბოლო ადგილზე,“ – ამბობს მესხიშვილი.

ის მოუწოდებს არა მხოლოდ მინისტრებს, არამედ პრემიერს მამუკა ბახტაძეს, რომ საკითხით დაინტერესდეს. მესხიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერმა საგანგებო ვითარებაში უნდა იპოვოს გამოსავალი, რადგან ეს კვლევა საქართველოში ეკონომიკის განვითარებას პირდაპირ უკავშირდება.

„ეს კვლევა ხელმისაწვდომია ინვესტორებისთვისაც. რომელი ქვეყანა შეიძლება დაინტერესდეს, ასეთი ჩამორჩენილი ინდექსით? საჭიროა საგანგებო რეჟიმში ამ ვითარებიდან გამოსვლა,“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

როგორც ჩანს რეგრესი გამოყოფილი თანხების უკუპროპორციულია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “ფორტუნას” მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ამ მიმართულებით, 2016 წელს 96 მლნ გამოუყო; 2017 წელს 120 მლნ; ხოლო 2018-ში – 173 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g