LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა: „კარანტინში იმდენი რამის მოსწრება მინდა, მგონი, პანდემია ამდენ ხანს არ გაგრძელდება…“

825
ana-tkebuchavasnewssw

მსახიობი ანა ტყებუჩავა კარანტინის დღეებს ქმარსა და ორ შვილთან ერთად ატარებს და როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, მოწყენას ნამდვილად ვერ ასწრებს. ბავშვების მოვლა–პატრონობასთან ერთად, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი საღამოს, გვიან, ან დილას ადრე იმასაც ახერხებს, რომ უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებს გაეცნოს და ნახოს სერიალები, რომლებიც ასე ძალიან უყვარს.

ანა ტყებუჩავა:

მგონია, სახლში ყველა დაახლოებით ერთსა და იმავე რამეს აკეთებს, უბრალოდ, ის განსხვავებაა, რომ ვიღაცები მშობლები ვართ, ვიღაცები – შვილები. მშობლებს უფრო გაგვიმართლა, რადგან სხვაზე ზრუნვა გადარჩენის ერთ–ერთი საუკეთესო გზაა. რაც უნდა ცუდად იყო, როცა სხვისთვის ხარ საჭირო, მასზე ხარ გადართული. თან, ოჯახი, შვილები, შენი არჩევანია და იძულებული ხომ არ ხარ. შეიძლება, 24 საათი ბედნიერი არ იყო, რომ ხან ცხენს განასახიერებ და ხან სხვა ცხოველს (იცინის), მაგრამ საბოლოო ჯამში შვილებთან ურთიერთობა ძალიან დიდი ენერგიას გაძლევს. გადაღებაზე რამდენიმე დღით გავედი  და ისე მომენატრა ჩემი ოჯახი, მეგონა, საუკუნე არ მინახავს. სანამ სახლში მოვიდოდი, მირეკავდნენ, დედა, როგორ ხარო. ძალიან მიეჩვივნენ, რომ შინ ვართ. 6 და 3 წლის შვილები მყავს. ბებიები ძალიან უყვართ. ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ მხოლოდ პირბადეებით ვნახეთ ეზოში რამდენიმეჯერ. მაქსიმალურად ვიკავებთ თავს ოჯახის წევრებთან კონტაქტისგან, რადგან ჩემი ძმა მაგალითად შვილს ელოდება, ჩემს მშობლებს საშუალო ასაკისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მათ უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე საკუთარ თავს.

შეზღუდვები როგორ მიიღე?

თითზე ჩამოსათვლელად, სულ სამჯერ, ამას რა დამავიწყებს, გამოვედი აივანზე და ღრმად ვსუნთქავდი. უცებ იმ მომენტში მივხვდი, რომ გარეთ გასვლაც არ მშველოდა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა კომენდანტის საათის მოხსნა, რადგან ფსიქოლოგიურად შესაძლოა, ხალხისთვის შვება მოეტანა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საშიშროების წინაშე შეიძლებოდა დავმდგარიყავით. კომენდანტის საათი ასეთ დროს ალბათ საჭიროა. ამას წინათ მე და ანი ჩირაძე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ამაზე შევთანხმდით. საერთოდ, კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუ კანონი რაიმე აბსურდულს არ უკავშირდება. ძალიან ცოტა მოგვეთხოვება – რომ ვიყოთ ჩენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ცოტა ხანს. ამ დროს ვერ დავიბრუნებთ და ვიყოთ, რაა (იღიმის).

კმაყოფილი ხარ, როგორ იცავენ საქართველოში წესებს ადამიანები?

