LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა სართანიას გამოსვლა „ნიჭიერში“, რომელსაც მისი ტყუპისცალი განსაკუთრებულად ელოდება: „ამ სცენაზე დგომა ჩემთვის ნოსტალგიაა. სწორედ „ნიჭიერის“ ვიდეოში მნახა ჩემმა დამ პირველად და გაჩნდა ეჭვი… ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ იცის, რომ დედობას ვერ გაგვიწევს…“

695
1 (1)

„ნიჭიერში“ პირველად მაშინ მიიღო მონაწილეობა, როცა 11 წლის იყო. სწორედ ამ ვიდეოს საშუალებით ნახა პირველად ის მისმა ტყუპისცალმა დამ, თაკო ხვიტიამ. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც შეიძლება მხოლოდ ფილმებში გვინახავს – გაშვილებულმა ტყუპისცალმა დებმა ერთმანეთი იპოვეს… „ბი-ბი-სის“ ფილმის საშუალებით კი, რომელიც გოგონების შესახებ გადაიღეს, დებს ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.

ამჟამად ანა სართანია ისევ იმ პროექტის მონაწილეა, რომელიც გახდა პირველი ნაბიჯი ტყუპისცალის პოვნისკენ. „ნიჭიერის“ ახალ სეზონზე ანას საცეკვაო შესაძლებლობებს ვიხილავთ. მაყურებლისთვის ანას განსაკუთრებული შეტყობინება აქვს, რომელსაც fortuna.ge-ს მკითხველსაც გაუზიარებს.

ანა, როგორ გადავწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობა? მით უმეტეს, ეს პროექტი შენთვის ერთგვარად საბედისწერო აღმოჩნდა…

საქართველოში თავის წარმოჩენა, როგორც მოცეკვავესი, ძალიან რთულია. მე მცნობენ, როგორც გოგოს, რომელმაც ტყუპისცალი და იპოვა. „ნიჭიერში“ მონაწილეობა ორი მიზეზის გამო მინდოდა – პირველი ჩემს ცეკვას უკავშირდება, მინდოდა, მეჩვენებინა ის სტილი, ჰილსი, ანუ ქუსლებზე ცეკვა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არცთუ პოპულარულია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი გამოსვლით მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს… პირველი გამოსვლა სწორედ ეს არის, მაგრამ შემდეგ გამოსვლებში, თუ შესაძლებლობა მომეცემა, ჩემს ისტორიას მოვყვები, იმას, რაც თავს გადამხდა და მაყურებლისთვის მექნება მთავარი მესიჯი – მიუხედავად იმისა, რა გადაგხდებათ თავს, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რაც ცხოვრებაში შეგხვდებათ, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ბევრი ცუდი რამის შემდეგ კარგიც ხდება ცხოვრებაში და ამის ჩვენება მსურს.

ამას საკუთარ მაგალითზე ამბობ?

რა თქმა უნდა – „ნიჭიერის“ სცენაზე დგომა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დიდი ხანია, პატარაობის შემდეგ, არ ვმდგარვარ ამხელა სცენაზე, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მიზეზი მაინც ის ნოსტალგიაა, რომელიც ამ სცენას ჩემთვის მოაქვს – როცა 11 წლის ასაკში „ნიჭიერში“ გამოვედი, პირველად მნახა ჩემმა ტყუპისცალმა დამ, თაკომ. ამ ვიდეოთი გაჩნდა ეჭვი და მიხვდა თაკოც და მისი ოჯახიც, რომ რაღაც ხდებოდა… დღეს კი, „ნიჭიერში“ გასვლის წინ ყველაზე მეტად სწორედ თაკო ნერვიულობდა და გამოსვლის წინ პირჯვარი გადამწერა, აბა, შენ იციო. გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ყოველთვის მამხნევებს და შემიძახებს, მეუბნება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რაც არ გამომივა… როცა მას პირველად შევხვდი, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. მეგონა, რომ ცუდი რამ მოხდა, მაგრამ რეალურად, თურმე, შეიძლება, ცუდი გეგონოს და კარგი აღმოჩნდეს – ის ბედნიერება, რაც ერთი შეხედვით ცუდ ამბებს მოსდევს, უფრო გრძელვადიანი აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში. ამიტომ ჩემი მესიჯი არის ის, რომ ცუდმა არასდროს უნდა შეგაფერხოთ, თუ ერთ დღეს ცხოვრება ჩამოგენგრევათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინ არაფერი კარგი არ გელოდებათ…

