ტელესახე და სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი წერს იმ მდგომარეობის შესახებ, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლოაბაში მისმა ფაქტობრივმა უმუშევრობამ გამოიწვია, ტელევიზიაში მწირი ჰონორარი არ ჰყოფნის, რომ ბინის გადასახადი დაფაროს და არ იცის, რა აჭამოს შვილს…
გთავაზობთ ანას სტატუსს სრულად:
„ეს პოსტი ჩემზეა. ვგრძნობ, რომ გრძლად შემომეწერება. ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს და გთხოვთ, რომ მხოლოდ მათ წაიკითხეთ, ვისაც ამ ქარიშხალში, რომელშიც ყველანი ერთად ვიმყოფებით, გეთმობათ დრო ჩემი ძალიან პირადი, ინტიმური, გულწრფელი გაზიარების მოსასმენად. თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ მთელი ეს ჩემი პირადი ამბავი აბსოლუტურად პოლიტიკურია (და ზოგადად, ყველაფერი პირადი პოლიტიკურია და პირიქით), ეხმიანება იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, იმ მისიას, რომელიც მე დავიკისრე (და ჩემს მსგავსად ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა ამ ქვეყანაში) და იმ ღირებულებებს, რომელთაც შესაძლოა მეტისმეტი პედანტურობითაც კი მივყვები, რაც თავი მახსოვს.
ბოლოდან დავიწყებ. მე არ ვიცი ხვალ რა ვაჭამო ჩემს შვილს. მე არ ვიცი როგორ გადავარჩინო ჩემი სახლი, რომელიც პირველად მაქვს, მე არ ვიცი როგორ გადავიხადო სესხი, რა ვაჭამო ჩემს მზრუნველობაში მყოფ ათ ცხოველს, როგორ ჩავასხა სკუტერში ბენზინი, იმისთვის, რომ აქციებზე სირბილი შევძლო (მითუმეტეს, როგორ გადავიხადო ტაქსის ფული, რომ ცუდ ამინდშიც შევძლო სახლიდან ჩამოღწევა, დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერაც კი). მე აღარ ვიცი, ვისგან ვისესხო ფული, იმიტომ რომ პირველ რიგში, არ ვიცი, როდის გადავიხდი უკვე დაგროვილ ვალებს და ამის ცოდნის გარეშე სესხება ვეღარ წარმომიდგენია).
წუწუნი გამომდის და მრცხვენია. მაგრამ ამავდროულად, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის გამო მე არ უნდა მრცხვენოდეს. ეს არ არის ის რეალობა, რომელიც მე დავიმსახურე (და ჩემს მსგავსად ალბათ ბევრმა თქვენგანმაც, ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობთ). მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ადამიანს. კონკრეტულ ადამიანებს ან საქმეებს, რაც ადამიანთა ჯგუფს ყოფას შეუმსუბუქებდა. ამაყი ვარ ამის გამო. ეს იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო ჩემი ერთადერთი შესაძლო პასუხი გარემოსგან წამოსულ იმპულსებზე ან ბიოგრაფიულ ბილიკზე, რომ ფეხზე ვმდგარიყავი, როგორც პიროვნება. ყოველთვის ვიცოდი, რომ ფულის შოვნა არ იყო ჩემი მიზანი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი პატიოსანი, თავდაუზოგავი შრომით, ჭკუით თუ ნიჭიერებით შევძლებდი ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას საკუთარი თავისთვის და ჩემი შვილისთვის. რეალობა კი არის ის, რომ ეს დღე ვერასდროს ვერ დადგა. ხო, სახლი მაქვს, უკარგესი, უსაყვარლესი, მართლა ნავსაყუდელი და ვიცი, რომ ბევრისთვის ეს მოცემულობაც ფუფუნებაა, და ამის გამოც მრცხვენია. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ სახლისთვის მე უზარმაზარი სესხი უნდა გადავიხადო უამრავი წლის განმავლობაში. რეალობაა, რომ ამ სესხის გარანტიად ჩემი მშობლების სახლია მიძღვნილი. სულ რომ ჩემი სახლის გაყიდვა დამჭირდეს, ჩემს მშობლებს ამაზე ნერვიულობა არასდროს მოუწევთ, მაგრამ ჩემთვის ეს წნეხი ძალიან დიდი და რეალურია. რეალობაა ის, რომ მიუხედავად ჩემი მიღწევებისა (როგორც შეიძლება ჩაითვალოს და იდეაში, არის კიდეც), მე ვერასდროს უზრუნველვყავი ჩემი შრომის შესაბამისი ანაზღაურება საკუთარი თავისთვის (რომ დამეპრიორიტეტებინა, შევძლებდი, დამიჯერეთ). რეალობაა ისიც, რომ საქმისადმი თავგანწირული მიძღვნის ფონზე, მე დიდხანს ოდნავადაც ვერ მოვიცალე საკუთარი ცხოვრებისთვის, მომიწია ნდობა გამომეცხადებინა როგორც აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანისთვის, შედეგად კი ბევრი წლის განმავლობაში ამ ჩემი ხელფასით სესხის და ქირის ერთად ხდა, ხელფასის ამოწურვის გამო, ისევ სესხის ფულის ჭამა და მერე ისევ სესხის დამატება მომიხდა რამდენჯერმე.
