LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი რეჟისორის ჯონათან ნოსიტერის ფილმების რეტროსპექტივა თბილისში

83

6-დან 10 ოქტომბრამდე საერთაშორისო კინოფესტივალი „KINOVINO“ და ხელოვანთა კავშირი „Conceptart“ ამერიკელი რეჟისორის, ჯონათან ნოსიტერის ფილმების რეტროსპექტივას გვთავაზობს.

რეჟისორი საქართველოში 6 ოქტომბერს ჩამოვა და საღამოს შვიდ საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის მთავარ აუდიტორიაში, ღვინის კლუბის წევრებს შეხვდება, თუმცა დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

7 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის მუზეუმი  მისი დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ნაჩვენები იქნება  „მონდოვინო“  და „ბუნებრივი წინააღმდეგობა“.

„მონდოვინო“ მეოთხე ფილმია  დოკუმენტური კინოს ისტორიაში, რომელიც კანის „ოქროს პალმის რტოზე“ იყო წარდგენილი. ხოლო ბოლო ფილმი „ბუნების წინააღმდეგობა“ პირველად 2014 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ორ განსხვავებულ სექციაში (პანორამა და კულინარია) აჩვენეს. ჯონათან ნოსიტერი საქართველოში ვიზიტისას გაეცნობა ქართული კინოსა და  მეღვინეობის კულტურას.

10 ოქტომბერს კი კინო „ამირანის“ დიდ დარბაზში  რეჟისორი  მხატვრული ფილმის „რიო – სექს-კომედია”  პრემიერას საქართველოში თავადვე წარმოადგენს.  მხოლოდ ერთი ჩვენება საღამოს რვა საათზეა დაგეგმილი და ბილეთების შეძენა biletebi-ge-ზეა შესაძლებელი.

პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, სხვა მრავალ აქტივობასაც მოიცავს: დეგუსტაციებს რამდენიმე მარანში, რომლებსაც საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია გაუძღვება,  სტუმრობა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში, ალავერდის მონასტერში, „ბადაგონის“ ღვინის ქარხანაში, თელავის, შუხმანისა და სტორის მარნებში და სხვა.

„კინოვინო“ საქართველოში ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს.

ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში, რასაც როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური წინაპირობები აქვს.

Screenshot_2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g