როცა საბოლოოდ ვიპოვე ჩემი და გავარკვიეთ, რომ ტყუპები ვართ და ნაშვილები ვართ, იმ მომენტში უცებ დამარტყა, რომ რაღაც შეიცვალა. ბევრს ვფიქრობდი იმის შესახებ, ვისი შვილი ვარ, რატომ მოხდა ეს, მაგრამ ამ ცუდთან ერთად მივხვდი, რომ ბევრი კარგი რამ მოვიდა, თაკოს შემდეგ კიდევ ვიპოვე ძმა და ორი და. ჩემი ცხოვრება ამ ისტორიამ რადიკალურად შეცვალა. მქონდა „ბი-ბი-სისთან“ თანამშრომლობის ფუფუნება და ასევე ისიც, რომ „ვორნერ ბრაზერსს“ ჩვენზე ფილმი გადაეღო… ამის ფუფუნება არ მექნებოდა, რომ არა ის ისტორია, რომელიც მე და ჩემს დას გადაგვხდა…

„ბი-ბი-სიმ“ შენზე და შენს დაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო…

ამ ტელეკომპანიასთან თავიდან თამუნა მუსერიძეს ჰქონდა მოლაპარაკებები, მის მიერ მოყოლილმა ამბებმა ისინი შოკში ჩააგდო, მაგრამ შემდეგ თამუნამ ჩვენი ამბავი მოუყვა და კიდევ უფრო მეტად ჩავარდნენ შოკში. ჩვენს ამბავზე თავიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და დოკუმენტური ფილმი მოამზადეს. ამჟამად ეს ფილმი ერთ-ერთი ფესტივალის ფინალისტია. სწორედ ამ ფილმის საშუალებით შევხვდით ჩვენს ბიოლოგიურ დედას… ამ ფილმმა მოგვცა შანსი, ჩვენი ისტორია საბოლოოდ შეკრულიყო…

ბიოლოგიურ დედასთან ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ბიოლოგიურ დედასთან არაფერი ხდება. მე მყავს ოჯახი, დედა, ბებია, ბიძაშვილები, ბიძა, ვინც იღებდა ჩემს აღზრდაში მონაწილეობას… რთულია, მიიღო ის ადამიანი, ვინც უბრალოდ გაგაჩინა და არ გაუზრდიხარ. მესმის, რომ დედა არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც ძნელია უცხო ადამიანის მიღება.

გვაქვს კარგი ურთიერთობა, მოკითხვა, საუბრები, მაგრამ დედობას ვერ გაგვიწევს, რადგან ორივეს, მეც და თაკოსაც, ჩვენ-ჩვენი ოჯახი და დედა გვყავს. მე და თაკომ პატიების მომენტი გადავლახეთ და ვაპატიეთ… ადამიანური მომენტია, რომ გაუგო, რომ რაღაც ვერ შეძლო და ბოლომდე ვერ დაგიცვა, ასე რომ ვთქვათ. სხვა განვითარება ამ ამბავს და ურთიერთობას ვერ ექნება და ამას თავადაც ხვდება და ჩვენც ვხვდებით…

ანა, ამ ყოველივეს ბოლომდე გადალახვა და მიღება შესაძლებელია?