ხანდახან მაქვს შეგრძნება, რომ მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანი ვართ შინ. მიკვირდა, როცა ამდენი მანქანა დადიოდა მაშინ, როცა მანქანებით სიარული აკრძალული იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა მაინც იცავს წესებს. ოპტიმისტი კი ვარ, მაგრამ არ მგონია, რომ რამდენიმე თვეში ქუჩაში ძალიან განსხვავებული ადამიანები გავალთ, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, რა არის პანდემია და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. უამრავი ტერმინი დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკონში. ამბობენ, რომ კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, თუმცა ერთ დღეს რომ ყველანი მოვკვდებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა უნდა გავიქცეთ და მანქანას შევუვარდეთ. ვიღაცას შეიძლება შეხვდეს, ვიღაცას – არა. ეს უნდა იყოს მართული პროცესი. მგონია, რომ დროთა განმავლობაში ვირუსი დასუსტდება და შეიძლება, მართლა ისე გადავიტანოთ, რომ ნაკლები პრობლემები შექმნას, ისევე, როგორც ღორის გრიპი გადაიტანა ბევრმა.

რამის რადიკალურად შეცვლას არ ელოდები?

აი, მაგალითად, ადამიანებთან შეხვედრა ხომ გვენატრება, მაგრამ გადაღებაზე რომ ვიყავით, ზოგიერთი მაინც ტელეფონში იყო ჩამძვრალი. ადამიანებს ერთმანეთთან უნდა ჰქონდეთ სალაპარაკო თემა, საერთო ინტერესი, რომ იურთიერთონ, ვისაც არა აქვს სალაპარაკო, ისინი აუცილებლად კიდევ ჩაძვრებიან ტელეფონში და ჩამოსქროლავენ. შეიცვლებიან ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებულად დახვეწილები და განათლებულები ვერ გამოვალთ კარანტინიდან. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვამბობ. ეს პერიოდი ჩვენს ცხოვრებაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას, მაგრამ სამ თვეში აქედან სხვა ადამიანად გარდასახული ვერ გამოვალ… ბევრი ისეთ რაღაცაზე ნერვიულობდა თავიდან, როგორიც მაგალითად წონის მომატებაა. ეს არ არის სანერვიულო, როდესაც ასეთი დიდი პრობლემა გაქვს. საერთოდ, ერი თუ მიხვდება, რომ ერთმანეთს არ ეძახოს, გასუქდი, გახდი, რას ჰგავხარ, გამელოტდიო, უკეთესი იქნება. ყველამ საკუთარ თავს მივხედოთ.

ამ პერიოდის განმავლობაში რა წაიკითხე, რას უყურე?

თავიდან, როცა მკაცრი შეზღუდვები შემოვიდა, ვერც მეგობართან გავდიოდი, ვერც სხვაგან, ბიბლიოთეკაც არ არის ღია, არც წიგნის მაღაზია, თან, წიგნს ხო არ დასპირტავ?!. რომ დავრწმუნდით ერთი–ორი კვირა, რომ ჯანმრთელად ვიყავით, მეგობრებისგან ვითხოვე წიგნები, გი დე მოპასანით დაწყებული მიშელ უელბეკით დასრულებული. სახლში დიდი ხნის განმავლობაში მედო საქართველოს ისტორიის ახალი გამოცემა, როგორც იქნა, გავეცანი. ძალიან ვისიამოვნე ჯეინ ოსტინით, ასევე ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“ წავიკითხე. ახლა მინდა, სხვებს ვათხოვო და მე სხვა გამოცემები მოვიძიო. მოკლედ, ბევრი რამის მოსწრება მინდა, მგონი, პანდემია ამდენ ხანს არ გაგრძელდება.

ისიც მსურს, რომ კარანტინის დრო წონის შენარჩუნებასაც დავუთმო, ვვარჯიშობ და მინდა, ტონუსში ვიყო, სხეული გავიმკვრივო. აკვააერობიკის გაკვეთილებსაც დაგვიდებენ ალბათ ზაფხულში.

