„ნუ ცრუობს, დაანებოს ამ ცრუპენტელობას თავი, ამხელა კაცია, ამბიონზე დადგეს ან იგალობოს ან რაღაც გააკეთოს, თორემ დავიტანჯეთ,“ – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ რამიშვილი მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის 20 000 ლარს სთხოვდა, თუმცა, სასამართლომ ერთი ლარის გადახდა დააკისრა.
მეუფის განმარტებით, ამ თანხას ის მურისიძეს და ჩინჩალაძეს გადაახდევინებს.
“კანონის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება. მას აქვს უფლება გასაჩივრების.
ფაქტი ერთია, არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რაც ბუმერანგივით ცუდად დაგიბრუნდება. უნდა მიხედო შენს თავს, ტვინს, ცხოვრებას და არა „ვანკა ვსტანსკასავით“ ხან იქით გადახტე და ხან აქეთ, ხან პატიება იქადაგო და ხან, არავის არაფერს ვაპატიებო, გაიძახოდე – ეს გაუგებარია. კი ბატონო, 20 000-ს ვითხოვდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჩემი პატივი და ღირსება შეუფასებელია. სასამართლომ კი არ დააკისრა, მე თვითონ შევცვალე ჩემი სასარჩელო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით,” – აცხადებს რამიშვილი.
ადვოკატი პატრიარქის ქორეპისკოპოსს საკუთარ თავში გარკვევისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.