LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

146

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, ექიმების მოთხოვნით, შიმშილობა შეწყვიტა.

ამის შესახებ განცხადება, წითლიძემ ექიმებთან და მის თანაგუნდელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

აღნიშნულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ მადლობა გადაუხადა ყველას გულშემატკივრობისთვის და თქვა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა პრეზიდენტსაც, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და სად შედგა ეს შეხვედრა.

„პირველივე დღიდან არ მქონდა იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა.

ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე და ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს საზოგადოება. არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს.

მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის.

ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი – ჩვენ უნდა ვაშენოთ მეტი ხიდი და არ პირიქით.“ – თქვა ანა წითლიძემ.

ენდოკრინოლოგის, ლალი ჯავაშვილის განცხადებით, ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. წითლიძეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, დეპუტატი ანა წითლიძე 12 დღე შიმშილობდა.

 

 

 

 

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g