შესაძლოა შეცდომა ბევრი დავუშვი, მაგრამ ჩემი მთავარი „შეცდომა“ ყოველთვის იყო საკუთარი თავის უკანა პლანზე გადაწევა და სრულიად არაადეკვატური შესკდომა იმისთვის, რისიც მწამდა. არადა, ეს მაქცევს ყველაზე მეტად საკუთარ თავად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. აი ახლაც, როცა სულს უნდა ვღაფავდე, არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში მერამდენე წრეზე, მაგრამ კვლავ ზღვა ენერგიით ვარ სავსე, ზღვა რწმენით, ზღვა იდეით და ვარ ყველაზე მეტად საკუთარი თავი. არ ვიცი, ამას ალბათ მე და ჩემი თერაპევტი განვიხილავთ კიდევ უფრო კარგად, რა ჯანდაბად ვარ ასეთ დროს ყველაზე მეტად ჩემი თავი და რატომ არ და ვერ ვიღებ სხვანაირ საკუთარ თავს, რატომ ვკვდები აპათიით, მოწყენილობით, უენერგიობით და რაც მთავარია, დანაშაულის გრძნობით, როცა ამ როლში არ ვარ და რატომ ვერ ვაძლევ საკუთარ თავს საშუალებას, რომ უფრო კარგად გავიცნო და შევირგო ჩემი თავის დასვენებული, მშვიდი, შემოქმედებითად სავსე, მომღერალი, მოცეკვავე, მოთამაშე, მოტრფიალე, ლაღი თავი, რომელიც ასევე არსებობს მთელი თავისი ჩუქურთმებით, მაგრამ ვერასდროს გაიხარა, ვერასდროს მოიპოვა საკუთარი თავისგანვე არსებობის უფლება.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო, უკვე მეოთხე თვეა, რაც ფაქტობრივად უმუშევარი ვარ. ჩემი ერთადერთი შემოსავალი ტელევიზიის მწირი ჰონორარია, რომელიც სესხის ნახევარს ვერ სწვდება. გულწრფელი რომ ვიყო, ნაწყენი და გაბრაზებულიც ვარ ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ჩემი აზრით უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ მე ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავი დღეს. მაგრამ მადლიერიც ვარ მათი ამ საინტერესო გამოცდილებისთვის. მართლა, გულწრფელად. და ეს მადლიერების შეგრძნება ფარავს ნეგატიურ ფიქრებს. მადლიერი ვარ დედობის მეტი შესაძლებლობისთვის, რომელიც თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც მომეცა. სამწუხაროდ, ყველაზე არახელსაყრელ დროს დაემთხვა ჩემი ცხოვრებისეული ქარტეხილები და გარდატეხები (რაც თავის მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო). არჩევნებამდე ძალიან ბევრი ორგანიზაცია (ჩემთვის ახალ, ექსპერიმენტულ სფეროებშიც) დიდი სიხარულით და ინტერესით შეხვდა ჩემთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მაგრამ ელოდნენ კრიზისის გადავლას, ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლას და ქვეყნის სტაბილურობის დაბრუნებას ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად. ახლა ისინი ბევრად მძიმე კრიზისის წინაშე დგანან… სამსახურის ძიებისას ფილტრი მეც ძალიან დიდი მაქვს და ამ ფილტრის შეცვლას არ ვაპირებ, რაც არ უნდა მოხდეს. თავისუფლების ხარისხი და ღირსეული საქმე არის მთავარი კრიტერიუმები, რასაც სასიცოცხლოდ ვსაჭიროებ ნებისმიერი სამსახურის განხილვისას. ესეც სერიოზულად მივიწროვებს არჩევანს (ამიტო მოღალატეობრივ ჯგუფებთან ასოცირებულო ადამიანებო, თქვენ მე გულს ნუ ამიჩუყებთ სამსახურის დაკარგვის შიშებით. ჩემთან არ გამოგივათ). თუმცა იყვნენ ორგანიზაციები, რომლებთანაც მიმაჩნდა, რომ ღირებულებითი თანხვედრაც მქონდა და სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ საკმაო ფინანსური რესურსი, თუმცა სამწუხაროდ, მათ არ (ან არასათანადოდ) გამოიყენეს ჩემი ადამიანური რესურსი იმავე საქმის (ჩვენი საერთო საქმის) საკეთებლად, რასაც ისედაც, ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშეც ვემსახურები.
