LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირბარი – მასპინძლობა და მეტი

766
ამირბარი

„საქართველოს ყველა კუთხეს საკუთარი მიკროკულტურა, გასტრონომია, მასპინძლობის საკუთარი ხასიათი აქვს, ეს ყველაფერი კი მრავალფეროვან, მაგრამ ერთიან გამოცდილებას ქმნის. ამ განსხვავებული გამოცდილების მისაღებად ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან გვსტუმრობენ. შენ შეგიძლია, შენი ინდივიდუალიზმის გამოვლენით, ეს გამოცდილება კიდევ უფრო ნიშური გახადო…“ – ასეთი ტექსტით ეგებება ვებგვერდი „AMIRBARI – Hospitality & More“ თითოეულ ვიზიტორს და მასპინძლობის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნის მიღებას ჰპირდება.

კომპანია „ამირბარი“ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა. მისი მიზანია მომსახურების სივრცეების ინდივიდუალიზაცია, სტერეოტიპების ნგრევა, სტუმარმასპინძლობის სფეროსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ბიზნესის სწორი ხედვის ჩამოყალიბება.

ქეთი (ალიმბარაშვილი) ამირბარი, კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი, ლექტორი ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით:

– 17 წელია, რაც მასპინძლობის ინდუსტრიაში ვარ. ამ წლების მანძილზე კომპანიის გარეშე ვპოზიციონირებდი, იყო ბევრი დაბრკოლება, ბევრი წარმატება, მაგრამ  შემდეგ მივხვდი, რომ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი პატარა ქვეყანა და ინდუსტრია დგას, ცვლილებას ჩემგანაც მოითხოვდა, ამიტომ საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება გადავწყვიტე. ამ გუნდს უნდა გაეერთიანებინა არა მხოლოდ ჩემი თანამოაზრეები, არამედ ისეთი ახლებური ხედვების მქონე ადამიანები, რომლებიც ჩემს მრავალწლიან კლასიკურ გამოცდილებას დაშლიდნენ და საქმისთვის ახალი სულის შთაბერვაში დამეხმარებოდნენ. ასეთი ადამიანები ჩემი ყოფილი გამორჩეული სტუდენტები აღმოჩნდნენ. ვიპოვე თუ არა ისინი, „ამირბარიც“ შეიქმნა.

„ამირბარი“ ჩემი გვარია, რომელიც დიდ ისტორიას ატარებს. მას ბოლო წლები ფსევდონიმად ვატარებდი, იმდენად მომწონს. იქიდან გამომდინარე, რომ მოსწონდათ სხვებსაც, კომპანიის სახელწოდებად სწორედ ის შევარჩიეთ.

ჩვენი კომპანია მოწადინებულია, რომ საქართველოში მასპინძლობა და ტურიზმი უმაღლეს დონეზე განვითარდეს, ამაღლდეს როგორც ბიზნესის მფლობელების, ასევე მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ცნობიერება. თითოეულმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და ჩართულობა უნდა იგრძნოს. ასეთი მიდგომით ბევრად ადვილი იქნება დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გულითად მასპინძლობასთან ერთად შესაბამისი მომსახურების, გარემოს და პირობების შექმნა შეგვიძლია ინდივიდუალურად და არა „ქოფი ფეისთის“ ტექნიკით. ამ ყველაფრის მიღწევას სხვადასხვა აქტივობით ვაპირებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტრენინგები იქნება, რომლითაც შევდივართ კიდეც ბაზარზე. ტრენინგებს, ჩემ გარდა, დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.

– თქვენი გუნდი გაგვაცანით.

ნატალია ჩიკვაიძე – მას „ამირბარის“ პიარისა და მარკეტინგის მიმართულება აბარია. კვების ინდუსტრიასა და ციფრული კვების სამყაროში მრავალწლიანი გამოცდილებით იგი ჩვენთან მოსულ ადამიანებს კვების, მომსახურების სივრცის გონივრულ დაგეგმარებაშიც დაეხმარება, რადგან მისთვის ჰორეკა სექტორში გაჩენილი თითოეული ახალი კონცეფცია ახალი შესაძლებლობაა მასპინძლობის ინდივიდუალიზაციისთვის.

ბარბარე ამირბარი – მას კომუნიკაციებისა და გაყიდვების მიმართულება აბარია. ბარბარემ კარიერა წლების წინ სტუმარმასპინძლობის სამყაროში დაიწყო და გაყიდვებსა და სოციალური მედიის მართვაში მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვა. მას ეს გამოცდილება საშუალებას აძლევს, ბრენდების გაყიდვებისა და სოციალური მედიის სტრატეგიები თანხვედრაში მოიყვანოს.

მირიან გოცირიძე – ფოკუსირებულია ბრენდისა და ადამიანების განვითარებაზე. იგი „ამირბართან“ მოსულ ადამიანებს მათი ბრენდის სათქმელის სწორად გამოხატვასა და  სტუმრებამდე მიტანაში ეხმარება. სამუშაო პროცესებზე დაკვირვებისადმი სიყვარული მირიანს საშუალებას აძლევს, ბიზნესი და ადამიანები დაინახოს როგორც მაკრო, ისე მიკრო დონიდან.

