ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ბავშვებში გაჯეტების გამოყენების ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს. თუ აქამდე ამავე ასოციაციის კვლევით, 2 წლამდე ბავშვებში კომპიუტერი და გაჯეტები იკრძალებოდა, დღეს მიდგომა შეიცვალა. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 2 წლამდე ბავშვების 30% მობილურ მოწყობილობებს მოიხმარს. მოზარდების 75%-ს აქვს საკუთარი სმარტფონები, აქედან 24% ამბობს, რომ სმარტფონით მუდმივად სარგებლობს.
2015 წლის ოქტომბერში გამართული სიმპოზიუმის Growing Up Digital-ის საფუძველზე ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ მობილური მოწყობილობები ბავშვს განვითარებასა და სამყაროს უკეთ შეცნობაში ეხმარება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები გაჯეტებს მშობლებთან ერთად მოიხმარენ. საინტერესოა, რომ ახალი რეკომენდაციები ეხება არა გაჯეტებთან გატარებულ დროს, არამედ მობილური მოწყობილობისა და ბავშვის ურთიერთობას.
- შეიმუშავეთ ერთიანი წესები ყველასთვის. ბავშვები ვირტუალურ სამყაროში ისე იქცევიან, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველგან უნდა იყოს წესები, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი.
- გახსოვდეთ, რომ ბავშვები აკოპირებენ უფროსების ქცევას. მნიშვნელოვანია, რა დროს ატარებთ მობილურ მოწყობილობებთან თავად და გაქვთ თუ არა დღეები, როცა მათ საერთოდ არ იყენებთ.
- გააკეთეთ ახალი აღმოჩენები ბავშვებთან ერთად. იყავით შუამავალი ბავშვსა და ვირტუალურ სამყაროს შორის. დაუსვით ბავშვებს კითხვები და თავად იყავით მზად ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ.
- გაჯეტების გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ, რას უყურებს ბავშვი და არა იმას, რამდენ დროს ატარებს ის მობილურთან. კარგია მობილურში იყოს განსანვითარებელი თამაშები და აპლიკაციები, რომლებიც ყურაღების კონცეტრაციის, ურთიერთობისა და მეხსიერების სტიმულირებას ახდენს. შეარჩიეთ ის აპლიკაციები, რომლებიც ბავშვთა ფსიქოლოგების მონაწილეობითაა შექმნილი.
- შეარჩიეთ თამაშები, რომლებიც ურთიერთობას ეფუძნება. გახსოვდეთ, რომ გაჯეტი არ უნდა გახდეს ცალმხრივი ურთიერთობის წყარო.
- სწორად გამოიყენეთ სოციალური ქსელი. როგორც წესი, მოზარდებისთვის ის თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა. თქვენი მუდმივი მონიტორინგის დახმარებით, ბავშვები შეძლებენ სოციალური ქსელის სწორად მართვას და შეცდომებს თავს აარიდებენ.
- აუცილებლად შექმენით თავისუფალი ზონები. სახლში უნდა იყოს ადგილი, რომელიც დაცლილია ელექტრომოწყობილობებისგან. აუხსენით ბავშვს, რომ ესაა დგილი, სადაც სმარტფონის ან სხვა მოწყობილობის გამოყენება არ შეიძლება. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახურ შეკრებებსა და გულახდილ საუბრებს.