რაც შეეხება იმას, რას ვუყურებ – გუშინ საღამოს დავამთავრე „ქაღალდის სახლი“ და ძალიან მოვიხიბლე. „სამშობლოს“ ვუყურებ ხუთი წელია და ბოლო სერია, როგორც იცით, ახლახან გამოვიდა. მეცინებოდა და ვამბობდი, შვილს რომ ათხოვებ, ისეთი შეგრძნება მაქვს–მეთქი. ბოლო სერიის ნახვისას ოჯახის წევრებს ვთხოვე, არავინ მელაპარაკოს, ძალიან მნიშვნელოვანი დღ დადგა ჩემს ცხოვრებაში–მეთქი (იცინის). მიყვარს სერიალები, თავადაც სერიალის მსახიობი ვარ, ასე მოხდა, რომ არც ერთ თეატრში არ დავჭირდი არავის… სერიალით შემოვიფარგლე… (იცინის). მოკლედ, ვალდებული ვარ, ჩემს სერიალსაც ვუყურო და ბევრ სხვასაც. ვნახე სერიალი „უცხო“ და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ასევე ჟურნალისტების შესახებ ჯენიფერ ენისტონის მონაწილეობით სერიალსაც ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჟურნალისტიკა პოლიტიკაზე არანაკლებ რთული სფეროა. ადრე ვნახე ასევე დექეტივი, შვედურ–დანიური, რომელსაც ჰქვია „ხიდი“ და ძალიან მომეწონა. კარგი იუმორით არის დატვირთული სერიალი Fleabag.

როდის ახერხებ ამ ყველაფრის წაკითხვას და ნახვას?

ღამე დაძინების წინ ან წიგნს ვკითხულობ და ან სერიალს ვუყურებ, გააჩნია, რისი განწყობა მაქვს. ზოგჯერ არც ერთის განწყობა გაქვს და არც მეორესი, რადგან ყველაფერს გემო ეკარგება. დილით კითხვა ძალიან მიყვარს. როცა გაიღვიძებ და ლოგინში ყავას მომაწვდიან, ან მე მოვიდუღებ, ჩემი ქმარი ასაუზმებს ბავშვებს და მათთან თამაშობს, შემიძლია, ლოგინდშ ყავა მივირთვა და წავიკითხო. ეს ფანტასტიკურია. თუკი კარგი ამინდია, აუცილებლად გავდივარ აივანზე და იქ ვკითხულობ. ძალიან მიყვარს კითხვა ვარჯიშის შემდეგ, რადგან სხეული დაღლილია და მხოლოდ ტვინი შეგიძლია დააკავო. მაინც ვფიქრობ, რომ გონების გათიშვის ყველაზე კარგი საშუალება არის წიგნი და სხვას ვერაფერს შევადარებ. რადგან ბავშვების რეჟიმში ვარ, თუ სძინავთ ან თამაშობენ ან მიირთმევენ, მაქვს გარკვეულხნიანი პაუზები ჩემი თავისთვის. ახლა, როცა ინტერვიუს ვწერთ, კარებზე არიან მოწებებულები. დამსდევენ ოთახიდან ოთახში და სულ უნდათ, რაღაც გამიზიარონ და მაჩვენონ.

ბევრმა ამ კარანტინის დროს კულინარია მოსინჯა.

მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვინც კვერცხის შეწვა არ იცოდა და ახლა დაიწყო. კვერცხს რვა წლიდან ვიწვავ და  ცომეულსაც ვაცხობ, უბრალოდ, ახლა ცხობაზე კატეგორიულ უარს ვამბობ, რომ წონაში არ მოვიმატო. ახლა ჯანსაღ კვებაზე ვართ გადასულები. ნინო გაჩეჩილაძემ მითხრა ამას წინათ, უნდა გამოგიწვიო კულინარიულ შეჯიბრებაშიო და ვუთხარი, არც გაბედო ეგ, დღის განმავლობაში იმდენ საჭმელს ვაკეთებ, ვნახოთ, თუ მომიგებ–მეთქი (იცინის). ადრე მეტ–ნაკლებად გარეთ ვჭამდი, ახლა უფრო მეტად შემიძლია რაციონის დაბალანსება. მეუღლეს ორი კვირის ინგრედიენტებს ვუწერ, რაც უნდა მოიტანოს. ყოველთვის არ ხარ მომზადების განწყობაზე, მაგრამ როცა ოჯახი გყავს, უნდა შეძლო. ახლა „დავამუღამე“ სტეიკების შეწვა. ადრე უფრო შეშინებული ვიყავი ამ მხრივ, ბოლო ისეთი მაგარი გამომივიდა, რომ მეუღლისგან კომპლიმენტი დავიმსახურე.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები