ალბათ ყველა ადამიანს აქვს რაიმე ისეთი, რომელსაც შეესაბამება სიტყვა – არასოდეს… ბერძენი მართლმადიდებელი ბერის მიხეილ ტოლოტოსის უჩვეულო „არასოდეს“ იმაში მდგომარეობს, რომ ის 82 წლის ასაკში ისე აღესრულა, რომ ვერ გაიგო თუ როგორ გამოიყურება ქალი! როგორ იცხოვრა მამაკაცმა 82 წელი დედამიწაზე ისე, რომ არასოდეს უნახავს საპირისპირო სქესის ადამიანის სახე?
ტოლოტოსის უჩვეულო ცხოვრება
ამ ადამიანზე იშვიათად საუბრობენ და წერენ, მის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იციან. ცნობები იმდენად მწირია, რომ პაზლებივით თუ ააწყობ. მიხეილ ტოლოტოსი 1856 წელს დაიბადა საბერძნეთში. დაბადებიდან სულ რაღაც 4 საათის შემდეგ ის დაობლდა – დედა გარდაიცვალა, მამის ვინაობაზე კი არავინ იცოდა.
ბიჭი უბრალოდ დატოვეს წმინდა მთის მართლმადიდებელი მონასტრის კიბეებზე. ბერებმა ის აიყვანეს, სახელი მისცეს, გაზარდეს.
მიხეილის ბავშვობამ, ისევე როგორც მთელმა ცხოვრებამ, ათონის მონასტერში გაიარა, სადაც ძალიან მკაცრი წესები მოქმედებდა და ყველა ვალდებული იყო ისინი დაეცვა. ბიჭი ისე გაიზარდა, რომ მონასტრის კარიბჭესთან მიახლოებისაც კი ეშინოდა. ათონზე 1060 წლიდან მკაცრი კანონი მოქმედებს: აკრძალულია ქალებისა და ცხოველების შესვლა. ეს კანონი დღემდე ძალაშია. ის შემოიღეს, რათა ბერები ნებისმიერი ცდუნებისგან დაეცვათ, რაც ყოველდღიურ უბიწოებას ხელს შეუშლიდა.
მიხეილ ტოლოტოსს არათუ არასოდეს უნახავს ქალი, არც კი იცოდა მათი არსებობის შესახებ სანამ კითხვა არ ისწავლა. მონასტერში მხოლოდ მამაკაც ტურისტებს უშვებენ, ხოლო ბერებს ეკრძალებათ წვერის გაპარსვა, დაბანა, ჩხუბი, კამათი და კითხვების დასმა თუ რა ხდება მონასტრის კედლებს მიღმა. რადგან ტოლოტოსს არ ჰქონია კონტაქტი გარე სამყაროსთან, ხოლო ქალებს არ ჰქონდათ მონასტერში შესვლის უფლება, ის გარდაიცვალა 1938 წელს, 82 წლის ასაკში ისე, რომ არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა საპირისპირო სქესი.
გარდაცვალების შემდეგ ათონზე მცხოვრებმა ყველა ბერმა მას განსაკუთრებული პატივი მიაგო. მიხაელი ცალკე დაკრძალეს, სპეციალურ ადგილზე, რადგან ბერები მიიჩნევდნენ, რომ ის იყო ერთადერთი მამაკაცი სამყაროში, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ ვერ გაიგო როგორ გამოიყურება ქალი.
ყველაზე დიდი ტერიტორია მსოფლიოში, სადაც ქალები აკრძალულია
ათონის მთის გარშემო ტერიტორია ძველი დროიდან მოყოლებული მართლმადიდებელი რწმენითაა გაჟღენთილი. წმინდა მთის გარშემო ორი ათეული მონასტერია, თითოეულს თავისი ასკეტი ბერების საზოგადოება ჰყავს. ისინი თავს იკავებენ ყოველგვარი ამქვეყნიური სიამისგან, ეწევიან მოკრძალებულ, მშვიდ ცხოვრებას. აქ მცხოვრები ბერები საზოგადოებისა და კულტურის განსხვავებული ფენებიდან არიან.
1060 წლიდან გამოქვეყნდა ქარტია, რომელიც ათონზე ქალების ყოფნას კრძალავდა, ასევე დედალი ცხოველების. ეს კანონი დღემდე მოქმედია 335 კვადრატული კილომეტრის ფართობის ნახევარკუნძულზე, რაც მას მსოფლიოში ყველაზე დიდ ტერიტორიად აქცევს, სადაც არასდროს დაუდგამს ფეხი ქალს. მათ ეკრძალებათ ნაპირთან 500 მეტრზე ახლოს მისვლაც კი. ათონი უნიკალურია იმით, რომ ნახევარკუნძულის მთელი ტერიტორია ერთ უზარმაზარ მონასტრად ითვლება.
დედალი ცხოველების არყოფნა ნიშნავს, რომ წმინდა მთაზე არ შეიძლება კვერცხისა და რძის წარმოება. ამიტომ ყველის და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიტანა გარე სამყაროდან ხდება. ათონი – მსოფლიოში ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც აკრძალულია ქალების მისვლა. ასეთივე წმინდა ადგილებია იაპონიაში ომინეს მთა და მუმბაიში – ჰაჯი ალის მეჩეთი.
იშვიათი გამონაკლისი
მიხაელისგან განსხვავებით, სხვა ბერებმა ქალები იხილეს. ტოლოტოსმა კი მხოლოდ ღვთისმშობლის სახე ნახა ხატებზე. ეს საუკუნოვანი აკრძალვა მხოლოდ ორჯერ დაირღვა. ერთხელ საბერძნეთში სამოქალაქო ომის დროს (1946-1949 წწ) ათონის მთა გლეხების ნახირის თავშესაფარი გახდა. ქალები შემდეგ თავიანთი შინაური ცხოველების გასარეკად მიდიოდნენ.
მეორე შემთხვევის დროს, ბერძენი ქალი სახელად მარია პოიმენიდუ მამაკაცად შეიმოსა და ათონზე სამი დღე გაატარა. მისმა შეჭრამ ბერების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ საბერძნეთის მთავრობამ ოფიციალურ კანონი მიიღო, რომელიც 1000-წლოვან ქარტიას მხარს უჭერდა. ახლა ქალებს სახელმწიფო დონეზე ეკრძალებათ ათონზე მისვლა. ყველა, ვინც გაბედავს აკრძალვის დარღვევას, 12-თვიანი პატიმრობა ემუქრება.
ბერები – განსაკუთრებული ხალხია, მათ ხომ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან ამქვეყნიურ სიხარულზე, რათა სრულად მიუძღვნან საკუთარი სიცოცხლე ღმერთს.