19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა., ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც დიდი ალბათობით ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია ოპოზიციის კანონპროექტი.
„ვერ შევთანხმდით. ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე, რომელიც სრულ შესატყვისობაშია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან.
ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების” ვერსიით ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის.
ჩვენი პროექტით, საჭირო არ არის ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. “ქართული ოცნების” შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას რიგი ჩვენი შენიშვნებისა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ დღეს, პირველი მოსმენით, სესიაზე თავიანთი პროექტის გატანას აპირებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.
