ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მსახიობი, ანა ტყებუჩავა გვესაუბრება იმ ჭორების შესახებ, რომლებიც პოპულარული სერიალის 11 წლის თავზე დახურვას ეხება. მისი თაყვანისმცემლები 9 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ იკრიბებიან და ძველი სერიების ჩვენებას აპირებენ. მსახიობებს კონტრაქტები ერთი თვით ადრე შეუწყვიტეს. როგორც ამბობენ, ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ, გაგრძელდება თუ არა სერიალი. „ჩემი ცოლის დაქალებს“ მსგავსი პრობლემა აქამდეც შეჰქმნია, თუმცა „ფორმულა კრეატივმა“ ყოველ ჯერზე მოახერხა სერიალის გადარჩენა…
ოფიციალურად თუ გამოგიცხადეს, რომ სერიალი აღარ გაგრძელდება?
ანა ტყებუჩავა:
არავის გამოუცხადებია. ეს ის შემთხვევაა, როცა ჭორებმა ოფიციალურ განცხადებას გაუსწრო. საერთოდ, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სხვამ უფრო მეტი იცის შენ შესახებ, ვიდრე თავად შენ (იღიმის). ბუნებრივია, ეს ჭორები უსაფუძვლო არ არის, რადგან სეზონი დროზე ადრე დამთავრდა. როცა ასეთი შემთხვევა გვქონდა, იგივე პრობლემის წინაშე ვიდექით. თავად „ფორმულა კრეატივს“ არ გაუკეთებია განცხადება. ჩვენც ახლო მომავალში ვაპირებთ შეხვედრას, რომ დავილაპაროთ. არანაირი კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. თუ არაფერი შეიცვალა, თუ არ გამოჩნდნენ ადამიანები, დაფინანსება, თუ სწორად არ შეაფასებენ ამ პროექტის ფასეულობას, ალბათ, როდესღაც ჩაითვლება, რომ მისი გაგრძელება არ არის საჭირო. ამ საკითხში არ ვარ ღრმად ჩახედული, ამას ყოველთვის ჩვენი დირექტორები და პროდიუსერები აგვარებდნენ ხოლმე. ჩემი მეგობრები, ვინც გაიგო ეს ჭორები, მირეკავენ და მწერენ. უნდა ნახოთ, რა ხდება ჩემს ინბოქსში. ვცდილობ, არავინ დავტოვო უპასუხოდ, მაგრამ რეალურად პასუხი თავადაც არ ვიცი.
ნინო ღონღაძე ავრცელებს კადრებს, თუ როგორ იღებდნენ ზემოხსენებულ სცენას.
ვიდეო: როგორ იღებდნენ „ჩცდ“-ში მაქსიმესა და სოსოს ჩხუბის ეპიზოდს - კადრები კულისებიდან
როგორც ცნობილია და არაერთხელ უთქვამთ თავად მის შემქმნელებსაც, ეს სერიალი იაფი სიამოვნება არ არის…
ნამდვილად ასეა. იმდენად მასშტაბურია და იმდენი ადამიანი მუშაობს მასზე, კვება, ბენზინი, ლოკაციები – სულ რომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბროთ, ფუფუნებაზე არ იქნება საუბარი, ეს არ არის ლაქშერი და არავინ მიიჩნევს, რომ ვინც აქ მუშაობს, სუპერვარსკვლავებივით უნდა ვიცხოვროთ, თავისთავად ასეა – ყველაფერს სჭირდება გარკვეული ფინანსები. ჩემი მხრიდან არასერიოზულია სერიალის დახურვაზე კომენტარის გაკეთება, რადგან პირადად ჩემთვის არავის არაფერი გამოუცხადებია. ყველა ჩვენგანმა მოვაწერეთ ხელი კონტრაქტების შეწყვეტას, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ყველა სეზონის ბოლოს ისედაც ასე იყო, უბრალოდ, საქმე ისაა, რომ სეზონი შეწყდა ერთი თვით ადრე და ეს იყო სიურპრიზი ჩვენთვის. ყველა ასეა – განა მხოლოდ მე არ ვიცი არაფერი. იციან მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვინც მუშაობს ამ საკითხზე.
როგოც ვხვდები, სერიალის გადარჩენაზე მიდის მუშაობა…
ალბათ, სწორი ასე თქმაა – ცდილობენ, სერიალი გადარჩეს.
აქციას, რაც დაიგეგმა, მსახიობებთან არანაირი კავშირი არ აქვს?
არა, ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ამ ადამიანებს. ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ადამიანებისთვის ეს სერიალი ძვირფასია. „ჩემი ცოლის დაქალების“ გარდა, სხვა სერიალებს ადამიანები რა თქმა უნდა, უყურებენ, მაგრამ ეს იმდენად ქართულია, შენია მენტალურად, იუმორით, ტრაგედიებითა და დრამებით, რომ… ამ სერიალმა სხვანაირი ხასიათი მიიღო.
გეთანხმები, რომ სოციალურ პროექტად იქცა… გიფიქრია „ჩცდ“-ს გარეშე როგორი იქნება შენი ცხოვრება?
ადრე უფრო მიფიქრია, მაშინ უფრო ემოციებში ვიყავით. თუმცა ახლა, როცა მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, როცა შეიძლება დავიხუროთ – „მგელი მოდის, მგელი მოდის“, ამას ჰგავს… პირველ ჯერზე ელდა მეცა, რადგან ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ და ვისთან ერთადაც ვაკეთებ, მეორედ ვინერვიულე, მესამედ წავედით, ვიქეიფეთ და დავთვერით… მერე ადამიანი ეჩვევი პრობლემებს. როგორც იქნება, იმას მივიღებ, რა თქმა უნდა, გული დამწყდება. საერთოდ რომ მოხდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ.
შეხვედრა როდის იქნება?
დაანონსებულია, რომ როგორც კი რაღაც გაირკვევა, აუცილებლად შედგება შეხვედრა. ეს მოლაპარაკებები უნდა მივიდეს საბოლოო წერტილამდე, რომ სერიალი გადარჩეს. არ მინდა, ჩემი კომენტარი მოვლენებს წინ უსწრებდეს, ამიტომ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სერიალი იხურება თუ არა. ძველი გამოცდილებიდან ვხვდები რაღაცებს – თავად სერიალი დადებდა საკუთარ გვერდზე, გადაწყვეტილად რომ იცოდნენ დახურვის ამბავი. არც მაყურებლისთვის უცნობებიათ, არც ჩვენთვის. ამ საკითხზე ძალიან ძლიერი მუშაობა მიდის, როგორც მე ვხვდები. კარგ ამბავსაც და ცუდსაც გაგაგებინებთ, როგორც კი თავად გვეცოდინება…
„ჩემი ცოლის დაქალები“ დაიხურა – „არ დავუშვებთ ჩვენთვის ტრადიციად ქცეული სერიალის ასე დასრულებას!“
მაყურებელი „ჩცდ“-ს ფინალური სერიების მოლოდინშია: „ეს უკვე საშინელებათა ჟანრია…“