„ნიკოს ბენდის“ წევრი და შოუმენი ამიკო ჩოხარაძე ჟურნალ „სარკეს“ შვილების შესახებ უყვება, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
ორი შვილი გყავთ. როგორი მამა ხართ, დემოკრატი თუ კონსერვატორი?
დემოკრატი არის თუ კონსერვატორი, ამას ვერც ერთი მამა ვერ იტყვის. სიტუაციას გააჩნია. ზოგჯერ კარგია, რომ დემოკრატი იყო, ზოგჯერ კარგია, კონსერვატორი იყო. ამ ეტაპზე მაქსიმალურად ჩაფლული ვარ ჩემს საქმიანობაში, რადგან ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რომ ჩემი შვილები კარგად იყვნენ. დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი კარგი შვილები მყავს.
საბა 14 წლისაა, ემილი კი – 13 წლის. ვცდილობ, ქართული ტრადიციები არ დაკარგონ და ეს ჯერჯერობით გამომდის. პირადად მე მორწმუნე და ტრადიციების მოყვარული ადამიანი ვარ.
თუ არის ისეთი რამ, რასაც შვილებს უკრძალავთ?
უფლის მადლობელი ვარ, რომ ძალიან ნიჭიერი შვილები მყავს. ჩემს გოგონას ძალიან უყვარს გაჯეტები. ვცდილობ, ეს გაჯეტები კი არ მოვაშორო, არამედ გამოვაყენებინო, სწორი მიმართულება მივცე. 1987 წელს დავიბადე და ჩემს ბავშვობაში ინტერნეტსივრცე არ იყო. ჩემი ორივე შვილი კომპიუტერის ხანაში დაიბადა, ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი მათ სასიკეთოდ გამოვაყენებინო. ჩემი ბიჭი ფეხბურთს თამაშობს და საკმაოდ წარმატებულიცაა. გოგონას ხატვის ნიჭი გამოჰყვა და ვცილობ, გაჯეტები ხატვაში გამოიყენოს. 12 წლის გოგონა უკრავს და მღერის. შეუძლია, შექმნას ტექსტი, მუსიკა ჩაწეროს და ასე შემდეგ.
როცა თავისუფალი დრო გაქვთ, შვილებთან ერთად ატარებთ? რომელია თქვენი საყვარელი ადგილები?
ჩემი შვილები საქართველოში არ არიან, ევროპაში არიან, ამიტომ ვერ ვახერხებ მათთან თბილი და სასიხარულო მომენტების შეგრძნებას, თორემ ყოველდღე ვისეირნებდი მათთან ერთად. წელიწადში ერთი-ორჯერ ვახერხებ მათთან ჩასვლას, რომ მათ გვერდით გავატარო ის პერიოდი, რა დროითაც ჩავდივარ.