საინტერესო კი ამ მოცემულობაში ისაა, რომ რეალურად ჩემი შრომა არის უდიდესი, ჩემი შრომა, როგორც მარტოხელა დედის, ცხოველების შემფარებლის, უფლებადამცველის და უბრალოდ მოქალაქის – არის უწყვეტი, გადის პირდაპირ ჩემს სხეულზე, ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე და ეს შრომა არის სრულიად შეუფასებელი. მე ვითვლები უმუშევრად, მაგრამ ვმუშაობ ორი-სამი გამართული ადამიანის დატვირთვით. ასე ვიქნებოდი დაბალი შემოსავლის შემთხვევაშიც, ღირსეული შემოსავლის შემთხვევაშიც და ასე ვარ ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშეც. თუმცა როდემდე შევძლებ ამას, არ ვიცი. როდის მომიწევს უბრალოდ გამოვეთიშო ამ ბრძოლას, გავყიდო სახლი და წავიდე ემიგრაციაში, არ ვიცი. მეტიც, როდის შეიძლება ცემით მომკლან ან ციხეში გამომკეტონ, არ ვიცი და ეს რისკი რეალურია. ესეც ჩემი გააზრებულად გაღებული მსხვერპლია, რომელთანაც ახლა ჩემი ათიათასობით თანამებრძოლი აიგივებთ თავს – ეს თქვენთვისაც ნაცნობი გამოცდილებაა. მაგრამ ასეთი გამოცდილება წლების განმავლობაში განგრძნობითად ბევრ თქვენგანს არ ჰქონია და იმედი მაქვს, არც გექნებათ. ჰქონიათ ჩემს ერთეულ კოლეგებს და თანამებრძოლებს და ყველაზე მეტად ქვიარ თემის წარმომადგენლებს – ბეეევრი წლის განმავლობაში. მე სისტემის გემრიელი ლუკმა ვარ. ადამიანების ნაწილს დააჯერეს, რომ მე ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მტერი ვარ. ისიც დააჯერეს, რომ ყველაფერი რაც მიკეთებია, ფულის გამო მიკეთებია. აი ამ ბოლო დღეებში, ჩემმა ძვირფასმა ნათესავმა, რომელსაც ვუყვარვარ და ჩემით ამაყობს (ოღონდ მგონი ჩემი ცნობილობით ამაყობს რეალურად და არა შინაარსით, რაც მე თან დამაქვს), პოლიტიკურად ანგაჟირებული მიწოდა – თავად პოლიტიკაზე და მხარეებს შორის დაპირისპირებაზე მაღლა დგომის მანტიით. პოლიციელმა კი, როგორც კი ამომიცნო თავგატეხილ ადამიანზე გადაფარებული – ქრისტიანობის სახელით გადამიარა, საშიში სიძულვილით და ზიზღით. ეს ორივე ჩემთვის მტკივნეული ამბავი არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც მიზანმიმართულად აწარმოებს რუსული ძალა ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემი თავგანწირვების შედეგიც. მაგრამ არა, ჟანა დარკობა არ ყოფილა ჩემი არჩევანი. მე მინდა, რომ ჩემი გაღებული მსხვერპლი ფასდებოდეს. სულ მცირე იმათგან, ვისაც ეს შეუძლია. სულ მცირე ისე, რომ მე ამ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრი არ მიწევდეს. ქვეყნის, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ადამიანების, რომლებსაც სულს ვანაცვალებ და სახლის, რომელიც ჩემია.
მეტისმეტად გავშიშვლდი ახლა და თან აშკარად მჭირდებოდა, თან უხერხულობის განცდამ მომიცვა და თანაც სიამაყემ, რომ ამოდენა გულწრფელობას ვახერხებ თქვენთან. ბევრის თვალში იდიოტი ვარ ამ ჩემი გამოცდილებების გამო, შეიძლება ვარ კიდეც ცოტა )) მაგრამ აშკარად, სხვაგვარად არ ძალმიძს. აი ასე იდიოტურად მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც ამ ქვეყანასთან მაკავშირებს. და ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მთავარ ბრძოლაში ჩემი ქვეყანა არ გამიცრუებს იმედებს და მეც ვიქნები ამაყი, რომ მას კიდევ ერთხელ, მართლა გამოვადექი