ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
სამსახურის ინფორმაციით, ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი, სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.
“მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები,”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4; აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც დღის მეორენახევრამდე გაგრძელდება. დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.