ამსტერდამის ცენტრში, დამის მოედანზე, უკვე ერთ საუკუნეზე მეტია ყოველ ზაფხულს ცოცხლდება პატარა წითელ ოქროსფერი სახლი – თოჯინების თეატრი, რომლის გმირებიც იან კლაასენი და კატარაინი არიან. ახლა ეს თეატრი, რომელიც ყველა ამსტერდამელისთვის კარგად ცნობილია, ოფიციალურად გამოცხადდა ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. სიახლის შესახებ I am expat წერს.
თოჯინების წარმოდგენები დამის მოედანზე ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. ეს იყო ქუჩის სპექტაკლები უბრალო მოქალაქეებისთვის, რომლებიც იკრიბებოდნენ ამსტერდამის მთავარ მოედანზე, რათა ყოველდღიურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ ამბებზე ეხუმრათ. მთავარი გმირები – იან კლაასენი და მისი ცოლი კატარაინი – XVII საუკუნის ხალხური პერსონაჟებიდან წარმოიშვნენ.
იან კლაასენი განასახიერებს ტიპურ ამსტერდამელს: ჭკვიან, ოდნავ ზარმაც, მაგრამ კეთილი გულის მქონე ადამიანს; კატარაინი კი მისი ენერგიული ცოლია, რომელიც ხშირად ამრეზით აკრიტიკებს ქმარს მისი ხუმრობების გამო.
თეატრის უნიკალურობა ისაა, რომ მისი სპექტაკლები სრულიად იმპროვიზაციაა – თოჯინების ოსტატი ეყრდნობა არა სცენარს, არამედ მაყურებლის რეაქციას.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მიღება თეატრისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მისი ისტორიული მნიშვნელობის აღიარებას, არამედ გარკვეულ ვალდებულებებსაც: ტრადიციის შენარჩუნებას, ახალგაზრდა მსახიობების სწავლას და თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას მოსწავლეებსა და ტურისტებს შორის.
ამ მისიას ასრულებს იან კლაასენის აკადემია – მცირე ზომის სკოლა-სახელოსნო, სადაც დღევანდელი შემსრულებელი ეგონ ადელი და მისი წინამორბედები თოჯინების თეატრის ოსტატობას ასწავლიან. აკადემია დაკავებულია თოჯინების შექმნითა და აღდგენით, თამაშისა და იმპროვიზაციის სწავლებით, პერსონაჟების ისტორიისა და ძველი ტექსტების შესწავლით, ასევე თანამედროვე ვერსიების დადგმით.