ამსტერდამში ძალაში შევიდა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ეკოლოგიური სარეკლამო შეზღუდვა ევროპაში – 2026 წლის 1-ლი მაისიდან ქალაქში აიკრძალა წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების რეკლამა, მათ შორის ბენზინისა და დიზელის ავტომობილების პოპულარიზაცია. ამის შესახებ BBC წერს.
ახალი რეგულაციით, აკრძალვა ვრცელდება როგორც შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე, ისე მათ გამოყენებასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ სერვისებზე. მსგავსი რეკლამების განთავსება აღარ იქნება შესაძლებელი ბილბორდებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, მეტროში და სხვა მუნიციპალურ სივრცეებში.
გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში მიიღო და ის ამსტერდამის კლიმატური სტრატეგიის ნაწილად განიხილება. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, მსგავსი რეკლამები ზრდის მოთხოვნას ეკოლოგიურად მავნე ტრანსპორტზე და ეწინააღმდეგება ქალაქის მიზანს – მავნე გამონაბოლქვის შემცირებას.
ამსტერდამი მსოფლიოში პირველი დედაქალაქი გახდა, სადაც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების საჯარო რეკლამირება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა. თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ მუნიციპალურ სარეკლამო სივრცეებს ეხება და არ ვრცელდება კერძო მედიაზე, მათ შორის ინტერნეტსა და ბეჭდურ გამოცემებზე.

ეს ნაბიჯი უფრო ფართო ევროპული ტენდენციის ნაწილია. მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს ჰააგაშიც, სადაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რეკლამა 2024 წლიდან შეიზღუდა.
ამასთან, 2025 წლის ბოლოს ევროკომისიამ ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების განახლებული გეგმაც წარადგინა. ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2035 წლისთვის ევროპულ ავტოპარკში მავნე გამონაბოლქვი 90%-ით უნდა შემცირდეს.
