პირველი ივნისიდან, ამოქმედდება სტანდარტი, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი დეტალები სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ და განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში, რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინოს მუშაკმა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა და სისტემატიზაციის მიზნებზეც ისაუბრა.
ბარკალაიას განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ღამის საათებში, სოციალური მუშაკების ჩართვა გადაჭარბებულად იქ ხდება, სადაც საჭირო არ არის, რიგ შემთხვევებში კი პირიქით, სადაც საჭიროა, იქ არ არის სოციალური მუშაკი:
“დღესაც სოციალური მუშაკი ღამის საათების განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას ახდენს. უბრალოდ, დღეისათვის არ არის კონკრეტულად იდენტიფიცირებული ის შემთხვევები, როცა სოციალური მუშაკისთვის აუცილებელია რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი პრაქტიკა, სადაც რიგ შემთხვევებში სწორად ხდება სოციალური მუშაკების ჩართვა ღამის საათებში და მათთან დაკავშირება, რიგ შემთხვევებში, ზედმეტად და გადაჭარბებულად იქ, სადაც არ არის საჭირო, რიგ შემთხვევებში პირიქით, სადაც საჭიროა, იქ არ იქნა ჩართული სოციალური მუშაკი.
სწორედ ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც ახლა გავწერთ და პირველი ივნისიდან დამტკიცდება. კონკრეტულად გაიწერება სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ, სისტემატიზაცია მოხდება, რომ კონკრეტულად იყოს განსაზღვრული რა შემთხვევაში, რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინოს სოციალურმა მუშაკმა.” – თქვა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების საკითხიც იქნება გათვალისწინებული.