ამსტერდამში აპირებენ, რომ ველოსიპედის გვირაბები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადონ. ქალაქის მერიამ ადგილობრივებს მიმართა, რათა ისინი 5 ყველაზე უსიამოვნო გვირაბის გამოვლენაში დახმარებოდნენ, წერს The Mayor.
შერჩეულ გვირაბებს ისე განაახლებენ, რომ მათი გამოყენების სურვილი ყველას გაუჩნდეს. ჩანაფიქრის მიხედვით, გვირაბებში არსებულმა ატმოსფერომ გრძნობის ხუთივე ორგანოში სასიამოვნო შეგრძნებები უნდა გამოიწვიოს, იქნება ეს გემო, ყნოსვა, მხედველობა, სმენა თუ შეხება. მაგალითად, გვირაბებში ესთეტიკური განათების გარდა დაიწყებენ სასიამოვნო მუსიკის ჩართვას და ყვავილების არომატებს გაუშვებენ.
გარდა ამისა, ველოსიპედისტებისთვის გადაადგილებას მთელი ქალაქის მასშტაბით უფრო კომფორტულს გახდიან. იგეგმება რამდენიმე შუქნიშნის ისე გადაკეთება, რომ გარკვეულ დღეებში მათ ველოსიპედებისთვის მწვანე შუქი უფრო ხშირად ჩართონ, ვიდრე ავტომობილებისთვის.