ბევრს გაუჭირდებოდა ამის ბოლომდე გაანალიზება და არც მე ვარ გამონაკლისი. ლოგიკურიცაა, ამ თემას მთელი ცხოვრება ვერ გადახარშავ, რთულია, ძალიანაც რომ მოინდომო, იმის გააზრება, რომ გაყიდული ხარ. ჩვენ მამის ჩარევის შედეგად გავშვილდით. მძიმეა იმის გააზრებაც, რომ უცხო ადამიანებთან იზრდებოდი. როცა გეგონა, რომ დედისერთა იყავი, ჰოპ და ჩნდება და, მერე კიდევ ორი და და ერთი ძმა.

ახლა ნელ-ნელა უფრო მეტად ვაანალიზებ იმას, რაც თავს გადამხდა, მაგრამ მაინც მჭირდება ხოლმე ამის გახსენება, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ალბათ, მთელი ცხოვრება ვიფიქრებ და გადავხარშავ…

თუმცა, როგორც ვხვდები, შენს ცხოვრებას უბრუნდება ჩარჩო და გაქვს ახალი მიზნები და ამოცანები…

როცა ჩემს დას შევხვდი, მაშინ სხვა მიზანი არ მქონია, ბიოლოგიური ოჯახის მოძებნის გარდა. რაღაც მომენტებში ხელიც ჩამიქნევია, რომ არაფერი გამომივიდოდა და მქონია უკანსვლა, უნივერსიტეტში სწავლასაც ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას, ფიქრები სხვა მხარეს მქონდა მიმართული. და რომ ვიპოვე, ამან უფრო მეტი სტიმული მომცა. ჩემი და ჩემი ცხოვრებისეული წინამძღოლია. ცხოვრებაში სხვაც ბევრია ასეთი ადამიანი: შეყვარებული, და-ძმა, აღმზრდელი ოჯახი…

თაკოს გარდა, შენს სხვა დებთან და ძმასთანაც ასეთივე ურთიერთობა გაქვს?

ჩვეულებრივი და-ძმობა გვაქვს, უკვე მიღწეული გვაქვს იმას, რომ და-ძმური ურთიერთობა გვქონდეს, თუმცა სხვა და-ძმა ალბათ არ მიწყენს, ამას რომ ვიტყვი, თაკო ჩემთვის განსაკუთრებულია…

„ვორნერ ბრაზერსის“ ფილმი ახსენე. როდის გვექნება ნახვის საშუალება?

„ვორნერ ბრაზერსმა“ გადაიღო პროექტი სახელწოდებით Woman At The End Of The World, ერთ-ერთი სერია კი არის ჩემზე და ჩემს დაზე. პროექტი ანახებს იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ ქალები და რამდენ რამეს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უფრო უკეთესი. მაყურებელს ანახვებს, რომ არ არსებობს ის, რაც ქალებს არ გამოგვდის. ეს ინსპირაციაა იმისთვის, რატომაც მე და ჩემმა დამ დავიწყეთ საუბარი ამ თემაზე. საჯაროდ თამუნა მუსერიძის გარდა არავის ულაპარაკია, მეორეები აღმოვჩნდით მე და ჩემი და. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრ ადამიანს მისცა სტიმული, რომ დაეწყო ძიება. „ვორნერ ბრაზერსის“ ფილმი ჩვენ შესახებ 22 სექტემბერს გამოვა…

„ნიჭიერში“ მონაწილეობის შემდეგ, საზღვარგარეთ სხვა საერთაშორისო პროექტებს ხომ არ უმიზნებ, როგორც მოცეკვავე?

ბავშვობიდან ვფიქრობ წასვლაზე. საქართველო, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს და აქ ცხოვრებას ვაპირებ, მაგრამ მგონია, რომ უცხო ქვეყნის გამოცდილება უფრო მომგებიანი იქნება ჩემთვის, სადაც ბევრად განვითარებულია შოუბიზნესი და ცეკვის სფეროც. თუ უცხო ქვეყანაში წავალ და იქ მივიღებ გამოცდილებას, ჩემი აზრით, ჩემს ქვეყანას უფრო გამოვადგები. ყოველთვის მინდოდა წასვლა და საკუთარი თავის სხვა ქვეყანაში გამოცდა, მინდა, ჩემს ქვეყანას წარმატება მოვუტანო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები