LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

55
ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.­ აღნიშნული მოთხოვნით მან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას სახელზე განცხადება უკვე შეიტანა.

ანა დოლიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც “ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით 200 დღეზე მეტია  საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, საზოგადოებაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომელსაც პრობლემის მშვიდობიანად დასრულებისთვის, აუცილებლად სამართლებრივი და კვალიფიციური პასუხის გაცემა სჭირდება.

“როგორც ცნობილია, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება შექმნილია სახელმწიფოს მიერ და დადებულია საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (შემდგომში „ენკა რინუებლზი) შორის.

სწორედ ეს ხელშეკრულება იწვევს ბევრ გაურკვევლობას. ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე სრულად პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ  რომლებიც ხალხს ღიად არ ესაუბრებიან და არ ცდილობენ პასუხის გაცემას ბევრ იმ საეჭვო გარემოებაზე, რაც ხელშეკრულებაშია აღმოჩენილი”. – განაცხადა ანა დოლიძემ.

სწორედ აქედან გამომდინარე, “ხალხისთვის” ლიდერი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციაში გამოსავალი პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება.

“მივიჩნევ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე დაყრდნობით და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 61-ე მუხლის „დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლებით“, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია გამოსავალი იქნება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს შესაბამისი რეაგირების მიზნით გამოიკვლევს  და ამით ყველა არსებულ კითხვას პასუხს გასცემს”. – დასძინა ანა დოლიძემ.

magti 5g