27 ივნისს რადიო„ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემას„არტ-FM“-ს მსახიობი თორნიკე ბზიავა სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– თორნიკე, ნეტფლიქსის ახალი ფილმი „დახსნა 2“, რომელშიც თქვენც მონაწილეობთ, ბოლო დროის ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული ფილმია. ელოდით თუ არა ასეთ წარმატებას?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ფანტასტიკური პროექტია და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მასში მონაწილეობა, მისი მასშტაბიდან გამომდინარე. საინტერესოდ წარიმართა სამუშაო პროცესი და მიხარია, რომ პუბლიკამაც მოიწონა ჩვენი ნამუშევარი. რადიკალურად განსხვავდება ქართული მუშაობისა და ცხოვრების სტილი ამერიკულისგან. აქ ადამიანები ხშირად უინტერესო, უსარგებლო საქმიანობით არიან დაკავებული – იაფფასიანი, გაყიდვადი რეკლამითა თუ სხვა იძულებითი საქმიანობით, ბაზრისა და თანხების გამო. იქ კი, თავდაუზოგავად შრომობენ და მართლაც გარკვეულად ფასეულს და მაღალ ხარისხს ქმნიან. ამიტომ დაფასება და პატივისცემაც შესაბამისია. ძალიან გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანების, მაღალი დონის პროფესიონალების გარემოში მოვხვდი და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.
– როგორ ემზადებოდით გადაღებებისთვის და საკუთარი როლისთვის?
– მზადება რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ. განსაკუთრებით რთული ორთაბრძოლების სცენები აღმოჩნდა, ამიტომ სპეციალისტი დაგვიქირავეს და ინტენსიურად ვარჯიში დავიწყეთ ჩასვლამდე 3 თვით ადრე.
– რისი დათმობა მოგიწიათ გადაღებებისთვის?
– რეჟიმის და დიეტის დაცვა მოგვიწია, გადაჭარბებულ ჭამაზე არასდროს გავგიჟებულვარ, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა რაციონის შეზღუდვა და ტკბილეულზე უარის თქმა. სირთულეების მიუხედავად, მაინც ძალიან ვისიამოვნე, რადგან უზარმაზარი მოტივაცია მქონდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან კარგ შედეგს მივიღებდით.
– როგორ მოხვდით ნეტფლიქსის პროექტში?
– დავით ვაშაძეს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან სწორედ მისი წყალობით მოვხვდი პროექტში. მას ასევე ამ პროექტის ქართველებთან ერთად ამოქმედებაში აქვს საწყისი და მთავარი წილი. ეკა მჟავანაძემ და თეკლა ჯავახაძემ დააკომპლექტეს მთელი ქართული ქასტი, რასაც მაღალ დონეზე გაართვეს თავი. ამასთანავე, ამერიკელ ჯგუფს ძალიან მოეწონათ ჩემი და თორნიკე გოგრიჭიანის ტანდემი სხვა ფილმებში, რაც შეისწავლეს. სამ ფილმში ვითამაშეთ ერთად და როგორც ჩანს, მართლაც კარგი დუეტი შევქმენით. ძალიან გამიხარდა, როცა თორნიკე ისევ გახდა ჩემი პარტნიორი. დიდ პატივს ვცემ, რადგან არაჩვეულებრივი მსახიობია და ბრწყინვალედ შეასრულა საკუთარი ამ მასშტაბის როლი. მოგვიანებით ქართველი მსახიობების დასი შევკარით და პრაქტიკულად ოცნება ავისრულე, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ მეგობრებთან ერთად მინდოდა ჰოლივუდის პროდუქციაში მუშაობა. განსაკუთრებული სიამოვნება მივიღე თინა დალაქიშვილთან და ანდრო ჯაფარიძესთან მუშაობისას, ასევე ბავშვებთან.
– რას გვეტყვით თქვენს მოკლემეტრაჟიან ფილმზე „თევზაობა“?