ეს ის მთავარი გუნდია, რომლითაც „ამირბარი“ პოზიციონირდება, მაგრამ კონკრეტულ პროექტზე ინდივიდუალურად ირჩევა კონკრეტული დარგის ექსპერტი და მასთან ერთად იგეგმება ყველა მოთხოვნილი აქტივობა.

– ვინ იქნებიან ის ადამიანები ან კომპანიები, რომლებთანაც ითანამშრომლებთ?

– ისინი იქნებიან  კერძო ინვესტორები, ბიზნესმენები, სტარტაპერები, უკვე არსებული სასტუმრო ბრენდები, მასპინძლობის მომსახურების სივრცეები, რომლებისთვისაც ჩვენი ხედვები და იდეები მისაღებია, ვინც მოგვანდობს მათი ბიზნესების ინდივიდუალიზაციას.

– მასპინძლობის ინდუსტრია სხვაგვარად უნდა დაგანახოთო, ამბობთ და რა არის ის, რაც არ არის ცნობილი ამ სფეროს შესახებ ან ჯეროვნად არ ვიცით თავად საქართველოს მოქალაქეებმა?

– ბევრი რამ არის ასეთი, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან ბევრ სფეროსთან და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან იკვეთება პირდაპირპროპორციულად, მაგრამ მხოლოდ იმის ხაზგასმა, იმის გამეორება, რომ ჩვენ არ ვიცით მომსახურება, არ გვაქვს მზაობა კარგი მომსახურების გასაწევად და რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, არ არის გამოსავალი. ჩვენ, ვინც ამ სფეროში ვართ და ვთვლით, რომ საქმის პროფესიონალები ვართ, ჩვენზეა პასუხისმგებლობა, ზუსტადაც ჩვენ  უნდა შევცვალოთ ეს რეალობა, თუნდაც პატარა ნაბიჯებით. მით უფრო, რომ  იმ 17 წლის მანძილზე, რაც ამ სფეროში ვარ, ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, მეც პირადად გამოვცადე ის, რაც ტურიზმმა და მასპინძლობამ გამოიარა. ქართველი ადამიანი ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად არის, რადგან მასპინძლობა ჩვენშია, ეს ჩვენდაუნებური ცოდნაა,  გვინდა თუ არა, გამოგვდის. ახლა მთავარი რწმენა და სიყვარულია იმ საქმის, რასაც ვაკეთებთ,  ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სუსტი მხარეების გამოსასწორებლად.

– რომელ გლობალურ ტენდენციებს უნდა აუბარს მხარი ტურიზმის და მასპინძლობის სფერომ აუცილებლად და რომლებისგანაა სასურველი, კონკრეტულად ჩვენმა ქვეყანამ, თავი შორს დაიჭიროს?

– ჩემი სუბიექტური აზრით, იდენტობის შენარჩუნება ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეული ისტორიული ძეგლის სწორად პოპულარიზაცია და წარმოჩენა. იმხელა სიმდიდრე გვაქვს, როგორც ისტორიული, ასევე ბუნებრივი, რომელსაც შესაბამისად უნდა შეფუთვა და ჩვენება მსოფლიოსთვის. მაგრამ ამას ვერც მთავრობა, ვერც პოლიტიკოსები, მასპინძლობის ბიზნესების მქონე ადამიანები და ვერც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვერ შევცვლით, თუ ზოგადად თითოეულმა მოქალაქემ არ შეცვალა დამოკიდებულება, ცნობიერება თუ არ აგვიმაღლდა, ძალიან ძნელი იქნება. ტენდენციებს,  რა  თქმა უნდა, არ უნდა ჩამოვრჩეთ, მაგრამ საჭიროა მათი სწორი ადაპტაცია ჩვენს გარემოსთან.

– როგორ ფიქრობთ, რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი კომპანია და კონკურენციის ნაწილსაც შევეხოთ, თქვენს სფეროში რამ შეიძლება შეგანარჩუნებინოთ საკუთარი ნიშა?

– ჩვენი მიზანი და მისია, ჩვენს კლიენტებთან მიმართებით, მასპინძლობის ინდივიდუალიზაციაა. ასე ვფიქრობ კონკურენტებზეც, რადგან ყველა პროდუქტს ჰყავს თავისი მომხმარებელი. ჩვენ ხომ ყველა უნიკალურები ვართ და თუ შესაბამისი მიდგომები გვექნება და თან მაქსიმალურად დავიხარჯებით, რისკის წინაშე აღარ აღმოვჩნდებით. კონკურენტებს რისკების ჭრილში ვერც განვიხილავ, ყველა ჩემს „კონკურენტს“ მეგობრად ვთვლი. ვფიქრობ, ჩვენს გაერთიანებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.

magti 5g