თბილისში, „დინამო არენაზე“, სადაც საქართველოსა და სომხეთის მატჩი გაიმართა, ერთ-ერთ მომენტად გამოირჩეოდა 11 წლის გიორგი ძიგავას გამოსვლა გიორგი მიქაუტაძესთან ერთად.
პატარა გიორგის დედა, მაკა ფასუაშვილი, ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი ადრეულ ასაკში დაინტერესდა ფეხბურთით და „დინამო”-ს ბავშვთა გუნდში თამაშობს.
„გიორგი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. დადის ფეხბურთზე, დამოუკიდებელი საფეხბურთო გუნდია, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ქვეშ „ააიპ ვორიოსი“. ჩვენი ტრენერია გიორგი ციხისელი. გიო თავიდან ბურთით არ ინტერესდებოდა და მესამე წელია გიორგი მასწავლებელმა შეაყვარა ბურთი და ფეხბურთი“, – ამბობს მაკა ფასუაშვილი.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრას, გიორგის დედა იხსენებს, რომ ეს მომენტი მისი თვილისთვის განსაკუთრებული იყო.
„ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე დიდი გამოწვევა იყო. გიო მაღალფუნქციური, მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვია, ცოტა ქცევითი სირთულე აქვს. მისთვის ეს გამოცდა იყო ძალიან ემოციური. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უხარია, სტერეოტიპული მოძრაობები, რომელიც ახასიათებს, დიდ სიხარულს გამოხატავს.
რომ გაიგო, სტადიონზე ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად უნდა გასულიყო, ძალიან გაუხარდა, მაგრამ თითქოს არ ელოდა, თან არ იცოდა ვისთან ერთად გავიდოდა, ძალიან უნდოდა ჟორჟ მიქაუტაძესთან ერთად დგომა. მაგრამ ეს შერჩევით არ ხდება. რიგში აწყობენ და ისე გაჰყავთ ბავშვები. გიო ბოლოში იდგა, ბუთქუჩა რომ არის, ვუთხარი, ბოლოს იდექი, იქნებ კვარაცხელია შეგხვდეს-თქო, ვიცით, ხოლმე რომ ბომბარდირები ბოლოს დგებიან. მისთვის ხმაური და სიცივე დისკომფორტია, მგრძნობიარე ბავშვები არიან. ეს პირველი შემთხვევა იყო გიოსთვის, რომ ამხელა პუბლიკის წინაშე გამოვიდა. მაგრამ ბოლოს ძალიან გახარებული იყო, ჰიმნი ვიმღერეო. ძალიან დადებითად მიიღო, ცოტა გაჩერება გაუჭირდა.
ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, ტექნიკა ახლოს არ მისულიყო მასთან და მისი ყურადღება სხვა რამეზე არ გადართულიყო. ძალიან შთამბეჭდავი იყო ყველაფერი. უკან რომ დაბრუნდა თქვა, რომ ჟორჟის შეხვდა. უამრავი ადამიანი გვირეკავდა. საბოლოოდ გიო დარჩა სტადიონზე და თავის დასთან და ჩემთან ერთად ბოლომდე უყურა. დღეს თერაპიაზე რომ მყავდა, სპეციალისტს ყველაფერი მოუყვა, ვინ გაიტანა გოლები, ქურთუკი როგორ ჩააცვეს.
დიდი მადლობა ჟორჟს, აქამდეც დიდი ფანი ვიყავი მისი და კვარაცხელიასი. დარწმუნებული ვარ, ჟორჟი მიხვდა, რომ გიორგი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იყო, ძალიან დიდი მზრუნველობით მოექცა, როგორ ათბობს ხელებით, ეფერება, ქურთუკს თავისი ხელით აცმევს, მიხვდა, რომ დახმარება იყო მისთვის საჭირო. უდიდესი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. გიოს ეს არასდროს დაავიწყდება“, – ამბობს მაკა ფასუაშვილი.