– ფილმი მეგობრებთან ერთად გავაკეთე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა 9-წუთიანი უწყვეტი კადრი, რომელიც ბრწყინვალე ოპერატორთან–არსენ ხაჩატურანთან ერთად გადავიღე. მანამდე იყო„აპრილის სუსხი“, რომელმაც მათ შორის ბევრი სერიოზული ჯილდო დაიმსახურა, „ბუდე“ და„მექელეხე“ მასთან ერთად ტრილოგიის ნაწილებია. „თევზაობის“იდეა უცებ მომივიდა, ფორმაც სწრაფად მოვნახე და მე მგონი საინტერესო ნამუშევარი, ერთგვარი ექსპერიმენტული ფილმი გამოვიდა, რადგან უამრავი სიახლე მოვსინჯეთ. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით შექმნილი ფილმი ფესტივალებზე ხვდება და პროფესიონალების მოწონებას იმსახურებს. ახლა სრულმეტრაჟიან ფილმზე ვმუშაობ, რომელშიც თევზაობიდან“ ნასესხები დეტალები და პერსონაჟებიც იქნება. პირველი სამი ფილმი ერთგვარ ტრილოგიაში გავაერთიანე, „თევზაობა“ დამოუკიდებელი პროექტია, „მაღლა თაზოა“კი სრული დოკუმენტური ფილმია, რომლის გადაღება 2017 წელს დავიწყეთ მე და პროდიუსერმა და ოპერატორმა ელია ფარსადანიშვილმა. ფილმს გრძელვადიანი გადაღებები აქვს, რადგან სურათში, მთავარი პერსონაჟის ზრდასთან ერთად მისი სხვადასხვა დროა დაფიქსირებული. ელიასთან ერთად ასევე, ცოტა ხნის წინ გამოვუშვით INBAX . სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ,,წერილი ბახალას” – მისი მეგობრებისგან გავაკეთეთ, რომელიც თბილისის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს და აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფესტივალებზე მონაწილეობა, გამარჯვება?
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ფესტივალები გვეხმარება გავაცნოთ ჩვენი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას. ამასთანავე, ფესტივალებში მონაწილეობა თვითრწმენას გმატებს და ახალ პროექტსაც უფრო მეტი სითამამით იწყებ, თუმცა მხოლოდ ფესტივალებისა და პრიზებისთვის მუშაობა ნაკლებად გამართლებულია. არიან რეჟისორები, რომლებიც სამწუხაროდ სპეციალურად ირჩევენ აქტუალურ თემებს და ასე ცდილობენ თვითდამკვიდრებას, თუმცა მათი ფილმები ხშირ შემთხვევაში ცარიელი, საერთო ჯამში უინტერესოა და რა თქმა უნდა ვერ უძლებს დროს.
– მსახიობობა უფრო კომფორტულია თუ რეჟისორობა?
– მართალია, ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ მაინც ძალიან განსხვავებული პროფესიებია, რადგან თავისი ნიუანსები და სპეციფიკა აქვს. რა თქმა უნდა, რეჟისურა უფრო საინტერესოა, რადგან საკუთარ ნაწარმოებს ქმნი, მაგრამ არც მსახიობობაზე ვიტყვი უარს თუ ფილმი, პერსონაჟი და მისი რეჟისორი მომეწონება. ნებისმიერ შემთხვევაში შრომაა საჭირო, რადგან ყოველთვის იმას უმართლებს, ვინც ბევრს შრომობს.
– რამდენად წაადგებათ ქართველ მსახიობებს ისეთი ვარსკვლავის პარტნიორობა, როგორიც კრის ჰემსვორთია?
– ცხადია, მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ვარსკვლავების ფილმებით ინტერესდება ფართო მაყურებელი და საყვარელ მსახიობებთან ერთად, ახალ, მანამდე უცნობ მსახიობებსაც ეცნობა. მარტო საქართველოში მუშაობით შეუძლებელია საერთაშორისო არენაზე გასვლა, წამყვანი ქვეყნების ფილმებში მონაწილეობა კი, ნებისმიერი ახალბედასთვის მშვენიერი სტარტია.
– ნეტფლიქსის პროექტის წარმატების შემდეგ შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ უცხოეთიდან?
– რამდენიმე წერილი მივიღე პრემიერამდეც, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტული შემოთავაზება მაინც ნიშნავს როცა უკვე ფილმზე მუშაობ.
– დედამ, ქალბატონმა ქეთი დოლიძემ როგორ შეაფასა თქვენი ნამუშევარი?
– ძალიან მოეწონა. საერთოდ, დედაც და დაც ყველა წამოწყებაში ძალიან მიჭერენ მხარს, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი და შეფასება.
– თამრისთან ერთად „პიგმალიონშიც“ გიხილათ პუბლიკამ ადრე, ინსტიტუტის დროს. რა ემოცია გეუფლებათ, როცა დასთან ერთად გამოდიხართ სცენაზე?
– სცენაზე თამრი მხოლოდ პარტნიორი იყო. ამას გარდა ის ძალიან კარგი და პროფესიონალი მსახიობია. ძალიან წარმატებულია სცენაზე, ასევე ბრიტანეთის ფესტივალებზე. ასეთ დროს ნაკლებად გახსოვს ოჯახი და ახლობლები, რადგან მხოლოდ სპექტაკლზე, საკუთარ და პარტნიორის პერსონაჟებზე ფიქრობ.
მსახიობი და ორთაბრძოლების დამდგმელი მწვრთნელი დანიელ ბერნჰარტი
თორნიკე ბზიავა, კირა ნაითლი, რუპერტ ფრენდი, მალკოლმ მაკდაუელი, ჯო რაიტი – IMDB-ს ფოტოგალერეა