ამსტერდამის ახალ უბნებში დაიწყო უფასო ელექტროველოსიპედების სატესტო პროგრამა. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, ორი თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ ელექტრო ველოსიპედებით და თავად შეაფასონ მისი კომფორტი და მოხერხებულობა.
ელექტრო ველოსიპედები მსურველებს სადაზღვევო პაკეტით და ძირითადი აქსესუარებით გადაეცემათ. სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ველოსიპედის შეღავათიან ფასად შეძენა შეეძლებათ.
პროგრამა ამჟამად მოქმედებს ორ ახალ უბანში — Strandeiland და Centrumeiland — რომლებიც ხელოვნურ კუნძულებზეა აშენებული. ეს ტერიტორიები სპეციალურად დაპროექტდა მწვანე ზონებითა და ველობილიკებით, რათა ქალაქის მცხოვრებლებმა ავტომობილები უფრო იშვიათად გამოიყენონ.
მუნიციპალიტეტის განცხადებით, ჩვეულებრივი ველოსიპედი ყველასთვის კომფორტული არაა, განსაკუთრებით შორი მანძილის გასავლელად. ელექტროველოსიპედი კი ამარტივებს გადაადგილებას ქალაქის ცენტრისკენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამოკიდებულების გარეშე.
პროგრამა გათვლილია ახალ მოსახლეებზე, რომელთა შორის ბევრი სოციალურ ბინებში ცხოვრობს.
ადრე მსგავსი ინიციატივა განხორციელდა მეზობელ უბანში და შედეგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: მონაწილეთა ნახევარზე მეტმა სატესტო პერიოდის შემდეგ ელექტროველოსიპედი დაიტოვა.