პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით დაიწყო.
ოპოზიციის დეპუტატებმა ვაკის პარკში მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის სხდომას ესწრებოდა პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური, რომელმაც სწორედ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა”.
როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერი, საკრებულოში მათ არაერთხელ დაიბარეს, თუმცა კახა კალაძემ ამაზე უარი განაცხადა.
“ძალიან მძიმე შემთხვევაა, უმძიმესი ფაქტია. პასუხისმგებლობების ფორმებიც განსხვავდება. არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობა.
ბრიფინგმა გვაჩვენა, რომ სისტემურ პრობლემასთან და სისტემურ ხარვეზთან გვაქვს საქმე. ეს გამოვლინდა და ზედაპირზე ამოვიდა.
რეალურად, სისტემური ხარვეზების, მათ შორის კორუფციული მიმართულებით ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს და მეტსაც გეტყვით.
როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი. კახი კალაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე ნამყოფი არის მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდებოდა თბილისის მთავრობის დამტკიცება.
როგორც კი საკრებულომ დაიწყო საქმიანობა, ჩვენმა გუნდმა მივმართეთ მას როცა იმყოფებოდა საკრებულოში.
მივმართეთ და შევთავაზეთ, რომ თუ გნებავთ, დახურულ ფორმატში, მედიის გარეშე, გავაკეთოთ ანტიკორუფციული კომისია, რომელიც შეისწავლის კორუფციის სავარაუდო სისტემურ პრობლემას და სქემებს. ამაზე მისი პასუხი იყო აგრესია, აგრესიულად მოუბრუნდა ჩვენს გუნდს.
ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა არაერთხელ დაიბარეს კახი კალაძე საკრებულოში და კალაძე, რა თქმა უნდა, საკრებულოში არ გამოცხადდა.
იცით რატომ? ამ ადამიანს, სამწუხაროდ, არანაირი ანგარიშვალდებულების განცდა არ აქვს.
ამ მომხდარმა ტრაგედიამ და შსს-ს ბრიფინგმა გვანახა, რომ არის სისტემური ხარვეზები, მათ შორის კორუფციის მიმართულებით.
ეს კომპანია, რომელზეც არის საუბარი და ფურცხვანიძე, რომელიც საზოგადოებამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გაიხსენა, ყველას გვახსოვს წლების წინ ამ ადამიანის გვარი. ეს პრობლემა ხომ ბოლო დღეებში არ გაჩენილა? უბრალოდ ამ უმძიმესმა შემთხვევამ ზედაპირზე ამოიყვანა და ისევ აქტუალური გახადა.
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების პრობლემა ხომ წლებია არსებობს?
ამ კომპანიაზეც გავრცელდა ინფორმაცია შავი სიიდან ამოღების შესახებ, რა ნიშნით იქნა კომპანია შერჩეული?
მხოლოდ დაბალ რგოლზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გადატანა არ მოხსნის კითხვის ნიშნებს, პირიქით, შეიძლება უფრო გაამძაფროს კითხვის ნიშნები. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დაიბარა კალაძე საკრებულოში, მან არ იკადრა მისვლა იმიტომ, რომ არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად,” – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.