„რუსთავი 2“-ის წამყვანი, ანა კოშაძე წერს, რომ დღეს არჩევანი არის ავტორიტარულ რეჟიმსა და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას შორის:
„საღამოობით ყველა ჩემს მეგობარს და ნაცნობს ვეფერები, ვინც აქციაზე მხვდება… მიყვარხართ და მეამაყებით. აქ წერა და ინფორმაციის გაზიარებაც მიჭირს უკვე, ისეთი გამოფიტული და ემოციურად დაღლილი ვარ. მერე მახსენდება რომ ჩვენს წრეში ვართ ჩაკეტილები და ინფორმაციის გაზიარება საჭიროა რომ ყველამ გაიგოს.
ყოველი დილა წინაზე ბევრად მძიმეა. დღეს ერთ-ერთი მოძალადის დედის ვიდეო რომ ვნახე, გაზიარება აღარ მინდა, მეგონა, მოვკვდებოდი. დედა ცოცხლად მოკლა შვილმა. შვილი კიდევ სისტემამ. სხვანაირად არ ვიცი, როგორ ვთქვა. ჩემზე ბევრად ჭკვიან, გამოცდილ, კომპეტენტურ ადამიანებს მილიონჯერ აქვთ ახსნილი, მაგრამ მეც დავწერ მაინც. დღეს არჩევანი გვაქვს ადამიანის უფლებებს/თავისუფლებასა და ავტორიტარულ რეჟიმს შორის. დღეს თუ იმ ადამიანებს იჭერენ, დევნიან, ვინც ხმამაღლა აპროტესტებს, თუ არაფერს შევცვლით, თუ არ გავაპროტესტებთ, ხვალ ჩვენც მოგვადგებიან და რომ მოგვადგებიან, სამართალს ვერსად ვიპოვით. ის ადამიანების ვინც ხმაურობდნენ აღარ იქნებიან და ვერ დაგვეხმარებიან. სასამართლო კი უკვე ამ რეჟიმის ხელთაა. ევროპა და ამერიკა სამოთხე არ არის. არც ჩვენ ვართ შვეიცარია. არჩევანის გაკეთება გვიწევს, მამუკა ღლონტს დავესესხები, მეორად მერსედესსა და მეორად ჟიგულს შორის, იმიტომ რომ ლამბორგინის ვერ ვყიდულობთ. ვინც აქციაზე ვერ/ან არ ხართ, მაგრამ რაც დავწერე იმაში მეთანხმებით, თქვენთვის მისაღები ვიდეო/პოსტი გააზიარეთ რომ სხვა ადამიანებსაც მიწვდეს ხმა~.
საღამოობით ყველა ჩემს მეგობარს და ნაცნობს ვეფერები ვინც აქციაზე მხვდება 💜 მიყვარხართ და მეამაყებით. აქ წერა და…
Posted by Ana Koshadze on Thursday, December 5, 2024
ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-8 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.