LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კოშაძის დაუვიწყარი არდადეგები და ერთი მთავარი რამ, რასაც მოგზაურობისას უპირატესობას ანიჭებს – „მოვიარე თუშეთი, ყაზბეგი და დასვენება დასრულდა ამალფის სანაპიროზე…“

1359
ანა კოშაძე

ანა კოშაძემ ზაფხულის არდადეგები ძალიან საინტერესოდ გაატარა. „ინსტაგრამზე“ უამრავი ვიდეო გაგვიზიარა, სადაც საკუთარ მოგზაურობის დღეებს ასახავს. ზაფხულის თავგადასავლებს წინასწარ გეგმავს, სურს, რომ შვილებს საქართველოს სხვადასხვა კუთხე ანახოს, წელსაც ასე მოხდა, შემდეგ კი იტალიაც მოინახულა, რის შესახებაც fortuna.ge-ს უამბობს.

ანა კოშაძე:

კარგი ზაფხული მქონდა, მოგზაურობა მთით დავიწყე და ზღვით დავასრულე. თუშეთში გავემგზავრე, იყო სოფლები, რომლებიც არ მქონდა ნანახი, მოვიარე ხეობები, დავესწარი ერთ-ერთ დღესასწაულს. თუშეთში, ზოგადად, ძალიან ჯადოსნური გარემოა, საქართველოს არც ერთ მთას და რეგიონს ეს არ აქვს, არ არის ცივილიზაცია და ურბანიზაცია შესული, ულამაზესია. ერთი მხრივ ცუდია, რომ დენი არ არის, მეორე მხრივ, ძალიან ავთენტიკური გარემოა. ივლისის ბოლოს გახლდით ხუთი დღით მეგობრებთან ერთად.

მერე როგორ გაგრძელდა შენი ზაფხული?

ჩემი არდადეგები გაგრძელდა იტალიაში. მოვიარე ამალფის სანაპირო, სორენტო, პოზიტანო, კაპრი, ნეაპოლი – რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი გარემოა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც მივდივარ, იქაურ საჭმელს.

არ ვიცოდი, ასეთი გურმანი თუ იყავი…

(იღიმის) ამ მოგზაურობის დროს, გაჩნდა იდეა, რომ დავიწყოთ „იუთუბ“-არხი, რომელიც გასტრონომიას მიეძღვნება. არ ვიცი, რა გამოვა, დასვენების პარალელურ რეჟიმში ვიღებდით, სექტემბრის ბოლოს დავიწყებთ ვიდეოების ატვირთვას. ბევრი საინტერესო კერძი გავსინჯე – ნეაპოლში ვიყავით პიცერიაში, რომელიც ფუნქციონირებს 1870 წლიდან, სადაც გადაიღეს ფილმი ჯულია რობერტსის მონაწილეობით – Eat Pray Love. სულ ორი პიცა აქვთ მენიუში, კილომეტრიანი რიგია შესვლაზე. ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს საინტერესო ზღვის პროდუქტების კერძებიც გადავიღეთ. თბილისსაც მოვივლით და საქართველოს სხვა კუთხეებსაც და აქ მიღებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ ჩვენი ახალი არხის საშუალებით. ვიდეოს დავდებთ თუშეთიდანაც…

შენი იდეალური დასვენების რეცეპტი გაგვიზიარე…

პირველ რიგში, უნდა იყოს საინტერესო და ახალი საჭმელი, განსხვავებული ლანდშაფტი და გარემო, არქიტექტურა. რაღაც ახალს რომ ვნახულობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია. მიყვარს მთაც და ზღვაც. მთა ენერგიით მავსებს, ყაზბეგშიც გახლდით, არ ვიცი, რატომ გამოვტოვე მთაზე საუბრისას… სოფელ სიონში დავრჩით, თან, ივლისში ისეთი ყვავილები ყვაოდა ამ ალპურ ზონაში, საოცრად განსხვავებული.

ზაფხულის არდადეგებს წინასწარ გეგმავ ხოლმე?

აუცილებლად წინასწარ ვგეგმავ, როგორც წესი, მინდა, ბავშვებს მოვატარო მთელი საქართველო. ყოველ ზაფხულს სხვადასხვა რეგიონის მონახულებას ვგეგმავთ, შარშან იყო სვანეთი, შარშანწინ იმერეთი, წელს – ყაზბეგი. საზღვარგარეთ მამას ჰყავდა წაყვანილი და მე აღარ წამიყვანია. თუ მაქვს ხოლმე საზღვარგარეთ ზღვაზე წასვლის საშუალება, ვცდილობ, ისეთი ადგილები მოვინახულო, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ.

რომელია შენი საოცნებო ადგილი დასასვენებლად და მოსანახულებლად?

იმდენ ადგილას მინდა წასვლა, შენ ფინანსები თქვი, თორემ… (იღიმის) ჩემი ოცნების მიმართულებაა ზანზიბარი, ტანზანიის მონახულება მაქვს ოცნებად. მინდა, დავგეგმო ეგზოტიკური ქვეყნების ნახვა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g